დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მოდური კუდაბზიკობა
2011/11/07 13:56:03

დღევანდელი თინეიჯერების ჩაცმულობა თავისუფალი, ჭრელი და მოდურია, რაც ხშირ შემთხვევაში, უფროსი თაობის განხილვის მთავარი თემაა. ახალგაზრდების ჩაცმულობას პირველ რიგში, კედები, ჯინსები და ფერადი აქსესუარები შეადგენს, თუმცა ხშირად შევხვდებით „ბუტილკა“ შარვლებს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, დიდ ჩანთებსა და, რაც ყველაზე მთავარია, წითელ პომადას.

საქართველოში თინეიჯერების უმეტესი ნაწილი მოდას იმდენადაა აყოლილი, რომ, საბოლოო ჯამში, გასაკვირი არცაა, საღამოს კაბითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გამოწკეპილ გოგონას ფეხბურთის მოედანზეც თუ შევხვდებით.

თვალი შევავლოთ ზოგიერთი ქართული სკოლის მაღალკლასელთა ჩაცმულობას. ალბათ, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთულია მასწავლებლისა და მოსწავლის ერთმანეთისაგან გარჩევა. საქმე გარეგნობაში კი არა, ჩაცმის სტილსა და მაკიაჟშია.

საინტერესოა, რატომ იზიდავს გოგონებს სკოლის ასაკში მოდური ტანსაცმლითა და მაკიაჟით სიარული?

თეკლა, 15 წლის: „სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიზიდავს ქუსლები, წითელი პომადა და ფერადი აქსესუარები. ასეთ სტილში თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ჩემი მეგობრები მოდას მისდევენ და მეც თუ მათ მსგავსად არ ჩავიცმევ, ახლოს არ გამიკარებენ.“

ნინო, 17 წლის: „ძალიან მომწონს „თინეიჯერული სტილი“. ამიტომაც მსგავს  „ზმანზე“ უარს არასდროს ვამბობ. ჩემს ირგვლივ ყველა ასეთ „ვიდზეა“ და მე რითი ვარ ვითომ სხვაზე ნაკლები?!“

დეაკო, 16 წლის: „მომწონს ჩაცმის მოდური სტილი და მკვეთრი მაკიაჟი. ხშირად ვატარებ კიდეც როგორც სკოლაში, ასევე ნებისმიერ სხვა ადგილას.“

სალომე, 17 წლის: „მომწონს, ლამაზად რომ აცვიათ გოგონებს, მაგრამ ჩემ მშობლებს არ აქვთ იმდენი ფული, რომ მასე გამანებივრონ. კლასელები ხშირად ზევიდანაც მიყურებენ. ბევრი მეგობარი არ მყავს და არც მწყდება გული, რადგანაც ზოგიერთები მოდურობის გამო ემეგობრებიან ერთმანეთს. ბევრჯერ მინახავს, როგორ მოჰყავთ მდიდრულად ჩაცმულ ქალებს პატარა ბავშვები და ურჩევენ, ვისთან იმეგობრონ და ვისთან - არა.“

გასაკვირი არ იქნება, თუ აღსაზრდელების ნაწილს „შეღებილ თაობას“ ვუწოდებთ. მათი აზრით, რაც უფრო გაიწითლებენ ტუჩებს, მით უფრო მომხიბვლელები არიან და რაც უფრო მაღალ ქუსლებზე შედგებიან, მით უფრო მარტივად მიიპყრობენ სასურველი ბიჭის ყურადღებას. თუმცა უფროსი თაობის აზრით, მამაკაცებს „სვეცკი“ გოგონები უფრო მოსწონთ, ვიდრე უყვართ.

თემო, 19 წლის: „ზოგს ძალიან უხდება თანამედროვე მოდა, ზოგი ცდილობს, მოიხდინოს და მეტნაკლებად გამოსდით კიდეც, ზოგს კი საერთოდ არ უხდება, მაგრამ მაინც „იზმანება“ და იღებავს კიდეც. შესაბამისია ბიჭების რეაქციაც. თუ უხდება - მოსწონს, თუ არადა - გულის სიღრმეში დასცინის კიდეც. ამიტომ გოგონებს ვურჩევ: რა დროს მოდაა, ჩაიცვით ის, რაც გაქვთ და გიხდებათ.“

დათო, 17 წლის: „ყველა გოგოს უხდება მოდურად, ლამაზად ჩაცმა, ასევე მაკიაჟიც, მაგრამ მთავარია სტილის სწორად მორგება. ჩემი აზრით, ქართველი მანდილოსნები ყოველივე ამას ნამდვილად ახერხებენ. სწორედ ამით განსხვავდებიან ყველასგან და ნებიმიერ შემთხვევაში აღწევენ კიდეც სასურველ შედეგს.“

საზოგადოების მსჯელობის საკითხი არა მხოლოდ გოგონების, არამედ ბიჭების ჩაცმის სტილიცაა. ფაქტია, რომ მანდილოსნებმა ბიჭური სტილი კომფორტულად მოირგეს, ბიჭები კი ნელ-ნელა მიიწევენ სუსტი სქესის ტიპაჟისკენ. დასაწყისშივე ზოგმა იმდენად დიდი ნაბიჯი გადადგა, რომ ლამისაა სინაზის „გვირგვინად“ მოგვევლინოს. საამისოდ თმები უკვე გაიზარდეს, მოტკეცილ ჯინსებზეც არ ამბობენ უარს და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საუკეთესო ხარისხის ტონალურ კრემებსაც ზოგ მანდილოსნებზე ოსტატურად ისვამენ სახეზე. არც ფრჩხილებზე ლაქის წასმისაგან იკავებენ თავს...

ბუნებრივია, ასეთი ბიჭების შემხედვარე უფროსი თაობა აღშფოთებას ვერ მალავს და ხშირ შემთხვევაში აგრესიულადაც არიან განწყობილი მათ მიმართ. მსგავსი დამოკიდებულება აქვთ ამ კატეგორიის მიმართ ზოგიერთ თანატოლებს, ზოგს კი მოსწონს კიდეც.

რა აზრის არიან თავად ახალგაზრდები?

ირაკლი, 19 წლის: „ისეთი დრო დადგა, რომ ქალს კაცისგან ვერ გაარჩევ. რა უბედურებაა, ნუთუ მამაკაცური ღირსება ასე მარტივად ჩაკვდა მათ ბუნებაში?! ეს, უბრალოდ, სასაცილოა სატირალი თუ არა.“

ლაშა, 20 წლის: „რა პრობლემაა, მე ვერ ვხვდები, ნათქვამია, გემოვნებაზე არ დაობენო და ეს ასეცაა. ყველას აქვს უფლება, ჩაიცვას ის, რაც მოსწონს, არა აქვს მნიშვნელობა, ეს  ქალი იქნება თუ კაცი.“

თეონა, 19 წლის: „ყველა ადამიანშია რაღაც დადებითი. შეიძლება ბიჭის ჩაცმულობა არ მოგწონდეს, მაგრამ ხასიათით ძალიან კარგი იყოს. ერთი შეხედვით არ უნდა შეაფასო ადამიანი.“

სალომე, 20 წლის: „საოცარია, რომ ბევრმა ქართველმა მამაკაცმა ღირსება დაკარგა. მათთვის ფასეული მოდური ტანსაცმელი და ხან დასწორებული, ხანაც - დახვეული გრძელი თმები გახდა. რა უნდა მოეწონოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, თუკი მის წინაშე მამაკაცის ნაცვლად ქალის მსგავსად გამოწყობილი, გაპრანჭული და ნაზი ბიჭი დადგება?!“

მართალია, გოგო პრანჭია უნდა იყოს, მაგრამ ამაშიც ზომიერებაა საჭირო. აბა დაფიქრდით, რატომ არ უნდა ირბინო და ითამაშო მეგობრებთან იმის გამო, რომ ქუსლიანმა ფეხსაცმელმა დაგღალა, ანა უარეს შემთხვევაში მოგიჭირა კიდეც. ხშირად ღიმილის მიზეზი გამხდარა სკოლის კარებთან მდგომი წითელპომადიანი, 15 სანტიმეტრზე ამხედრებული პატარა გოგონა დიდი ზურგჩანთით ხელში. ამიტომაც, ჩვენი ზოგიერთი რესპონდენტისა არ იყოს, სჯობს ზომიერად მივყვეთ მოდას, მაგრამ ყოველთვის ჩავიცვათ გარემოს შესაფერისად.

 

მალვინა ზარანდია

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია