დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თექაში ნაპოვნი სულის სიმშვიდე
2011/02/14 12:24:47

მოთელილი მატყლი უფრო ადრე რომ მენახა, მასზე მუშაობას მაშინვე დავიწყებდი, ეს ყველაფერი ისე ახლოს არის ჩემს სულთანო,“ - ასე ფიქრობს ჩემი რესპონდენტი.

თექით სხვადასხვა ნივთს ამზადებს: აქსესუარებს, ტანსაცმელს, ქუდებს და ა.შ. ეს საქმე დიდ ნებისყოფას, ცოდნასა და ფანტაზიის უნარს მოითხოვს. მასაც ყველა საჭირო თვისება აღმოაჩნდა. მარიკა ხარაზიშვილი 32 წლისაა. ხელოვნების ამ დარგით 28 წლის ასაკში დაინტერესდა. ქსოვა, კერვა და ქარგვა კი ბავშვობიდან ეხერხებოდა. მაგრამ ხატვა არ შეუძლია და ყველაფერს მხოლოდ საკუთარი წარმოსახვის უნარით ქმნის. ხანდახან შინაგანი ხმა მკარნახობს, რა უნდა გავაკეთო და არც ვიცი, როგორ მოდის ეს ყველაფერი ჩემს აზრებშიო.

„თვითნასწავლი ვარ. თექა ვნახე თუ არა, სურვილი გამიჩნდა, მესწავლა. ამისთვის საუკეთესო გზა ავირჩიე, ონლაინ გაკვეთილებს მივაგენი ინტერნეტში და ხშირად ვუყურებდი დამზადების ტექნოლოგიას. მრავალნაირი მეთოდი არსებობს  და  მეც  ჩემებურად  დავიწყე მუშაობა. გამოცდილებამ მეტი მასწავლა, ვიდრე ვიდეოგაკვეთილებმა. ჩემშიც იყო, ალბათ, რაღაც, რამაც გამიადვილა თექაზე მუშაობა.“  

 

ერთი კვადრატული მეტრი ქსოვილი რომ დამზადდეს, ამისთვის 6-7 საათი   შეუსვენებლივ მუშაობა მაინცაა საჭირო. ყველაფერს ხელით აკეთებს, სპეციალური აპარატის გამოყენების გარეშე. ცდილობს, რაც შეიძლება კარგად დაამუშავოს ქსოვილი, რომ მერე, ნივთმა დიდხანს შეინარჩუნოს ფორმა და ხარისხი. თანამშრომლობს მაღაზიასთან, რომლისგანაც შეკვეთებს იღებს, მაგრამ ხშირად თავისი სურვილით ქმნის, საკუთარი სიამოვნებისთვის. „როდესაც ძალიან გინდა, ყველაფერს მოახერხებ. რომ არ ვმუშაობ, თითქოს რაღაც მაკლია, ზოგჯერ არ მჭირდება, არც შეკვეთაა, მაგრამ მაინც ვაკეთებ. ღამით ვმუშაობ, ან დილას, ადრე ავდგები და ვთელავ. მუშაობას რომ დავამთავრებ და ნივთი უკვე მზად არის, კმაყოფილებას ვგრძნობ, მიხარია და ვფიქრობ, რომ ის დღე უქმად არ გავატარე. უფრო მეტი ენერგიით ვივსები.“

თავის სამუშაო ოთახში შესაბამისი გარემო აქვს, მოსწონს, როცა მარტოა და ხელს არავინ უშლის. სასიამოვნო მელოდიის ფონზე ფანტაზიის უნარიც უკეთ „მუშაობს.“ შედეგად კი ისეთ ნამუშევრებს ქმნის, რომლებიც ყველგან მოწონებას იმსახურებენ.

ახლა სეზონია და შეკვეთებიც ბევრია შესაბამისად, თუმცა არც სხვა დროს უჩივის სამუშაოს ნაკლებობას, ტურისტები მის მიერ შექმნილი ნივთებით ხშირად ინტერესდებიან.

„რასაც ვამზადებ, პარალელურად იყიდება, ან ახლობლებს ვჩუქნი. ჩემი ნამუშევრებიდან თითქმის ყველა მახსოვს. ქუჩაშიც ხშირად შემხვედრიან გოგონები, რომლებსაც ჩემს მიერ დამზადებული ნივთები ჰქონიათ და ამ დროს მე, იცით, როგორი ამაყი ვიყავი?“ ვერც წარმოიდგენთ.“

იმის გამო, რომ მატყლის დამუშავება და თანაც ხარისხიანად დამუშავება, ძალიან შრომატევადი პროცესია, მარიკას დედა და 17 წლის ქალიშვილი ეხმარებიან. დედა კი ყველასათვის ცნობილი ქალბატონია, რომელმაც წლების წინ გადაცემა „ვის უნდა 20 000?“-ის მეშვეობით ყველა გაგვაოცა. ეს ქალბატონი მანანა მაისურაძეა, რომელმაც თავისი ინტელექტის მეშვეობით 20 000 ლარი მოიგო. „მე და დედას იდეალური ურთიერთობა გვაქვს, მეგობრები ვართ. ის ისეთი პიროვნებაა, რომ ადვილია მასთან ურთიერთობა. უამრავი მოსწავლე ჰყავს და ყველას გულწრფელად უყვარს. ყოფილი მოსწავლეები დღემდე არ ივიწყებენ და ხშირად გვსტუმრობენ ხოლმე. დედა ცალკე ცხოვრობს, მაგრამ ჩემთან ხშირადაა. თექის მოთელვის პროცესში მეხმარება, რადგან ეს ხანგრძლივი პროცესია და თან ძალიან დამღლელი.“

მარიკას ყველაზე მეტად მარაოს დამზადება უადვილდება, რადგან ცოტა დრო და ნაკლები ენერგია სჭირდება, ყველაზე შრომატევადი კი პიჯაკის შექმნის პროცესია. თუმცა, თვლის, რომ მისთვის რთული არც ერთ ნივთზე მუშაობა არ არის. როცა უგუნებოდაა, გახალისების საუკეთესო საშუალებაც იცის - მისი საყვარელი ხელსაქმე ყველა უარყოფითი ემოციისგან ათავისუფლებს, თექა მისი სულის მალამოა.

ამასობაში, მისი მთავარი პროფესია სულ დაგვავიწყდა. მარიკა საბავშვო ბაღში მუშაობს აღმზრდელ პედაგოგად. ბავშვებს თვლას, ანგარიშს, ძერწვას, ხატვას, ლექსებს, მოთხრობებსა და ერთმანეთთან ურთიერთობას ასწავლის. „ყველა ჩემი აღსაზრდელი ძალიან მიყვარს. უქმე დღეები რომ დგება, მათდამი მონატრებას ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, როცა ჯგუფში შევალ და ჩემი პაწაწუნები შემომეხვევიან ხოლმე, სიამოვნებით ვატარებ მათთან თითოეულ წუთს. უამრავ სიყვარულს გავცემ და უკან გაორმაგებულად მიბრუნდება.“

მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი საქმე აქვს, თანაც - ორი, მაინც ფიქრობს, რომ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას ვერ ახერხებს. უნდა, უფრო დატვირთული იყოს, რადგან თვლის, რომ მეტის გაკეთება შეუძლია; უნდა, საკვირაო სკოლა ჰქონდეს, სადაც მომავალ თაობას ხელსაქმეს შეასწავლიდა. აქ კი მთავარ დაბრკოლებას ფინანსური მხარე ქმნის.

ჯერ ახალგაზრდაა და ენერგიით სავსე, თანაც, როგორც თვითონ ამბობს, „როცა ძალიან გინდა, ყველაფერს მოახერხებ...“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია