დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დაადუმა ხელისუფლებამ „მაია მულატკა“?
2011/02/14 12:21:56

ბოლო წლებში რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ გავლენა თითქმის ყველა სფეროზე მოახდინა. ამ ვითარებამ გვერდი ვერც კულტურას აუარა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, როდესაც რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების ნაწილი პროტესტის ნიშნად სამშობლოში დაბრუნდა, ჩვენმა ხელისუფლებამ რუსულ კულტურასთან აქტიური და ღია ბრძოლა დაიწყო. მუსიკალური პროექტებიდან, რუსული ტურების მოხსნის შემდგომ, რუსული სიმღერების აკრძალვა რესტორნებშიც დაიწყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლება ღიად საუბარს ერიდება, თუმცა სამაგიეროდ, სოციალურ ქსელებსა თუ კოლექტიური თავშეყრის ადგილებში, ორ ბანაკად გაყოფილი საზოგადოება ცდილობს ხელისუფლების ქმედების აქტიურად განსჯას.

 

პოლიტიკა აქტიურად შეიჭრა გურმანთა საუფლოშიც და რუსული ესტრადის ნაირგვარი ნიმუშებით „თავმომწონე“ რესტორნებს „პირი აუკრა“. ანუ რუსული ესტრადა პოლიტიკურმა გემოვნებამ „ჩამოალაბორანტა“.

ქუთაისში არსებული რესტორნების მფლობელები და თანამშრომლები მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამენ. ზოგი აცხადებს, რომ აკრძალვა მართლაც მოხდა, ზოგიც ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა საიდუმლოდ გვიმხელენ, რომ თურმე „არათუ რუსულ სიმღერებს უკვეთავენ ჩვენებური მაღალჩინოსნები, არამედ - ამ რიტმებს აყოლილნი სკამებზე იწყებენ ცეკვას და სკამებიდან მაგიდებზეც კი გადადიანო“.

რესტორნების მფლობელებთან გასაუბრება და იმის დაზუსტება, თუ რომელ „ორგანოდან“ იყვნენ აკრძალვის ფაქტთან დაკავშირებით, გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხეთ.

აკრძალვის შესახებ ინფორმაციის არქონის მიუხედავად, გამოკითხულთა უმრავლესობა აღიარებს, რომ მათი აზრით რუსულ ესტრადასთან პოლიტიკური ბრძოლა არასწორია.

რესტორან „ამირანის“ მენეჯერმა ია გამეზარდაშვილმა  „P.S.“-თან საუბარში განაცხადა: „მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, დაახლოებით ერთი თვის წინ რესტორნის მფლობელი იქნა გაფრთხილებული, რომ რუსული სიმღერები უნდა აიკრძალოსო. იმის მერე არავინ ყოფილა მოსული შესამოწმებლად. ჩვენც გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. გაფრთხილების მერე შევამცირეთ ჩვენს რეპერტუარში რუსული სიმღერები, რადგან, რამდენადაც ვიცით, ჯარიმა 5000 ლარია.

რესტორან „ალიონის“ თანამშრომელი: „კი, ჩვენთანაც იყვნენ მოსულები, უფროსს ელაპარაკნენ და უთხრეს, რომ რუსული სიმღერები აკრძალულია და თქვენი რეპერტუარიდან ამოიღეთო. ისიც გვითხრეს, ნუ იფიქრებთ, რომ მაინც ჩავრთავთ და ვერ გაიგებენო, რადგან ვინმე ჩაწერს და მაინც გავიგებთო. ვინ და საიდან იყო მოსული, ჩვენ არ ვიცით...

რუსული სიმღერების აკრძალვამ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია:

ნათია ფხაკაძე: „შეიძლება, ამ ეტაპზე რუსეთთან კარგი ურთიერთობა არ გვქონდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, არ არის გამართლებულლი რუსული სიმღერების აკრძალვა. კულტურას არ უნდა ვეხებოდეთ!“

თემურ ბუხაიძე: „კი, ვეთანხმები, ნამდვილად. ქართულ რესტორნებში ქართულ სიმღერებს უნდა უკრავდნენ.

- მაგრამ ხომ სრულდება უცხოური სიმღერები, რატომ იკრძალება მხოლოდ რუსული სიმღერები?

- ვერ გეტყვით, ალბათ, ხალხს აქვს ასეთი მოთხოვნა. შეიძლება, ეს პოლიტიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე ხდება, მაგრამ მე მაინც ვეთანხმები ამ აკრძალვას“.

ზურაბი, 70 წლის: „რატომ უნდა აკრძალონ? ის რუსეთი ჯობია, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება! მაშინ ნორმალური ცხოვრება მაინც მქონდა, კაცი ვიყავი და ახლა კი რა მდგომარეობაში ვარ! სააკაშვილის „დამოუკიდებლობას“ იმ რუსეთში ცხოვრება მირჩევნია. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ასეთ საქციელს, ან რომელი ნორმალური ადამიანისთვის შეიძლება იყოს ეს მისაღები?

ქალბატონი, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა: „არ შეიძლება ასე, შვილო, თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობა პოლიტიკურადაა გამწვავებული, ეს კულტურაზე არ უნდა აისახებოდეს. ბევრი იქ სამუშაოდ წასული, იმისთვის, რომ აქ ოჯახი არჩინონ, ბევრსაც შერეული ოჯახი აქვს შექმნილი და რუსული სიმღერების აკრძალვა და მათი კულტურისადმი ასეთი მოპყრობა მიუღებლად მიმაჩნია“.

ვასილ ბაქრაძე: „არ ვეთანხმები, აქ უფრო პოლიტიკური სუნი იგრძნობა. ჩვენ, ხალხი, არ ვართ ერთმანეთთან ისე, რომ ასეთი შუღლი გვქონდეს. ვინ მისცათ უფლება, ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკონ?! ვინ უთხრა, რომ ჩვენ რუსული სიმღერები გვაწუხებს?! ეს რა პოლიტიკაა, ეს უმეცრება უფროა“.

ნინო, სტუდენტი: „რა შუაშია პოლიტიკა და სიმღერა, არ მესმის მთავრობის გადაწყვეტილების აზრი. ეს ხომ ადამიანის ინდივიდუალური უფლებაა, მოუსმინოს იმას, რაც უნდა. თუ პატრიოტიზმი ამოძრავებთ, სხვა ფორმით გამოხატონ. ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი რომ რუსებს გადასცეს სამართავად, არ იცოდნენ მაშინ, ჩვენი მტრები რომ იყვნენ, თუ პატრიოტიზმის გრძნობა არ ჰქონდათ განვითარებული მძაფრად?“

ჩვენი მოსახლეობის ნაწილმა ჯერ არც კი იცის, რომ რესტორნებში საქეიფოდ მისულები და შეზარხოშებულები „მარჯანჯას“,           „ახ ადესას“ და „მაია მულატკას“ რიტმებზე აცეკვებას ვეღარ შეძლებენ.

 

ნესტან ჩაგელიშვილი

მაკა გასაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია