დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გაზაფხული-ზაფხულის მოდის ჩვენება თბილისში
2010/11/29 14:10:51

20-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, გრატო პასაჟი თბილისის მოდის რიგით მეორე კვირეულს მასპინძლობდა. ოთხი დღის განმავლობაში თვრამეტმა დიზაინერმა 2011 წლის გაზაფხული-ზაფხული ქალის კოლექცია წარმოადგინა. კვირეულის ორგანიზატორმა ჯეო ფეშენმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად ჩვენებაზე მოსულ საზოგადოებას საკმოდ უჩვეული გარემო შესთავაზა. ჯერ კიდევ დაუმთავრებელი და სარემონტო მდგომარეობაში მყოფი სავაჭრო ცენტრი გრატო პასაჟი პიკანტურ გარემოს ქმნიდა, რამაც ხელი  შეუწყო დიზაინერებს, სრულად განეხორციელებინათ თავიანთი ფანტაზია.

საღამო „ჯეო ფეშენის“ დამფუძნებელმა, მიმდინარე ჩვენების ორგანიზატორმა თაკო ჩხეიძემ გახსნა და მაყურებლებს რობერტო კავალის მიერ გამოგზავნილი ვიდეო წერილი აჩვენა. „ეს არის საკმაოდ გულთბილი წერილი რობერტოსგან, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ჩამოსვლა,“ - აღნიშნა თაკომ. თბილისის მოდის კვირეული საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ყოველდღიურად ოთხი დიზაინერი წარმოადგენდა თავიანთ კოლექციას და მაყურებლებსაც ჩვენებებს შორის მუდმივად უწევდათ სიარული დარბაზსა და ე.წ. კარავს შორის. თუმცა „გრატო პასაჟის“ ეზოში გაშლილ დიდ თეთრ კარავში ჩვენების გამართვამ გაამართლა. მოწვეული საზოგადოება ახალი გარემოთი კმაყოფილი დარჩა, თან უფრო დიდი სივრცე კარგი საშუალება იყო კოლექციის უკეთ აღსაქმელად.

შემოდგომის კვირეული Atelier 10a-მ გახსნა, რომელსაც თეონა თავართქილაძე და იკა ბობოხიძე წარმოადგენდნენ. წარმოდგენილი იყო კოლექცია მშვიდი ქალისთვის, რომლის კოსტიუმებიც ზურგზე მოცულობითი დეტალებით გააფორმეს. პირველი დღის ჩვენებები ლიკა ალდაშვილმა - მაქმანებიანი უსახელო კაბებით და ნინო კაჭარავამ - ზაფხულის კოლექციით გააგრძელეს. დღის ბოლოს კი გრანდიოზული შოუ გამართა დათუნა სულიკაშვილმა, რომელმაც ცალსახა მოწონება დაიმსახურა. ქართული ეროვნული მუსიკის ფონზე ახალგაზრდა დიზაინერმა მთავარ თემად მონაზვნის სახე აირჩია. შოუს მთავარი ელემენტი კი იყო მბრუნავ ცენტრში მდგარი მონაზონი, რომლის ირგვლივაც ბავშვურ ტანსაცმელში გამოწყობილი მოდელები იდგნენ.  მაყურებლებმა ტაშითა და ოვაციებით გამოხატეს თავიანთი სიმპატია.

ანი კოშაძე („უნიქარდის“ პიარ-მენეჯერი): ძალიან კარგი ჩვენება იყო.  დახვეწილი მოდელები არიან, ჩვენებიდან ჩვენებამდე, კვირეულიდან კვირეულამდე იზრდებიან. ამაში მეც მიმიძღვის წვლილი, ვინაიდან თაკო ჩხეიძის სტუდია „ჯეო მოდელში“ ვასწავლი გოგონებს სიარულს და მიხარია, რომ ჩემს გაზრდილებს ვხედავ პოდიუმზე. კარგად დადიან, პლასტიურები არიან, საინტერესოდ წარმოაჩენენ ტანსაცმელს. რაც შეეხება თვითონ ჩვენებებს, ძალიან კარგადაა ორგანიზებული და კმაყოფილი ვარ.

მეორე დღე ახალგაზრდა, მაგრამ უკვე წარმატებულმა დიზაინერმა ბიჭოლამ გახსნა. კარავში გამართულმა ორიგინალური კოლექციის გამოფენამ დაჩრდილა კვირეულის დანარჩენი ჩვენებები. ახალგაზრდა დიზაინერმა შიფონის ჰაეროვან და ნაზ კაბებს შეუხამა ასევე ნაზი და ორიგინალური ფორმის ფეხსაცმელი. ხორცისფერ და ყავისფერ კაბებში გამოსულ მოდელებს მაყურებელი ოვაციებით ხვდებოდა, თუმცა დასასრულს არავინ ელოდა  წითელ ჰაეროვან კაბასა და „ფუშფუშა“ ფეხსაცმელებში გამოწყობილ გოგონას, რომელმაც აღაფრთოვანა  მთელი დარბაზი. ბიჭოლას კოლექციას შოუს ელემენტებიც ჰქონდა. ორიგინალური ვარცხნილობის მქონე, თმაში წითელი ლენტით გადაბმულმა მოდელებმა დაასრულეს ჩვენება. 

ბიჭოლა თეთრაძე (დიზაინერი): ძალინ კარგად მიდის კვირეული. კარგად ტარდება, მომწონს გარემო. დაუმთავრებელი შენობა ძალიან ლამაზია. კმაყოფილი ვარ ორგანიზებით, ჩემი კოლექციით და ზოგადად დიზაინერებით. კარგია, რომ იბადება მოდის კვირეულები. საშუალება  ეძლევათ დებიუტანტებს, რომ გამოჩნდნენ და, რა თქმა უნდა, კარგია არამარტო დებიუტანტებისთვისაც, რომ ვიყოთ უფრო გამყარებულნი და ვაჩვენოთ კოლექციები. კარგია, მიხარია, რომ კეთდება ასეთი კარგი საქმე ქართული მოდის ინდუსტრიის გასავითარებლად.

საინტერესოდ გაგრძელდა შემდეგი დღეც. მოდის სახლმა მატერიამ ორი  სახის კოლექცია წარმოგვიდგინა, ერთი - საქმიანი ქალისთვის, რომელიც, დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მაინც არ კარგავს ელეგანტურობას. მეორე მხრივ წარმოდგენილი იყო  შიფონის თხელი და გამჭვირვალე კაბები. დღე ნინო აბესაძისა და ATARE-ს ჩვენებით დასრულდა.

მოდის კვირეული მესამე და მეოთხე დღეს საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილმა დიზაინერებმა წარმოადგინეს თავიანთი კოლექციები. ამ კოლექციების ავტორები იყვნენ: გვანცა ჯანაშია, მარიკა კენჭაძე, მანან ანთელიძე, გიორგი შაღაშილი, სალომე ამანათიშილი, მურა მოსკო, ანა ჩანგიანი და თამარ ნადირაძე. მათ შორის იყო ნინო ჩუბინიშილიც, რომელმაც დათუნა სულიკაშვილის მსგავსად ქართულ ეროვნულ მოტივებზე შექმნილი მუსიკის თანხლებით წარმოადგინა თავისი კოლექცია. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ნინო ჩუბინიშვილი, იგივე ჩუბიკა, წინა მოდის კვირეულის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს და პიერ კარდენის სიმპათიაც დაიმსახურა.

ლელა წურწუმია (მომღერალი): ძალიან კარგია და მივესალმები, რომ ასე ხშირად ტარდება ჩვენებები, მოდის სფერო ყურადღების ცენტრში მოექცა. კარგია, რადგან ქართველებს გვიყვარს კარგად ჩაცმა. გემოვნებიანი ხალხი ვართ. მე რამდენიმე ჩვენებაზე ვიყავი და, სიმართლე გითხრათ, ვერ დავრჩი აღფრთოვანებული. რამდენიმე დიზაინერთაგან, რომელიც ვნახე, ვიტყვი, რომ ხარისხთან ახლოს არც ერთი არ იყო. საერთოდ ვერ გავიგე, რას გულისხმობდნენ, უხარისხო ქსოვილები ჰქონდათ წარმოდგენილი. არ ვიყავი დათუნა სულიკაშილის ჩვენებაზე და მითხრეს, რომ ძალიან კარგი იყო. ჩუბიკა კი, საერთოდ, სხვა განზომილებაშია, საინტერესო და უნიჭიერესი ქალია.

მოდის კვირეულის მეხუთე დღე ახალგაზრდა დიზაინერებს დაუთმეს. „ჯეო ფეშენი“ და თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი სხვა კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან. კვირეულის ბოლო დღეს კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა თვრამეტი „ნიუქამერი“. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი სტუმრებისა და ქართველებისაგან  დაკომპლექტებულ ჟიურის ერთი გამარჯვებული უნდა გამოევლინა, მათი მოწონება ორმა დამწყებმა დიზაინერმა დაიმსახურა და  არჩევანი  გიორგი ქებურიასა და თამუნაზე შეაჩერეს.

მოდის კვირეულის ბოლო დღისთვის სპეციალურად ამ ჩვენებისთვის ნიუ-ორკში მოღვაწე ქართველი დიზაინერი უტა ბექაია ჩამოვიდა. 

კვირეული ყველასათვის ცნობილმა დიზაინერმა თამუნა ინგორყვამ დახურა. მისი ჩვენება ორი ნაწილისგან შედგებოდა: პირველ ნაწილში წარმოადგინა პასტელური ფერებისგან შექმნილი ჰაეროვანი კონსტრუქცია, ხოლო მეორე ნაწილში მდგრადი ნაჭრისგან შეკერილი მოკლე და კომფორტული სამოსი.

მანანა ანთელიძე (დიზაინერი): მე ვთვლი, რომ ყველაფერი, რაც თავად არ მოეწონათ წინა ჩვენებებზე, გამოასწორეს. ძალიან ჯანსაღი გარემო იყო და ეს ჩემთვის როგორც დიზაინერისთვის, ძალიან კომფორტულია. რაც შეეხება „ნიუქამერებს“, ერთი კონკრეტულის  გამოყოფა გამიჭირდება. კარგია, რომ  სამხატვრო  აკადემიამ  დაიწყო  სერიოზული  მუშაობა  და ახალგაზრდებს მეტ-ნაკლებად ეტყობათ უკვე მოდის განათლება.

თბილისის მოდის შემოდგომის კვირეული დასრულდა, დიზაინერები და მოდელები ექვსი თვით ემშვიდობებიან მოდისა და ჩაცმის მოყვარულ საზოგადოებას.

 

მარიამ ბებურიშვილი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია