დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არ არიან ქართულ პოლიტიკაში ქალები?!
2011/01/31 12:58:20

დემოკრატიის საყოველთაო დეკლარაცია ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპად აღიარებს ქალთა და მამაკაცთა პარტნიორობას სოციალური და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამავე პრინციპსა და საერთაშორისო აქტებსა და დოკუმენტებს ეფუძნება „საქართველოს გენდერული თანასწორობის კონცეფცია“, რომელიც აღიარებს გენდერული თანასწორობის პრინციპებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი  ცხოვრების ყველა სფეროში.

მიუხედავად იმისა, რომ გენდერული პრობლემების შესახებ არასამთავრობო თუ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, ფაქტია, წინსვლა არ შეიმჩნევა, პოლიტიკაში კვლავ მამაკაცები დომინირებენ. საქართველოს პარლამენტში არასამთავრობო სექტორის მხრიდან საკანონმდებლო ინიციატივაც კი იქნა დაყენებული - კანონი პოლიტიკურ პარტიებში გენდერული ბალანსის დაცვის შესახებ, მაგრამ ეს ინიციატივა საქართველოს პარლამენტს არ დაუმტკიცებია.

არასამთავრობო ორგანიზაციამ, საზოგადოების მონიტორინგისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრმა „არგუსი“ ჩაატარა კვლევა, კონკრეტულად იმერეთის რეგიონში და ქალაქ ქუთაისში, რამდენად მძიმეა სურათი გენდერული ბალანსის დაცვის კუთხით.

იმერეთის რეგიონში 11 მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი შედის. მოპოვებული მასალების საფუძველზე სტატისტიკა შემდეგია: 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოებში სულ 298 დეპუტატი იქნა არჩეული. მათ შორის მხოლოდ 34 ქალია. ეს 11.4% შეადგენს და აბსოლუტური უმრავლესობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიითაა წარმოდგენილი. 1998 წლიდან ქუთაისის ოთხივე მოწვევის საკრებულოში, სულ ოთხი ქალი იყო და ოთხივე მმართველი პარტიის წარმომადგენელი. დღეისათვის 25 წევრიან საკრებულოში  მხოლოდ ერთი ქალია არჩეული და ისიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით, რაც 4%-ს შეადგენს. ქუთაისში 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 9 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. მათგან პროპორციული სიებით წარმოდგენილი 159 დეპუტატობის კანდიდატიდან ქალები მხოლოდ 18%-ით იყვნენ წარმოდგენილი და ეს ფაქტი დეკორატიულ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან თითქმის არ იყვნენ სიის ათეულში. რაც შეეხება მაჟორიტარებს, 54 დეპუტატობის კანდიდატიდან მხოლოდ 5 ქალი იყო წარმოდგენილი, რაც საერთო ჯამში 9,29% შეადგენს და ვერც ერთი მათგანი ვერ გახდა დეპუტატი. ასევე საინტერესო სტატისტიკაა ცალკეული პარტიების მიხედვით, სადაც აღნიშნულ არჩევნებში ქალები შემდეგი პროცენტებით იყვნენ წარმოდგენილი: დემოკრატიული პარტია: - პროპორციული-31%, მაჟორიტარი-18%; „ქრისტიან-დემოკრატები“-პროპორციული 28%, მაჟორიტარი-10%: „ალიანსი საქართველოსთვის“-პროპორციული 9,52%, მაჟორიტარული-10%: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-პროპორციული-6,6%, მაჟორიტარი-0,0%: „თავისუფლება“-პროპორციული-20%, მაჟორიტარი-0%; „ეროვნული საბჭო“-პროპორციული-25%, მაჟორიტარი-0%; „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“- პროპორციული-9%, მაჟორიტარი-0%, „ეროვნულ - დემოკრატიული პარტია“- პროპორციული-8%, მაჟორიტარი-0%; „სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი- პროპორციული-33%, მაჟორიტარი-0%.

ზემოთ აღნიშნული კვლევებისა და ზოგადად გენდერული პრობლემების შესახებ ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში, ქალის აქტიურ როლსა და მოღვაწეობაზე პოლიტიკაში, სწორედ ამ საკითხების შესახებ ვესაუბრეთ საზოგადოების მონიტორინგისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრ „არგუსის“ ხელმძღვანელს მანანა მანაგაძეს.

 

ჩატარებული კვლევები

 ჩვენ ჩავატარეთ კვლევები, რათა გაგვერკვია, თუ   რამდენად დაბალანსებულია დღეს საქართველოში გენდერული პოლიტიკა. ზოგადად, გენდერული კონცეფციიდან გამომდინარე, არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მისცა ჩვენს ქვეყანას რეკომენდაცია გენდერული ბალანსის დაცვის მოწესრიგების კუთხით, რადგანაც ეს წინაპირობა იქნება, რომ პროცესები დემოკრატიულად განვითარდეს, ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური გახდეს. ამისათვის აუცილებელია, არსებობდეს გენდერული ბალანსი ანუ, გარკვეულწილად, პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქალები. ასეთი კვლევები ნაწარმოები აქვთ გავლენიან და ძლიერ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სწორედ ამიტომ გვაძლევენ მსგავს რჩეებს. ჩვენი კვლევების შედეგად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში შეინიშნება არა წინსვლა, არამედ, მოცემული სტატისტიკის თანახმად, შემცირდა ქალების წარმომადგენლობითი წილი სხვადასხვა საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ორგანოში. შესწავლილი სურათი, რომელიც არსებობს უშუალოდ იმერეთის რეგიონში, კარგად ჩანს სწორედ წარმოდგენილ სტატისტიკაში. დღეს ქუთაისის საკრებულოში არის მხოლოდ ერთი დეპუტატი ქალბატონი, რომელიც ვერანაირად ვერ მოახდენს გავლენას, თუნდაც გენდერულ პოლიტიკაზე, ქალებს ხომ განსაკუთრებული ფაქიზი დამოკიდებულება და საინტერესო ხედვა აქვთ სოციალური საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით. ისიც საინტერესოა, თუ გადავხედავთ მიღებულ ბიუჯეტს და იმ პროგრამებს, რომლებიც ფინანსდება ადგილობრივი ფინანსური რესურსებიდან: შეიძლება ითქვას, რომ ვიღებთ საკმაოდ „მამაკაცურ ბიუჯეტს“ ნაკლებად არის გათვალისწინებული სოციალური საკითხები და - თუნდაც ისეთი საკითხი, როგორიცაა ერთ-ერთი აქტუალური დემოგრაფიული პრობლემა.

საინტერესოა კიდევ ერთი კვლევა - თვითმმართველობაში არსებული სამსახურების ხელმძღვანელ თანამდებობებზე როგორ არის დაცული გენდერული ბალანსი და საოცარი სურათი მივიღეთ. 17 საქალაქო სამსახურიდან მხოლოდ ერთი სამსახურის უფროსი არის ქალბატონი, ანუ გადაწყვეტილების უშუალოდ მიმღები პირი, ხოლო სხვა სამსახურებში ქალები კი მუშაობენ, მაგრამ მხოლოდ საშემსრულებლო ფუნქცია აკისრიათ.

 

ქართულ პოლიტიკაში: რატომ მამაკაცები და არა ქალები?

ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, მაინც ვართ ძველი მენტალიტეტის გავლენის ქვეშ, რომ ქალები აუცილებლად უნდა იყვნენ, ძირითადად, საოჯახო საქმიანობით დაკავებულები და მათი ადგილი პოლიტიკაში ნაკლებად არის. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ უფრო დაცული იყო, შეიძლება ითქვას, გენდერული ბალანსი ქვეყნის მმართველობის სისტემაში, ვიდრე დღეს. თუნდაც XII საუკუნეში თამარ მეფის მმართველობის პერიოდი ავიღოთ და კიდევ ბევრი ქალბატონი, რომლებიც მეფეები არ იყვნენ, მაგრამ აქტიურ როლს თამაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. დღეს კი თავად ქალები იჩენენ დაბალ სოლიდარობას პოლიტიკის მიმართ. როდესაც არჩევნებში ქალების აბსოლუტური უმრავლესობა აქტიურად მონაწილეობს და სოლიდარობა არ არის მაჟორიტარული თუ პროპორციული სიით მყოფი ქალების მიმართ, სწორედ ეს არის საინტერესო, რატომ ხდება ამგვარი რამ? ამ შემთხვევაში მხოლოდ საზოგადოების მენტალობა და ცნობიერება არ არის განმსაზღვრელი. უნდა ვთქვათ, რომ თავად ქალები მოვისუსტებთ თავდაჯერებულობაში. ქალებმა მეტი უნდა იმუშაონ საკუთარი თავის პოპულარიზაციაზე. ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად გვყავს ქალბატონები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობის პირობებში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკაში და გავლენა მოახდინონ მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ასეთი ქალბატონების ცნობადობა დღეს ძალიან დაბალია. თუკი საზოგადოებას არ გააჩნია მათზე საკმარისი ინფორმაცია და არ გაჩნდება კონკრეტული ადამიანების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება, არ დარწმუნდებიან, რომ მათ ნდობა გამოუცხადონ არჩევნებში, ბუნებრივია, ეს პრობლემა კვლავ დიდხანს იარსებებს და ქალებისა და მამაკაცების შეხედულებებიც ერთნაირი იქნება: რომ კაცები უკეთ შეასრულებენ ამა თუ იმ დავალებას, ვიდრე ქალები. ქალებმა ჯერ ვერ შეძლეს, საზოგადოებას დაანახონ, რომ მათ შეუძლიათ გარკვეული პრობლემის დამოუკიდებლად, სოლიდარულად მოგვარება. საჭიროა, საზოგადოებრივად აქტიურმა ქალბატონებმა რომელიმე პრობლემური საკითხი გადაჭრან, კიდევ მსგავსი რამდენიმე ფაქტი და ნდობაც  აუცილებლად გაჩნდება.

 

კანონმდებლობა ევროპაში და საქართველოში

განვითარებულ ქვეყნებში საკანონმდებლო დონეზე ხდება გენდერული ბალანსის დარეგულირება. სკანდინავიის ქვეყნების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ისინი ყველაზე წინ არიან ამ კუთხით. იქ გენდერული ბალანსი 50/50, ან 50/55-ზე არის დაცული თავისი ეკონომიკური მაჩვენებლებითა და პოლიტიკური სტაბილურობით. ეს ქვეყნები ყველაზე მოწინავე ადგილას არიან. საფრანგეთში კანონმდებლობა სერიოზულ ჯარიმებს აკისრებს იმ პარტიებს, რომლებსაც გენდერული ბალანსი დაცული არ ექნებათ, ამას კანონი არეგულირებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ქალების მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულებაა. ჩვენთან კი ამ საკითხის მხოლოდ დეკლარაციის დონეზე მიღება და კანონის არ დამტკიცება, არ ნიშნავს იმას, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანია. მხოლოდ ამაზე საუბარი არ არის საკმარისი.

მიმაჩნია, რომ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: არ შეიძლება, ქალი პოლიტიკაში მოვიდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია და ავალდებულებს კანონი! აქ განმსაზღვრელი უნდა იყოს მისი უნარები და შესაძლებლობები. რადგანაც ეს კანონი იქნება, მან არ უნდა მიიღოს მახინჯი ფორმა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არა ერთხელ გვინახავს, როცა არაჩვეულებრივი კანონია, მაგრამ შემდგომ ცხოვრებაში განხორციელება ხდება არაჯანსაღად და იღებს საკმაოდ არასახარბიელო ფორმას. ქალი უნდა მივიდეს პოლიტიკაში მისი პროფესიონალიზმისა და შესაძლებლობების მიხედვით და არა იმის გამო, რომ ის ქალია.

 

ქალი - პრეზიდენტი

 მე მივიჩნევ, რომ ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, შესაძლოა, საუკეთესო გამოსავალი იყოს ქალი - პრეზიდენტი. მაგრამ ეს ქალი უნდა იყოს თავისი ცნობადობით, პოლიტიკური შესაძლებლობებით, საერთაშორისო ურთიერთობებითა და გამოცდილებით შესაბამისი. ეს იქნება საკმაოდ პოზიტიური და დემოკრატიული გადაწყვეტილება იგივე ამომრჩევლებისა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული არჩევნებით და უნდა იყოს საზოგადოების ნება.

 

ქართველი პოლიტიკოსი ქალები

პოლიტიკური პარტიების სათავეში ჩვენ ძალიან ცოტა გვყავს  პოლიტიკოსი ქალები, სულ რამდენიმე. შეიძლება ითქვას, რომ თავად პარტიის შიგნით ქალები ცოტანი არ არიან, მაგრამ მათი ცნობადობა ნაკლებია. კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი, როდესაც ინტერნეტფორუმებზე ამათუიმ პოლიტიკური საკითხის განხილვაში აქტიურად მონაწილეობენ ქალები, აშკარად იგრძნობა ძველი მენტალიტეტი და დამოკიდებულება ქალების მიმართ: რომ ამ ქალების გასარჩევი გახდა ქართული პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნის ბედი და ქართული სახელმწიფო თუ როგორ იცხოვრებს, ეს ყოველივე მოდის მამაკაცების მხრიდან. დამოკიდებულება არის ნეგატიური,  ზოგჯერ   უცენზურო  სიტყვებიც   კი   ისმის   ხოლმე  ქალი  პოლიტიკოსების მისამართით, შედარებით უფო მწვავე, ვიდრე მამაკაცი პოლიტიკოსების მიმართ, რაც ჩვენი პოლიტიკური უკულტურობის დაბალ დონეზე მიუთითებს.

 

არასამთავრობო სექტორმა რა უნდა გააკეთოს?

 როდესაც პროექტი ხორციელდება, მას უნდა მოჰყვეს შედეგი და ის არ უნდა დარჩეს მხოლოდ კედლებში, სადაც ესა თუ ის სემინარ- ტრენინგი და შეხვედრა ტარდება. ყოველი ქმედება ამ კუთხით უნდა აისახოს საზოგადოებაზე, თუნდაც ინფორმირების კუთხით, თუნდაც სამოქალაქო აქტივობის დონით. როდესაც არის პროექტები, სადაც ქალთა ლიდერობასა და სამოქალაქო აქტივობაზეა საუბარი, ეს უნდა იგრძნოს საზოგადოებამ და არ უნდა იყოს მისგან იზოლირებულად. ცოცხალი პროცესი უნდა მიმდინარეობდეს, ანუ არასამთავრობოებმა გადაამზადონ ლიდერი ქალები და წარუდგინონ ხალხს, ვისზეც ეს ყოველივე არის გათვლილი. ანუ მათ გარეშე ნებისმიერი პროექტი და კარგი ტრენინგ-სემინარიც კი ფაქტობრივად არაფერს წარმოადგენს. ეს იქნება დაკარგული შრომა და უნარები, რესურსები. ჩვენი მიზანია აქტიური ქალების გადამზადება, მისთვის იმიჯის შექმნა, მისი პოპულარობის გაზრდა და ლიდერად ჩამოყალიბება. ყველაზე დიდი წვლილი, ალბათ, მაინც სწორედ ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს შეუძლიათ შეასრულონ.

 

რა უნდა გაკეთდეს გენდერული ბალანსის დასაცავად

 ყველაზე გადამწყვეტი მაინც ის იქნება, თუ კი ქალები ისეთი რაოდენობით მოვიდნენ პოლიტიკაში, რომ ანგარიშგასაწევი ძალა გახდნენ. თუ გენდერული ბალანსი არ იქნა დაცული და პოლიტიკოსი ქალები ვერ გადააჭარბებენ კრიტიკულ ზღვარს, ისინი ვერ შეძლებენ რეალურად რამის შეცვლას. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში დაუბალანსებელი გენდერული პოლიტიკა ხორციელდება, პრობლემა თავად ქალებშიცაა - ისინი, ხშირ შემთხვევაში, არ არიან მზად, ჩაებან კონკურენციაში და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია, აჩვენონ საზოგადოებას, რომ მზად არიან,  აიღონ პასუხისმგებლობა და გაუძლონ გამოწვევებს, მიიღონ გადაწყვეტილება, ან იქონიონ გავლენა მის მიღებაზე, იქცნენ ანგარიშგასაწევ ძალად. მათ აკლიათ თავდაჯერებულობა, ამდენად, ისინი საინტერესო და მიმზიდველები არ არიან პოლიტიკური პარტიებისთვის, ანუ არაკონკურეტუნარიანები არიან და მათი აუცილებელი საჭიროება არ იგრძნობა. შესაბამისად, საზოგადოებაც არ ენდობა მათ. დაბალია ქალთა ურთიერთსოლიდარულობა და ფაქტობრივად, არ არსებობს ურთიერთთანამშრომლობა ლიდერ ქალებს შორის. აუცილებელია მათი კონსოლიდაცია, პოპულარიზაცია, იმ ლიდერული უნარ-ჩვევების დახვეწა და განვითარება, რომლებიც მათ გააჩნიათ, რათა სწორად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები, აჩვენონ საზოგადოებას, რომ ისინი მზად არიან პასუხისმგებლობისა და ცვლილებებისათვის, რომ მათი ნდობა შესაძლებელია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1366
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია