დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იქნებ, შეიქმნას ახალი „იმედი“ სამტრედიაში?
2011/02/22 12:11:40

რკინიგზელთა ქალაქში ბევრს ახსოვს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შექმნილი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „იმედი“, რომლის რეპერტუარში უხვად იყო შესული ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საუკეთესო სიმღერები და საორკესტრო ნაწარმოებები, ფოლკლორული ნიმუშები.

 

ეს საბავშვო კოლექტივი ახალგაზრდა კომპოზიტორმა თამაზ დუნდუამ შექმნა 1981 წელს. თანაქალაქელები მას იცნობდნენ და პატივს სცემდნენ, როგორც უნიჭიერეს შემოქმედს. თამაზმა ამიერკავკასიის რკინიგზის ?14 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ დომენტი შანიძის სახელობის სამუსიკო სკოლა დაამთავრა სამტრედიაში. მაღალ დონეზე ფლობდა რამდენიმე მუსიკალურ საკრავს. „იმედის“ 16 წევრიანმა ანსამბლმა, მისი ხელმძღვანელობით, მრავალჯერ გამართა კონცერტები რუსეთის, უკრაინის, ჩეხოსლოვაკიის ქალაქებში, მრავალ კონკურსში გაიმარჯვა და სხვადასხვა ხარისხის დიპლომები და სიგელები დაიმსახურა.

ათი წელი უძღვებოდა თამაზ დუნდუა ამ შესანიშნავ საბავშვო ანსამბლს, რომლის ნორჩმა ვოკალისტებმა და ორკესტრანტებმა უამრავჯერ დაიმსახურეს ქართველი და უცხოელი მსმენელის აღფრთოვანებული ოვაციები.

სამწუხაროდ, თამაზ დუნდუა გარდაიცვალა და მის მიერ რუდუნებით შექმნილი ანსამბლიც დაიშალა. თამაზს ხუთი შვილი დარჩა, შრომის ასაკის მქონე არც ერთი შვილი არ მუშაობს. გარდაცვლილი მუსიკოსის ოჯახს ეკონომიურად ძალიან უჭირს. „თამაზის მოულოდნელი დაღუპვა დიდი ტკივილია ყველასათვის, - გვითხრა მისმა ქვრივმა, ქალბატონმა გულიკო ჩაჩავამ, - ეს ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე გაგვყვება ყველას, ვინც კი მას ვიცნობდით“.

ცხადია, ქალბატონმა გულიკომ თავი ღირსეულად შეიკავა და არაფერი გვითხრა იმ ეკონომიკური პრობლემების შესახებ, რომელიც დღეს მისი ოჯახი იმყოფება. არადა, მრავალშვილიანი ოჯახი მხოლოდ სოციალური დახმარებით ირჩენს თავს... თხოვნით მივმართავთ სამტრედიის ხელმძღვანელობას, საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი კულტურული ფასეულობები - იქნებ, რაღაც გაკეთდეს გარდაცვლილი მუსიკოსის პატივსაგებად. იქნებ იმ 16-წევრიანი ანსამბლიდან ნახევარმა მაინც შეძლოს, წელიწადში ერთხელ, „იმედის“ შექმნის დღეს, აღადგინოს ტრადიცია და ჩაატაროს კონცერტი სამტრედიის კულტურის ცენტრში. ალბათ, ხელმძღვანელიც შეირჩევა და დაეხმარება ანსამბლის ენთუზიასტ წევრებს რეპერტუარის ნაწილის აღდგენაში მაინც. სცენის სიღრმიდან კი თამაზ დუნდუას სურათიც მოგვგვრის ცრემლებს...

უდროოდ დაღუპულ თამაზ დუნდუას, შეიძლება, ამით მეორე სიცოცხლე დავუბრუნოთ...

იქნებ, შეიქმნას ახალი „იმედი?“

 

იური გელოვანი

სამტრედია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1381
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია