დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სად გავაჩეროთ საკუთარი ავტომანქანები?
2011/04/04 12:43:56

ბოლო დროს დამკვიდრდა ტენდენცია, რომ ყოველი რეფორმა თუ პროექტი დედაქალაქში იწყება და იქვე მთავრდება. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ავტოპარკირება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის რიგ ადგილებში ავტომობილების გაჩერება, ადგილების მიხედვით, ფასიანი გახდა, კანონდარღვევა კი ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანით და სოლიდური ჯარიმით განისაზღვრა.

აღნიშნულმა ინიციატივამ საზოგადოების დიდი ნაწილის  საფუძვლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. გამოსვლებისა და აქციების შემდეგ კანონმა შედარებით ლოიალური სახე მიიღო, პარკინგისათვის საჭირო ერთ წლიანი პაკეტი 50 ლარით განისაზღვრა, მასზე აღნიშნული სლოგანი „მე მიყვარს თბილისი“ კი წინა საარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის ფრთიან ფრაზად იქცა და თავისი  საქმე „ხუთიანზე“ შეასრულა.

დედაქალაქისგან განსხვავებით, ამ მხრივ გაცილებით რთული ვითარებაა ჩვენს ქალაქში. მნიშვნელოვან ობიექტებთან (მერიასთან, ბანკებთან, სავაჭრო ცენტრებთან თუ ბაზრობებთან) არ არსებული ავტოგაჩერებები (ზოგან - მხოლოდ თანამშრომლებისათვის) მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

მაშინ, როდესაც, მეორე დედაქალაქის იმიჯს ევროპულად ვირგებთ ალბათ, უხერხულია ქალაქში ლანძღვა-გინებით   მორბენალი, ე.წ. „სტაიანშიკები“.

თამაზ გოგბერაშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: „დედაქალაქში გატარებული პარკირების ახალი რეფორმა მისაღები და კარგია,თუმცა მთლიან სისტემაში არის ხარვეზებიც. ამ კანონის მიხედვით, საქართველოს ყოველ ქალაქში არსებობს დამოუკიდებელი ბარათები, რომლით სარგებლობაც მხოლოდ ამ ქალაქშია შესაძლებელი. გამოდის,  ყოველ ქალაქში ჩასვლისას მოქალაქემ ამ ქალაქის შესაბამისი პაკეტი უნდა შეიძინოს, რაც, დამერწმუნებით, ადამიანის გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ უმჯობესია, შეიქმნას ერთიანი სივრცე და შემუშავდეს კანონი, რომ მთელი საქართველოს   მასშტაბით მოქმედებდეს ერთიანი დაფარვის ზონა. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უნიფიცირებული. მათთვის, ვინც ქალაქში ცხოვრობს და მანქანით სისტემატურად სარგებლობს, დაწესდეს 50 ლარიანი ბარათები, ხოლო სოფლის მცხოვრებთათვის დაწესდეს შეღავათები. თბილისთან შედარებით ქუთაისში პარკირების მხრივ მდგომარეობა გაცილებით რთულია და ეს საკითხი ყურადღებას საჭიროებს, უმჯობესია, გატარდეს დედაქალაქში არსებული მეთოდი,წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებულ სისტემაში უნდა მოხდეს კორექტივების შეტანა.უცხოეთში არსებული კანონმდებლობით, პარკირების შეზღუდვა მხოლოდ ქალაქის ცენტრში მოქმედებს, საქართველოში კი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ავტოპარკირება გარეუბნებსა და ეზოებშიც დაუწესებიათ“.

ნუკრი რაზმაძე: ნამდვილად რთული მდგომარეობაა, ფაქტობრივად, ვერ ვახერხებ მანქანა იქ გავაჩერო, სადაც მჭირდება, თანაც არ არის გამართული სისტემა. ე.წ. „სტაიანშიკები“ მდგომარეობას ვერ მოაგვარებენ, თანაც უხერხულია ამ დროში ამ სისტემის არსებობა. ვინმემ უნდა იზრუნოს ამ მდგომარეობის გამოსწორებაზე. ვერც ერთ დაწესებულებასთან მანქანას ვერ გააჩერებ, თუ ამ დაწესებულების თანამშრომელი არ ხარ. საზოგადოებრივ ადგილებში კი პარკირება არ არის“.

ირაკლი კაპანაძე, ტაქსის მძღოლი: „არის შემთხვევა, როდესაც მგზავრები ისეთ ადგილას მთხოვენ მიყვანას და დალოდებას, სადაც გაჩერება აკრძალულია, ამიტომ მიხდება მოშორებით გაჩერება, რაც მგზავრთა უკმაყოფილებას იწვევს. არადა, ჩემი რა ბრალია. კარგი იქნება, ეს მდგომარეობა ისე თუ გამოსწორდება, როგორც თბილისშია და ახლა უკვე ბათუმშიც ამოქმედდა. იმედია, ქუთაისს ამ კუთხით როდესმე, რამე ეშველება“.

როგორ შეიძლება ქალაქში არსებული, მოძველებული სისტემის გამართვა და რა ღონისძიებებია დაგეგმილი ამისათვის, ამ და სხვა კითხვებზე ქუთაისის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის  ხელმძღვანელი მალხაზ ჭრელაშვილი ასე გვპასუხობს: „ზოგადად პარკირების რა სისტემა ამოქმედდება ქუთაისში, წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. ამ დროისათვის ქალაქში არსებული პარკირების ყველა ადგილი რეგისტრირებულია და მათზე 2006- 2009 წლებში გაცემულია ნებართვა. დღეის მდგომარეობით ასევე არის დამატებითი რეგისტრაციის ადგილები, სადაც შეიძლება პარკირების სისტემა ამოქმედდეს. ეს სისტემა  უფრო მობილური რომ გახდეს, სხვა გზებზეც ვიფიქროთ, თუმცა რიგ ადგილებში, განსაკუთრებით კი - ქალაქის ცენტრში, ბაზრობებთან აღარ არის პარკირებისათვის საჭირო ადგილები. კარგი იქნება, თუ ამ კუთხით ვიმუშავებთ,რომ სისტემამ უფრო ორგანიზებული ფორმა შეიძინოს.

- უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვან დაწესებულებებს არ გააჩნიათ პარკირების ადგილი, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის გამოსწორება? 

- ქალაქში რაიმე კერძო  დაწესებულება რომ აშენდება, მას არ  ევალება, რომ პარკირებისათვის საჭირო ადგილი გამოყოს. ეს მისი პრეროგატივაა. რაც შეეხება ქალაქის  სახელმწიფო საკუთრებას, ეს ჩვეულებრივი აქსიომაა, რომ პარკირებისათვის არსებობს ფიქსირებული გადასახადი. ასე ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და კარგი იქნება, თუ ჩვენი ქალაქიც ამ სისტემას მიუახლოვდება, ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ.

პარკირების მოქმედი სისტემის მიხედვით, ყველა ქალაქში, სადაც ეს სისტემა მუშაობს, ამ ქალაქის შესაბამისი ბარათი უნდა შეიძინო, რაც, ცოტა არ იყოს, რთულია. ხომ არ აჯობებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნას ერთიანი სივრცე, რომ შეძენილი ბარათით საქართველოს მთელი სივრცე დაიფაროს?

- ვარიანტი, რასაც თქვენ ამბობთ, ყველაზე მისაღებია. კარგი იქნება, რომ ამოქმედდეს. თუმცა ეს ძალიან შრომატევადია და დიდ ძალებს მოითხოვს. თუმცა ამ საკითხს ქუთაისი ვერ გადაწყვეტს. რაც შეეხება ადგილობრივ პრობლემას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ და სხვა თანმდევ საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მიმდინარეობს  მუშა პროცესი და შევეცდებით, უახლოეს მომავალში ქუთაისში პარკირების გამართული სისტემა გვქონდეს.


***

ცნობილი ფაქტია, რომ კანონი მოქალაქეებზე მორგებული  უნდა იყოს და არა - პირიქით,თუმცა დღეს ქვეყანაში აღარაფერი გვაოცებს, არც ის, რომ ასლარიანი ხელფასის მქონეს, შეიძლება, ორასლარიანი ჯარიმა გამოგიწერონ, არც ის, პარკირების ადგილიდან საკმაოდ მოშორებით დამონტაჟებულ გადარიცხვის აპარატიდან უკან დაბრუნებულს, შესაძლოა  „ოპერატიულად“ მომუშავე პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმა დაგხვდეთ. არც არავინ დაგიდევთ იმას, რომ, შესაძლოა, თქვენ, სულაც, რაიონიდან ჩამოსული ხართ და აქტიურ ცხოვრებას ალღო ესე ადვილად ვერ აუღეთ... რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ თქვენი ბრალია, რადგან, როგორ შეიძლება, „მდგრადად“ განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრებას ფეხი ვერ აუწყოთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1451
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია