დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრობლემების გადამკიდეთ, ყველაფერი „დავიკიდეთ“?
2011/05/16 12:51:17

მხიარულებათა უწყვეტი ჯაჭვი ქართულ ტელესივრცეში

 

ჩემი მეგობარი ბრაზდება ძალიან, როცა დარვინს ვუხსენებ. იმდენად ბრაზდება, რომ პირდაპირ მომახლის: „შენი არ ვიცი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამის და ევას შთამომავალი ვარ, შენ იყავი, თუ გინდა, მაიმუნის „ნაშიერიო“...

 

არ გეგონოთ, რომ მე მჯერა, თითქოს გორილას ან შიმპანზეს განვითარების ბოლო ეტაპი ვიყოთ, ან ჩემს მეგობარს არ ვუყვარვარ და იმიტომ მცემს ასე უხეშ პასუხს, უბრალოდ, მისი გულწრფელი ემოცია მომწონს. მთავარი კი, რის გამოც ამ ბოლო დროს ხშირად ვესაუბრები დარვინიზმზე, იმის დამტკიცების უსუსური მცდელობაა, მართლა ხომ არ ვართ მაიმუნის შთამომავალნი და უკან ხომ არ ვბრუნდებით „პრიმატებში“. ამ თემაზე ვფიქრობდი, გადაცემა „ნიჭიერის“ ერთი საყვარელი მონაწილე ბავშვის, ლუკას, სიტყვები რომ გამახსენდა: „ჟიურის ძალიან მოეწონა ჩემი მაიმუნობა და შევეცდები, მომავალში უფრო სერიოზულად ვიმაიმუნოო“(ამ ბავშვის მიმბაძველობის ნიჭზე არაფერს ვამბობ)...

მაიმუნობის შედეგი  კი ხშირად  სიცილია, სიცილს კი სხვა და სხვანაირად აღიქვამენ, ზოგისთვის საკუთარი უპირატესობის შეგრძნებაა, ზოგისთვის - „პროსტა ღადაობა“ და დროის გაყვანა. სიცილს თავისი ამოცანა აქვს - საზოგადოების გართობა, მანკიერი თვისებების წინააღმდეგ ბრძოლა. ამ თემებზე მეცნიერებიც კი მსჯელობდნენ. ექიმების მტკიცებით, სიცილი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. დეპრესიის დროს სიცილის თერაპიაც   კი   ყოფილა   თურმე          „კარგი წამალი“.  ნორმალური  ადამიანი ყოველთვის არ იცინის, შეიძლება ცუდ ხასიათზე არ იყო, მაგრამ არც გეცინებოდეს, ყოველთვის მხოლოდ  სულელი ადამიანი იცინის... ჰოდა, უთუოდ სულელად თვლის მთელ ქართულ საზოგადოებას ტელეკომპანია  „იმედი“ და „რუსთავი - 2“, აბა, სხვა რა უნდა იფიქრო, როცა როგორც ჩემი მეზობელი  ლევანი  ამბობს, „გლახაობის  მეტი  არაფერია  ამ  ტელევიზიაში“...

მართლაც, რომელი ერთი ჩამოვთვალო: „კომედი შოუ“, „ღამის შოუ“, „ვანო ჯავახიშვილის შოუ“, „სტუმრად იუმორინასთან“, „შუა ქალაქში“, „მეზობლები“, „აქ ცხოვრობენ გუნცაძეები“,  შეიძლება ვინმე გამომრჩეს, მაგრამ, ალბათ, არავის ეწყინება... აივსო სატელევიზიო სივრცე უხარისხო, მდარე და არაფრისმთქმელი ხუმრობებით. ჩემი აზრით, არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ გაეცინება ასეთ ხუმრობაზე, მაგალითად:

„სანამ ჩემი მეგობარი მოვა, მანამდე მოგიყვები, სად ვცხოვრობ მე, მე ვცხოვრობ რვასართულიანი სახლის მეათე სართულზე, მოდი, განვიხილოთ ეს საკითხი, პრობლემა არის იმაში, მე თუ ვცხოვრობ რვასართულიან სახლში, მეათე სართულზე როგორ ვცხოვრობ?...

ე.ი. რიცხვებშია პრობლემა, კაი...“

(ვერ ვხვდები, რა კატეგორიის მსმენელი ზის იმ დარბაზში, სადაც ეს ხუმრობები „ჟღერს“...)

ეს ნაწყვეტია ახალი სახალისო გადაცემა „თქვენი შოუდან“, რომელიც შეემატა მხიარულების უწყვეტ ჯაჭვს ქართულ ტელესივრცეში...

უცხო თვალმა რომ უყუროს ჩვენს ტელეარხებს, იფიქრებს, რა აწყობილი ქვეყანა და დალხენილი ხალხი ყოფილა ამ საქართველოში, სიცილის და გართობის მეტი არაფერი ანაღვლებთო...

ჩვენი პრობლემების გადამკიდე, ნუთუ ყველაფერი „დავიკიდეთ“?... შეიძლება ასეც ვიფიქროთ, რადგან ბოლო გამოკითხვებიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი რეიტინგი სწორედ გასართობ შოუებს აქვთ. რატომ?

ამაზე ბევრი მოსაზრებაა... ერთნი ფიქრობენ, რომ „სადღაც, ვიღაც ბოროტი ძია ზის და განკარგულებებს აძლევს, საზოგადოებას აზროვნების უნარი დავუჩლუნგოთ უაზრო გადაცემებითო“, მეორენი კი ამბობენ, ხალხს მხოლოდ პური და სანახაობა სჭირდებაო. სანახაობა, იცოცხლე, კი გვაქვს თავზე საყრელად, მაგრამ „პური“? თუმცა, პური რა საფიქრალია, როცა  კომედი შოუს შედევრს: „ჯულის“ და        „უშნო მერლინ მონროს“ უყურებ...

თუ ვხვდებით, რომ ეს გადაცემები უაზრობაა, მაშინ რატომ არის, რომ ამ „უაზრობის“ დროს ბლომად გადის რეკლამა? ეს ფაქტია, უტყუარი და ჯიუტი. ე.ი. დამკვეთმა იცის, ყველაზე მეტად რას უყურებს ხალხი და სად ჩადოს ფული...

თქვენ, ალბათ, იტყვით, ყველაფერი სისულელე ხომ არ არის, ზოგი გასართობი გადაცემა მართლაც საინტერესო, რაღაცის მთქმელი და ქვეტექსტების შემცველი ხუმრობებიაო... კი ბატონო, მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია...

ამ სტატიის წერას  რომ დავამთავრებ, ზუსტად ვიცი, ჩემი მეგობარი რომ შემხვდება, ისევ „დარვინიზმზე“ ჩამოვუგდებ სიტყვას... უსუსური მცდელობა ისევ... თანაც, რომ ვეტყვი, შენი სიტყვები სტატიისთვის გამოვიყენე-მეთქი, ცოტა გაოცებული კი შემომხედავს და მეტყვის:

„თუ არ მოგწონს, გადართეო.“ კი,  ბატონო, მაგრამ - სად? მე გამოვრთავ და საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს, თქვენ? 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია