დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
2013/03/31 09:54:03

არასამთავრობო  ორგანიზაციები  ბათუმში   28  მარტს  მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან.  ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ აჭარის შს სამმართველოს უფროსის  ვალერიან  თელიას  მიერ  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას)  თანამშრომლების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის  გამო.

არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსის ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ფაქტის დროულად და ობექტურად გამოძიების ნაცვლად, სამწუხაროდ, ადგილი აქვს დანაშაულის დაფარვისა და გამოძიების არასრულყოფილად წარმართვის მცდელობას.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ინციდენტის სავარაუდო ამსახველი ვიდეომასალის განადგურების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვან მტკიცებულებად ქცეულიყო გამოძიების წარმოებისას.

ვფიქრობთ, რომ შსს-ს მიერ ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები, რომლებშიც აქცენტები  მხოლოდ  საია-ს  თანამშრომლის  ბრალეულობაზე  კეთდება, გამოხატავს სამინისტროს ცალმხრივ პოზიციას. შსს-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ გასაჯაროებული ვიდეოფირით არ დასტურდება საიას თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობას ჰგავს" - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ დროულად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოიძიოს აღნიშნული საქმე, როგორც ძალადობისა და მუქარის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების (ვიდეოჩანაწერის წაშლის) ნაწილში, ხოლო გამოძიების დასრულებამდე აჭარის შს სამმართველოს უფროსს შეუჩერდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება.

ამ განცხადებას ხელს აწერენ: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;"
"ღია საზოგადოება – საქართველო;" "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;" "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;"  "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;"  "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;"  "საქართველოს პრესის ასოციაცია;"  "სამოქალაქო განვითარების სააგენტო;" "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი;" "მწვანე ალტერნატივა."

შეგახენებეთ, რომ 28 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსმა  ვალერიან თელიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელს სიტყვიერი, ერთ მათგანს კი, ფიზიკური  შეურაცხყოფა მიაყენა.

გარდა ამისა, საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა  ასოციაციამ  შინაგან  საქმეთა სამინისტრო  მტკიცებულების  განადგურებაში  დაადანაშაულა,  კერძოდ,  ინციდენტის ამსახველი  ვიდეომასალის  წაშლაში,  რომელიც  „ბათუმის სახლის“  ვიდეოთვალმა დააფიქსირა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1450
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია