დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„დაურეკეთ თბილისს, ჩვენი ზემდგომი გიპასუხებთ!“
2011/06/06 12:40:14

ჟურნალისტის თვალით დანახული, საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები

 

„უთბილისოდ საქართველო სიზმარშიაც არა მწამს,“ - ხშირად მახსენდება ეს სიტყვები იმ მომენტში, როცა ჩინოვნიკების კაბინეტებიდან იმედგაცრუებული გამოვდივარ. ამ დროს ვერც საჭირო ინფორმაცია გამომაქვს და თან მეთერთმეტე კლასის გეოგრაფიის გაკვეთილი ამოტივტივდება ჩემს მეხსიერებაში, მასწავლებელი რომ მიხსნიდა უნიტარულ და ფედერაციულ სახელმწიფოებს შორის განსხვავებას. უნიტარიზმის შემთხვევაში ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები უშუალოდ ემორჩილებიან ცენტრალურ ხელისუფლებასო, ფედერალიზმის დროს კი ქვეყნის ცალკეულ ნაწილებს მინიჭებული აქვთ შესამჩნევი თვითმმართველობაო. მასწავლებელი იმასაც მეუბნებოდა, საქართველოს სტატუსი ამ მხრივ გაურკვეველიაო.

მაშინ არ მჯეროდა და არც ვუფიქრდებოდი ამას დიდად, ახლა კი ეს გაურკვევლობა ხშირად ბევრ პრობლემას მიქმნის არა მარტო მე, არამედ ბევრ ჩემს კოლეგას და თავად ჩინოვნიკებსაც.

ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა: რა შუაშია გეოგრაფიის გაკვეთილი და ჩინოვნიკების კაბინეტებიო? საქმე ის არის, რომ ადგილობრივ მოხელეებს ხშირად ინფორმაციის გაცემა თბილისის ნებართვის გარეშე არ შეუძლიათ, ან მეორე პრობლემას ვაწყდებით - ესა თუ ის კონკრეტული საკითხი, თურმე, მათ არ ეხებათ და შესაბამისი ინფორმაცია არ აქვთ. მაგალითად, განათლების სისტემა მთლიანად დახურულია ჟურნალისტებისთვის, არც ერთ მასწავლებელსა და დირექტორს არ აქვს უფლება ჩვენთვის კომენტარის მოცემისა. რესურსცენტრში მისულს კი ლადო პატარიძე (ხელმძღვანელი) გეუბნება, რომ უნდა დაუკავშირდე თბილისს. იგივე მდგომარეობაა წყალმომარაგების სისტემაში,    „თბილისის გარეშე“ ინფორმაციის ერთი წვეთი ვერ გამოჟონავს იქიდან. აღარაფერს ვამბობთ ძალოვანი უწყებებიდან საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაზე, ის კი არადა, პოლიციის შენობებისთვის ფოტოების გადაღებაც გვეკრძალება. ასეთივე მდგომარეობაა სასჯელაღსრულების, ლტოლვილთა და განსახლების, კავშირგაბმულობის, ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სფეროებში.

არადა, აბსურდული საკითხია, როცა ქუთაისის რომელიმე სკოლაში შექმნილ პრობლემაზე მიმართავ „თბილისს,“ ვითომ მათ უკეთ ეცოდინებათ ეს ინფორმაცია, ვიდრე - მათი უწყების ადგილობრივ წარმომადგენლებს.

გნებავთ, აიღეთ ავტოქარხანაში წყალმიმწოდებელი დაზიანებული მილის შეკეთების საკითხი, ამაზეც „თბილისმა“ უნდა გასცეს ნებართვა, რადგან ადგილობრივ ხელმძღვანელს, როგორც იქ მისულს მათმა პრესსამსახურმა ამიხსნა, თურმე, ჟურნალისტებთან უშუალო საუბრის უფლება არ აქვს. თუ კეთილგანწყობა გამოიჩინა, შეიძლება ინტერნეტით გაგზავნილ კითხვებზე პასუხები გამოგიგზავნოს, მაგრამ ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია.

ქუთაისში დევნილების საცხოვრებელი პირობების შესახებაც მხოლოდ დედაქალაქიდან გაგვცემენ საკადრის და ზუსტ პასუხს. მათ გვერდით უნდა განვიხილოთ სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისიც, რომელიც ინფორმაციას თბილისის ნებართვის გარეშე არ სცემს, ან საერთოდაც თბილისს ევალება ჩვენთვის პასუხის გაცემა. მაშ, რა ფუნქცია აკისრიათ მათ წარმომადგენლებს აქ? ხშირად ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ვსუნთქავთ, იქნებ ამის ნებართვაც „თბილისს“ უნდა ვთხოვოთ, რაიმე „დანაშაულს“ ხომ არ ჩავდივართ ჩვენი ამ „თვითნებობით?“

ამ დროს კი ხელისუფლების პირველი პირები, სატელევიზიო კამერების წინ, როგორი მონდომებითა და დამაჯერებლობით გვიყვებიან ქვეყნის დეცენტრალიზაციაზე. გვეუბნებიან, რომ თვითმმართველობები თავისუფლად მოქმედებენ, აქვთ დამოუკიდებლად მოქმედების უფლება, რომ გადმოიტანეს ბევრი სახელმწიფოს წამყვანი უწყება ქუთაისსა თუ ბათუმში და თბილისი „თავკომბალად“ აღარ უნდა ითვლებოდეს.

მაგრამ რეალობა სხვაზე მეტყველებს.

მეორე გულისგამაწვრილებელი საკითხია სახელმწიფო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები, რომლებშიც საკმაოდ ბევრი კადრია დასაქმებული, მაგრამ საქმის გამკეთებელი მათგან ძალიან ცოტაა. ძირითადად, ხელფასს იღებენ (არც თუ ცოტას) და ინტერნეტში ერთობიან. ჟურნალისტის ზარებს ან არ პასუხობენ, ან პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობენ. მაგალითად, შემიძლია დავასახელო „დასავლეთის წყალის“, „საქართველოს რკინიგზის“, ძალოვანი სტრუქტურების და სხვათა პრესსამსახურები.

არსებობს ბროშურა სახელწოდებით „პრესმედიატორი,“ რომელშიც ასეთ სიტყვებს წავაწყდი: „პრესმოხელეს, რომელსაც ყოველდღიურად უწევს მედიასთან ურთიერთობა და როგორც წესი, მისი ნებისმიერი გამონათქვამი ოფიციალურ განცხადებად ან თუნდაც ხელისუფლების პოზიციად აღიქმება, უნდა ახსოვდეს, რომ არ არსებობს არავითარი უწყებრივი ან თუნდაც სახელმწიფო ინტერესებით გამართლებული არგუმენტი, რომელიც მას რაიმე სახით საჯარო ინფორმაციის დამალვას და, მით უმეტეს, დამახინჯებას დაავალდებულებს.“

ძალიან კარგი გამოსავალია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. ხელფასიც არის  და   არც   თუ   ბევრი   საქმე,      „წაყრუებაც  მოსულა“  და  ხელის  სხვისკენ გაშვერაც. მაგრამ ერთი თვისება უნდა გქონდეთ, როცა ფეხს შედგამთ პრესსამსახურში:   მორჩილი   და   დამყოლი   უნდა   იყოთ,   რომ  გეტყვიან, რიონი აღმა მიდისო, უნდა დაეთანხმოთ და გაითავისოთ, რომ ნამდვილად ასეა. სხვა შემთხვევაში, კარს მოხურავენ და              „ცხვირიც ჩაგეტნეთ“, შეიძლება.

საბოლოოდ კი, ვიდრე ჩინოვნიკები, კაბინეტებიდან გამოსული რედაქციამდე მოვალ, ისევ ამ დაწყევლილ ფედერალიზმსა და უნიტარიზმზე ვფიქრობ. იქნებ გავარკვიოთ, რომელი წყობა სჯობს ქართველებისთვის? მგონი, ისევ უნიტარიზმი აჯობებს, ჩვენ ხომ არ გვიყვარს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ჩვენი შეცდომების გამოსწორება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1451
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია