დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არა ძალადობას!
შიდსით დაავადებულ ტრანსგენდერს პოლიციამ და სამედიცინო კლინიკამ დახმარება არ აღმოუჩინა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/03/09 20:46:38

საქართველოში ხდება თუ არა კიდევ ადამიანის დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის მიხედვით? ითვლება თუ არა აივ ინფექციით დაავადებული ადამიანი ,,ზედმეტად“? ამ კითხვებზე არაერთგვაროვანი პასუხები ხშირად ისმის, თუმცა ჩვენ ახლა ექსკლუზიურად გაგაცნობთ სკანდალური ახალგაზრდის, ვახტანგ ოქროპირიძის, განცხადებას, რომელიც ყველაზე მეტად ,,ბედუკაძის საქმიდან“ დაამახსოვრდა საზოგადოებას.

 

როგორც ის აცხადებს, არის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა და აივ ინფექციის მატარებელი, ამის გამო მას სცემეს და არც სათანადო ყურადღება მიაქციეს ჯანდაცვის დაწესებულებებში. ასევე ექსკლუზიურად გთავაზობთ მის ფოტოს, სადაც ნათლად ჩანს ცემის ნაკვალევი.

 

,,2014 წლის 7 მარტს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ვიმყოფებოდი ე. წ „ თურქულებში“, სადაც ტრანსგენდერ „ზიზისა“ და „გაბრიელას“ მოუვიდათ ფიზიკური დაპირისპირება. ვცდილობდი არსებული მდგომარეობის განეიტრალებას, ამ დროს დაცვის თანამშრომელმა დამიწყო გინება, რაზეც მეც ასევე შევაგინე მას. ამის შემდგომ დაცვის თანამშრომელმა გამოიწია დასარტყმელად, ამის გამო გავიქეცი, ხოლო დაცვის თანამშრომელმა თავის 7- მდე კოლეგებთან ერთად გამომეკიდა და კუთხეში მიმიმწყვდიეს.

 

უმოწყალოდ გამისწორდნენ: მარტყამდნენ ხელკეტებს, დამაგდეს იატაკზე და წიხლებით ცემა დამიწყეს მუცლის არეში. მაშინ, როდესაც მცემდნენ, გამოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება და მათ უბრძანა ცემის შეწყვეტა. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც არ შეჩერდნენ და გამეტებით მცემდნენ.

 

როგორც იქნა, მოვახერხე გაქცევა და მივმართე იქვე შესასვლელში მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, რომელიც ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოიძახეს. საპატრულო პოლიციის ბრიგადამ, მიუხედავად კლუბის შესასვლელში მიმდინარე უმძიმესი დაპირისპირებისა, ნელი სვლით განაგრძო სიარული და არ ჩაერია სიტუაციის განეიტრალებაში. პოლიციის მოსამსახურეებს განვუმარტე ჩემ მიმართ ძალადობის განმახორციელებელი პირების შესახებ და დავანახე კონკრეტულად ორი პიროვნება, რომელიც ამოვიცანი.

 

ამ დროს დაცვის თანამშრომელმა საპატრულო პოლიციის თანდასწრებით კვლავ დამარტყა ხელი. საპატრულო პოლიციმ გამიყვანა შემთხვევის ადგილიდან და დაუძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელიც უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ნაცვლად დაზიანებული ადგილების დამუშვებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა, იწერდა ჩემს საიდენტიფიკაციო მონაცემებს.

 

პოლიციის თანამშრომლებს კატეგორიულად მოვთხოვე, დაეკავებინათ ის პიროვნებები, რომლებიც ამოვიცანი, რაზეც პოლიციის თანამშრომლებმა მომთხოვეს მეჩვენებინა მათთვის, თუ ვინ განახორციელა ჩემ მიმართ ფიზიკური ძალადობა. იმ მომენტში მხოლოდ ერთ ერთი მათგანი დავინახე შეკრებილ ხალხს შორის, შესაბამისად, მეორე პიროვნება უკვე ან მიმალული იყო, ან საპატრულო პოლიციამ შეგნებულად გააქცია შემთხვევის ადგილიდან, ვინაიდან, სავარაუდოდ, ის თაბუკაშვილის განყოფილების თანამშრომელი იყო.

 

 

ამის შემდეგ გადამიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის რეანომობილში, უკვე გულის რევა და თავბრუს ხვევა მქონდა, სამედიცინო ბრიგადამ რეანომობილში ჩემი ტრანსგენდერობისა და აივ დადებითი სტატუსის გამო არ აღმომიჩინა სათანადო დახმარება, უმძიმესად ნაცემი და პრაქტიკულად გათიშვის პირას მყოფი დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში რეანომობილში მამყოფებდნენ, ამის შემდგომ ჩემი დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, როდესაც უკვე მე დავიწყე ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან საუბარი, გადამიყვანეს მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში, კლინიკის მიმღებში არ შემეძლო საკუთარი ფეხით შესვლა და რეანომობილის ექიმს ვთხოვე შევეყვანე საკაცით, ვინაიდან სიარულის ძალა უკვე პრაქტიკულად წართმეული მქონდა.

 

ჩემს მოთხოვნაზე რეანომობილის ექიმმა მიპასხა, რომ ჩემი ფეხით უნდა შევსულიყავი საავადმყოფოში, რადგან რეანომობილის საკაცე დაზიანებული იყო. მოვითხოვე ეტლი, რაზეც უკვე კლინიკის მედდამ მიპასუხა, რომ ეტლი არ ჰქონდათ და მე ჩემი ფეხით უნდა შევსულიყავი საავადმყოფოში, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. კლინიის მედდას ვთხოვე კვლავ ეტლის მოყვანა და ასევე განუმარტე, რომ ვარ აივ დადებითი სტატუსის მქონე პირი. რაზეც კლინიკის მედდამ მიპასუხა, ვინაიდან მე ვიყავი აივ ინფიცირებული, კლინიკა უარს აცხადებდა ჩემთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენაზე, რაც ასევე ჩემი უფლებების ხელყოფა და დისკრიმინაციაა მხოლოდ ჩემი აივ დადებითი სტატუსის გამო.

 

დაუკავშირდი კვლავ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს და ვითხოვე დაუყოვნებლივ აღმოეჩინათ ჩემთვის შესაბამისი დახმარება. ამის შემდგომ შემიყვანეს საკაცით კლინიკაში და მომათავსეს სამანიპულაციო ოთახში, სადაც მორიგე ექიმმა მხოლოდ წნევა გამიზომა და სხვა არანაირი სახის სამედიცინო მომსახურება არ აღმომიჩინა. სამედიცინო დაწესებულებაში არ დაუფიქსირებიათ ჩემს სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებები, არ დაუმუშავებიათ მუცელზე არსებული მცირე სისხლმდენი ჭროლობები.

 

 

პოლიციის მოსამსახურეებმა მოითხოვეს ჩემი გაწერა და საგამოძიებო უწყებაში გადაყვანა. კლინიკაში გასინჯვის, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩემთვის ინფორმაციის მოწოდებისა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის ნაცვლად,  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამიყვანა საგამოძიებო ორგანოში, სადაც მივეცი ახსნა-განმარტება გამოძიებას მოწმის სტატუსით.

 

 

დავაფიქსირე, რომ სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო დახმარება არ აღმომიჩინეს და არ დაუფიქსირებიათ ჩემს სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებები.

 

მოვითხოვე, ჩამტარებოდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. მუხედავად ჩემი კატეგორიული მოთხოვნისა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩამტარებია, როგორც გამომძიებელმა განმიმარტა, რომ გამოითხოვდა ჩემს სამედიცინო ბარათს კლინიკიდან, რომელშიც არანაირი ჩანაწერი ან ინფორმაცია ჩემს სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ არ არის.

 

 

7 მარტს მივმართე საქართველოს სახალხო დამცველს და მოვითხოვე სათანადო დახმარების აღმოჩენა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ჩემი, როგორც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქის და შემდგომში ტრანსგენდერის უფლებების აშკარა დარღვევა და დისკრიმინაცია. ვითხოვ შესაბამის დახმარებას და ასევე ვითხოვ ობიექტურ გამოძიებას.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6279
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია