დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დაუსაქმებელი თაობა
2011/04/04 12:47:20

დავიბადეთ იმ დროში, როდესაც ქვეყანამ სისხლით მეორედ მოიპოვა დამოუკიდებლობა და აირჩია პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ისევ რუსთა ჩარევით დაიწყო არეულობა, ქვეყანა ორად გაიყო: ზვიადისტებად და შევარდნაძისტებად. მათს დავიდარაბაში და შეხლა-შემოხლაში რუსებმა დრო იხელთეს, შედეგად კი მივიღეთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვა.

ჩვენ გვშიოდა, გვციოდა, გვტკიოდა... როგორც იქნა, ქარცეცხლიანი წლები გავიარეთ, უშუქობის, ქურდობის, ნარკომანობის, გარეწრობის ხანა დაგვიდგა. განათლების მისაღებად გაყინულ სკოლებში დავდიოდით, სადაც შიმშილისგან გამოფიტული პედაგოგები გვასწავლიდნენ წერა-კითხვას.  ორდღიან რიგში ძლივს-ძლივს აღებული პური მილიონობით კუპონი ღირდა. კრიმინალური ავტორიტეტებისადმი აღტაცებული დამოკიდებულებებითაც გამოვირჩეოდით. არ ჰქონდა ადგილს მნიშვნელობა, ქალაქელი იყავი, თუ სოფლელი, ყველა კანონიერ ქურდობაზე ოცნებობდა. ეგრეთწოდებული ქუჩის ბირჟებზე, სტატუსით „კაი ბიჭები“ ლაყბობდნენ, თუ ვინ ვის მოჰპარა გერმანიიდან ჩამოტანილი ფერადი ტელევიზორი. სკოლებში გოგონები უკეთ სწავლობდნენ, ვიდრე ბიჭები, რადგან კითხვა „გრეხად“ მიგვაჩნდა, თუმცა იმის გარჩევა არ გვიჭირდა, „მერსედესი“ რომ „ბეემვეს“ ჯობია. დიახაც, ჩვენი გაუნათლებლობის ბრალია, დღეს ნიჰილიზმში რომ ვიხრჩობით. მე მახსოვს და არასოდეს დამავიწყდება აცრემლებული მოხუცები და ქალები, პატარა ბავშვები, დევნილები სოციალური პრობლემებით რომ იტანჯებოდნენ. ზოგიერთები კი გართობაში მილიონებს ფლანგავდნენ, მათ შორის - ჩემი მეზობელიც.

 შეიცვალა ხელისუფლება, ჩვენც გავიზარდეთ, დავფრთიანდით, მივიღეთ უამრავი რეფორმა, დავივიწყეთ ტრადიციები და ვცდილობთ, დავემსგავსოთ ევროპელებს. ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, გენდერზე, ლიბერალიზმზე, ქალიშვილობის ინსტიტუტზე, ტრანსსექსუალებზე. ქართველებს ყველაზე მეტად მიბაძვა არ გამოგვდის და მაინც მივისწრაფით დასავლეთისაკენ. გვაძალებენ, ისწავლეთ ინგლისური, თორემ თანამედროვე ეპოქას ჩამორჩებითო. ჰოდა, შეძლებისდაგვარად, ვსწავლობთ, მაგრამ ნელნელა ვივიწყებთ საკუთარ ენას. ჯიბეგამოფხეკილები შევცქერით ფულიან „მამიკოს ბიჭებს“ და მათ ავტომანქანებზე ვოცნებობთ. „აღმოვაჩინეთ“ ახალი ბათუმი, თოვლიანი სვანეთი, სიყვარულის ქალაქი სიღნაღი, ბოჩელი, პლასიდო დომინგო, ჯგუფი „მგზავრები“ და ბურები. ეჰ, რა გვამღერებს და გვაბურებს, როდესაც 300 000 დევნილი, 200 000 უმწეო და მოსახლეობის 40 პროცენტი მშიერი გვყავს! ქვეყანა უმუშევარი დიპლომიანებით გაივსო, ყოველი მეორე იურისტი, ეკონომისტი და ჟურნალისტია. ვიქეცით ხელისუფლების კუდებად, აგენტებად და ჩამშვებებად, ერთმანეთს შეცდომებზეც კი დავცინით. სოფელში ცხოვრება „გოიმობად“ მიგვაჩნია და მივდივართ თბილისში, რომელიც თავკომბალას დაემსგავსა, ან მეზობელ დიდ ქალაქებში.

 მე არ მაქვს ფული და ვერ გადავლახე ოკეანე, არც ჩემი მეგობრები სწავლობენ ამერიკაში. რატომ ვართ განსხვავებული? რეალობა სწორედ სოციალური უთანასწორობაა. რას ვითხოვთ ჩვენ? - მხოლოდ დასაქმებას, საკუთარ ფინანსურ შემოსავალს.         „დღეს უამრავი ახალგაზრდა დაუსაქმებელია. ვინ იცის, სამსახურზე როგორ ოცნებობენ, მაგრამ - ამაოდ, დღეები სწრაფად მიდიან, მომავლის გზა ბინდითაა მოცული. კარგად მახსოვს, საარჩევნო პიარკამპანიების პროცესში ერთ-ერთი დაპირება ჩვენი დასაქმებაც იყო. ეს სიტყვები ჩემი თაობის მოწოდებაა: „მოგვეცით შემოსავლის წყარო, რომ ოჯახი შევქმნათ და მომავალი გავზარდოთ.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1524
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია