დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გასული წლის პოლიტიკური დაიჯესტი
2012/01/09 13:33:12

დავიწყოთ იმით, რომ (არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევებით), საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, საქართველოში 200-მდე პოლიტიკური პარტიაა და დაახლოებით 10 მათგანი მეტნაკლებად აქტიურ საქმიანობას ეწევა. გასულ წელს ამ პოლიტიკური პარტიებიდან ბევრი ერთმანეთს შეერწყა, ბევრი კი გაემიჯნა. რაც შეეხება ფსევდოოპოზიციონერებს, ისინი, დიდი ხანია, სახელისუფლებო შტოებთან თანამშრომლობენ.

 

 

მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, 2011 წელს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა, უშედეგო აღმოჩნდა. კვლავ უმთავრეს პრობლემად რჩება ეკონომიკური უთანასწორობა და მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. დასაქმების პრობლემა კი 2012 წელშიც იგივე აქტუალობით გადმოვიდა.

ყველა და ყველაფერი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისთვის „გულის ამაცახცახებელი“ მაინც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა იყო.

„ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს, თუმცა ჯერ ან თავად არ იცის, ან საზოგადოებას ვერ უმხელს იმ პროგრამას, რომლითაც ქვეყნის მართვას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედებები და პოლიტიკური ორიენტაციები არაერთხელ გაიშიფრა. ცხადია, კრემლს მოსწონს საქართველოს შიგნით დაპირისპირების გაღვივება, ისეთი განცხადებები, როგორსაც ბატონი ივანიშვილი აკეთებს.“ - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი (ghn).

ივანიშვილის წყალობით დატოვა პარტიის რიგები ლეიბორისტმა ნესტან კირთაძემ. ბიზნესმენის „პინგვინებს“ კენგურუ პოლიტიკოსებიც შეემატნენ გრძელ-გრძელი ნახტომებით, თუმცა ბატონმა ბიძინამ ბევრ მათგანს ეჭვის თვალით შეხედა.

„მაესტროში“ ატეხილი ამბები კი წლის დამაგვირგვინებელ მოვლენად იქცა. ბევრმა იგი ივანიშვილს დაუკავშირა, ბევრმა კი სახელისუფლებო ავანტიურად მიიჩნია:  ანდაზაა -       „მტკივანი თავიდან ჯანმრთელ თავზე უნდათ პრობლემის გადატანაო.“ ოპონენტებს ბოდიშს ვუხდით, მაგრამ ეს პრობლემები შიგნითაა და ჩვენ ნურაფერს დაგვაბრალებენ. ვისაც არ ეზარება, ყველა თითს ჩვენკენ იშვერს, მაგრამ ეს არც პირველი დაბრალებაა და არც უკანასკნელი!“ - ოპონენტებს პასუხად ეს დაუბრუნა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, როცა ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ მაესტროს ამბები ხელისუფლების მხრიდან იყო მართული.

„ცუდია, რომ ძალიან ბევრისთვის მაესტრო იქცა ქონებად, რომლითაც შესაძლებელია ფული გაკეთდეს. ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობა მისცენ, ჭიდაობა მიდის, თუ ვინ რამდენად გაყიდის და რა ოდენობის ფულს გააკეთებს“. - ასე შეაფასა ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ წლის სამაუწყებლო პრობლემა.

ასეა თუ ისე, გასულ წელსაც არ გაიღო ნატოს კარები ჩვენი ქვეყნისთვის, სამაგიეროდ, ხშირად გვსტუმრობდა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჯეიმზ აპატურაი, რომელიც გამუდმებით გაიძახის საქართველოს შესვლის აუცილებლობაზე ნატოში.

ნატომდე კი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი პრეზიდენტმა ასაშენებელ ქალაქ ლაზიკას მიანიჭა, რომელმაც  უკვე დააფრთხო ჩრდილოელი მეზობელი სახელმწიფო - „ნუღარ გვიჩრდილავ, მიშა, კურორტებსო!“

ასაშენებელმა ლაზიკამ, მართალია, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ, რაკი მთავრობამ მტკიცედ გადაწყვიტა ქალაქის აშენება, აშენდება კიდეც. პრეზიდენტის განცხადებით, ანაკლიიდან ყულევამდე ტერიტორიაზე აღმოცენდება ახალი ქართული ქალაქი ლაზიკა.

„ჩვენ ვიცით, რომ მთელი მსოფლიო მიზანსწრაფულად ვითარდება. მთავარი სავაჭრო გზები ზღვაზე გადის. ასე განვითარდა თავის დროზე კოლხიდა, აქედან წარმოიქმნა ძველი მითები, რომლებიც ჩვენ გვიკავშირდება. ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ანაკლიის გაგრძელებაზე დავაფუძნოთ ახალი დიდი ქალაქი, რომელსაც დავარქმევთ ლაზიკას. ეს დიდი ქალაქი იქნება, სადაც, ჩვენი ვარაუდით, 10 წელიწადში მინიმუმ ნახევარი მილიონი მცხოვრები იქნება და სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქი იქნება, თბილისის შემდეგ. ჩვენ წინ გვაქვს დიდი მშენებლობები და ძალიან თავზე ხელაღებული გეგმები. ეს ჩემი ოცნება და კრიზისი არ არის, ეს არის ის, რაზეც მუშაობა დავიწყეთ და ჩვენ რასაც ვამბობთ, ყოველთვის ვაკეთებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საინტერესოა,    პრეზიდენტმა „თავზეხელაღებულ გეგმებში“ რა იგულისხმა, მაგრამ, ალბათ, „შემინული შენობების ქვეყნად“ მალე გვაღიარებენ. თუმცა მთავრობის 2011 წლის მთავარი საფიქრალი ხელისუფლებისა მაინც არის ივანიშვილი. პოეტი რატი ამაღლობელი  ქართულ  პოლიტიკას  „შმორის სუნიანს“ უწოდებს. საქართველოში შექმნილი ვითარება მან შექსპირის ჰამლეტს შეადარა. „სამშობლოში დაბრუნებული ჰამლეტი გრძნობს რაღაც სუნს, რაღაც არასწორს, არამართებულს, არაჯანსაღს, ეს შმორის სუნი იგრძნობა და ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი“ - ეს სიტყვები პოეტმა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე გააკეთა.

2012 წლის სავარაუდო კონფლიქტების მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველოც მოიაზრება. ანალიტიკოსებმა ამ წლის პროგნოზების შემოთავეზება გასული წლიდან დაიწყეს. ბევრი მათგანი არ გამორიცხავს კონფლიქტების წარმოქმნის შესაძლებლობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ამის შესახებ erusainet org-ის მიმომხილველი ჯოშუა კუცერა ამბობს: „საქართველოში არჩევნებისთვის მზადებამ, შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს ახალ საიდუმლო შეთქმულებებს, რომლის ტალღაც ჩრდილო ქვეყნებისთვის უცხო არ იქნება“.

მანამდე კი ხელისუფლება შემინული სასახლეებით თავს იწონებს. არადა, ერთი წლით ადრე გაზრდილი პენსიების მოლოდინში მოსახლეობას უკვე გადაავიწყდა, რომ სექტემბრიდან 15 ლარით მეტს აიღებს ყოველი თვის ბოლოს.

წლის წარმატებულ პროექტად, პოლიციის გამჭვირვალე შენობებთან ერთად, აღიარეს იუსტიციის სახლების მშენებლობა საქართველოში. ქუთაისში მოჩახჩახე მთავრობის სახლთან და კონტროლის პალატის შენობის გვერდით უკვე იწონებს თავს იუსტიციის სახლი.

ასეა თუ ისე, ჩვენი მთავრობის პოლიტიკურ, მავანთაგან „შიზოფრენულად“ შერაცხულ მანევრებს გაგრძელება ამ წელშიც ექნება. გაიხსნება ახალი პარლამენტი, რომლის ფუნქციაც, შესაძლოა, ისეთივე ბუტაფორული იყოს, როგორიც - წარმტაცად მოჩახჩახე მთავრობის სახლის. პარლამენტარები თბილისში არ ესწრებიან სხდომებს და ნაკლებად მოსალოდნელია, რიკოთი გადმოკვეთონ.

რაც შეეება ახლადგახსნილ საავადმყოფოებს, პაციენტებისთვის იქ მკურნალობა ნაკლებად ხელმისაწვდომია სიძვირის გამო.

მშენებარე შადრევნების და მოძრავი ქანდაკებების მშენებლობა  გაგრძელებას ამ წელშიც პოულობს. თამარ კვესიტაძის ბათუმური მოძრავი „როტაცია“ პრეზიდენტის გასული წლის წარმატებაა: „ბათუმი მართლაც ხელოვნების კერა ხდება, „როტაციაც“ ისეთივე პოპულარული და გამორჩეული იქნება, როგორიც მისი „ალი და ნინოა“.

მართალია, „ალი და ნინო“ საზოგადოებისთვის ნაკლებ საინტერესოა, მაგრამ მომავალი არჩევნები გვიჩვენებს, რა გაუკეთებია მთავრობას გასულ წელს. 2012 წლის მთავრობის        „თავის ტკივილი“ კი მაინც ბიძინაა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1425
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია