დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ველობილიკებით... ევროპული ცხოვრებისკენ!
2011/01/20 14:06:28

გილოცავთ, ქუთათურებო, დამდეგ შობა-ახალ წელს და ერთი „სასიხარულო“ ამბავი უნდა გაცნობოთ. განსაკუთრებით ველოსპორტის მოყვარულების ყურადღებას ვითხოვ. ძალიან მალე ქალაქში ისეთ ბილიკებს გააკეთებენ ველოსიპედებისთვის, რომ თავად „კაი ბიჭური“ მენტალიტეტის მამრობითი სქესის წარმომადგენლებმაც კი, შესაძლოა, ამ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ტრანსპორტით დაიწყონ მოძრაობა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ შექმნა პროექტი, რომლის მიხედვით 2.5 მეტრის სიგანის ველობილიკები გაკეთდება ახალგაზრდობისა და სულხან-საბას გამზირზე, ავტომშენებლის, ზურაბ ჭავჭავაძის, ორახელაშვილისა და ბუკიას ქუჩებზე. ამ „ევროპული სტანდარტების შესაბამისი გზების“ სიგრძე 30 კმ იქნება და 9 200 000 ლარი დაიხარჯება მათ მოსაწყობად. პროექტს ახლა მუნიციპალური განვითარების ფონდი ამოწმებს და დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკს გადაეგზავნება. სავარაუდოდ, გენერალური სპონსორიც ეს ფონდი იქნება და სამუშაოები გაზაფხულის ბოლოსთვის დაიწყება. „აზიელები“ ისე ზრუნავენ ჩვენზე - ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა განვავითაროთ ქალაქშიო და რაღა გვეთქმის ახლა... მადლობის მეტი.

რატომაც არ ივლიან ქუთაისელები ველოსიპედებით, თუკი კეთილმოწყობილი ველობილიკები გვექნება?! საკანალიზაციო ჭების სახურავებზე მანქანის საბურავების „ხათქუნს“ ასე არ სჯობს?! თანაც ჯანმრთელობასაც გავუფრთხილდებით...

რის საფუძველზე გაუჩნდა ადგილობრივ მთავრობას მსგავსი პროექტის შექმნის ინიციატივა? ქუთაისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსის ვასილ მებურიშვილის თქმით:     „ეს არის ძალიან თანამედროვე მიდგომა, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში განვითარებულია ველოსპორტი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით წარმოიშვა ეს იდეა და ქალაქის საზოგადოებამაც მოიწონა.“

თანაც, ტურისტები რომ ჩამოვლენ, რაღაცით მაინც ხომ უნდა მოვიწონოთ თავი? თუმცა ძალიან საეჭვოა, რომელიმე უცხოელმა ველოსიპედით სასეირნოდ ბუკიას ქუჩა აირჩიოს. ცენტრალურ უბნებს კი ასეთი ფუფუნება არ ექნებათ (მაგათ ისიც ეყოფათ, „რეაბილიტირებულს“ რომ უწოდებენ), რადგან პროექტის მიხედვით „მწვანე“ გზების გაკეთება მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ ქუჩებზე იგეგმება.

რამდენი რამ გვაშორებს ევროპულ სტანდარტებს (არსებული პრობლემები თქვენ ჩემზე უკეთ იცოდეთ, შეიძლება) და ევროპული ქალაქების ცხოვრების დონეს, მაგრამ მათთან დაახლოებას ველობილიკების მოწყობით ვიწყებთ.

კითხვაზე, თუ რა მომავალი აქვს ქუთაისში ამ ტრანსპორტს და მისთვის განკუთვნილ გზას, არქიტექტურის სამსახურის უფროსის პასუხი ასეთია: „ქუთაისი მეორე დედაქალაქად ითვლება და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც ჩვენთან განხორციელდება.“  

ჩემი თანაქალაქელების უმრავლესობა კი გულგრილად და ეჭვის თვალით უყურებს ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობას. გამოკითხვა ჩავატარე და 30 ქუთაისელიდან 28 მიიჩნევს, რომ ქალაქში არც აქამდე დაუნახავთ ველოსიპედით მოძრავი ხალხი და ვერც აწი დაინახავენ...

მხოლოდ ადგილობრივი მთავრობა კი არა, ცენტრალური ხელისუფლებაც ცდილობს, თავიანთი კომფორტის ხარჯზე ხალხის ჯანმრთელობისთვის იზრუნოს. მომავალი წლიდან (4 წლის განმავლობაში) მთავრობის წევრებისთვის მექსიკიდან 4000 „ნისანის“ მარკის ავტომობილს შემოიყვანენ, რომელთა საერთო ღირებულება 164 მილიონი დოლარი იქნება.

მთავრობა ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს, რომ მერე ძვირადღირებული მედიკამენტები, ან ექიმთან ვიზიტი აღარ დაგვჭირდეს.

მეც ყველა ქუთათურს ამ საახალწლოდ 41000 დოლარიან „ნისანის“ მარკის ჰიბრიდულ ელექტრომანქანას გისურვებთ ავტოფარეხში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1337
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია