დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიულეტენი სახელმწიფოს საკუთრებაა!
2010/05/31 13:14:22

გასული კვირა საარჩევნო კამპანიით დატვირთული იყო, თუმცა დაძაბულობა და წინასაარჩევნო სამზადისი უბნებში უფრო მკვეთრად იგრძნობოდა. კვირის დასასრულს ქუთაისის ყველა უბანი საჭირო ინვენტარით აღიჭურვა და შესაბამისი თვალსაჩინოებები შესამჩნევ ადგილზე გამოიკრა. ქუთაისში საარჩევნო გარემოზე საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი გვესაუბრება.

 

- ბატონო ავთო, რამდენად მოწესრიგებული იყო არჩევნებისთვის ქუთაისის საარჩევნო უბნები?

- ქუთაისში 126 საარჩევნო უბანი გაიხსნა და დამატებით სამი უბანი გამონაკლისი შემთხვევებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ამ დამატებით სამ უბანზე ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებენ სამხედრო ნაწილში მომსახურე ადამიანები, რომლებიც თავიანთი დისლოკაციის ადგილზე - ქუთაისში იმყოფებიან და წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ადამიანები. მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ქუთაისის ყველა უბანი აღიჭურვა, რაც მუშაობის ეფექტურ საშუალებას იძლევა. თითოეულ უბანს გადაეცა ქსეროქსის აპარატები, ფაქსი, კაბინები და, რაც მთავარია, საარჩევნო ყუთები. ასევე დროულად მოხდა საარჩევნო დოკუმენტაციით კანცელარიის უზრუნველყოფა. 28 მაისს ჩამოვიდა საოლქო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენები, რომელიც 29 მაისს თითოეულ უბანს გადაეცა, 27 მაისიდან კი ამომრჩევლის ბარათების დარიგება დაიწყო. ამავე დღეს გაიკრა „სტიკერები“ ყველა საცხოვრებელ ბინაზე - იმ ინფორმაციით, თუ რომელი ბინის მცხოვრები რომელ საარჩევნო უბანზე აძლევს ხმას. დროულად გამზადდა და დამოწმდა ყველა უბნის ამომრჩევლის კედლისა და სამაგიდო სიები, რომელიც 28 მაისს უბნებს გადეცემათ.

- რამდენი ამომრჩეველია, საბოლოო მონაცემებით, ქუთაისში დარეგისტრირებული?

- ქუთაისის ?59 საოლქო კომისიაში 161 663 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. აქედან დაახლოებით 12 000 ამომრჩეველზე მიწერილია, რომ იმყოფებიან უცხოეთში, ან არიან საკონსულო აღრიცხვაზე. ეს ცვლილება საარჩევნო კოდექსში ახლა განხორციელდა, რაც კონკრეტული ადამიანის სახელისა და გვარის გასწვრივ შესაბამისი მიზეზის მიწერას ითვალისწინებს. ასევე მინაწერი უკეთდება იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არიან წინასწარ პატიმრობაში ან საჯარისო ნაწილში.

- რაც შეეხება გადასატან ყუთს, როგორ მოხდა ავადმყოფთა სიის

განსაზღვრა?

- როცა ამომრჩევლის ბარათი დარიგდა, მასზე იყო დატანილი ინფორმაცია იმ საარჩევნო უბნისა, სადაც მათ შეეძლოთ, დაერეკათ და მხოლოდ სატელეფონო ზარით დაეფიქსირებინათ, რომ საარჩევნო ყუთის ბინაზე მიტანას ითხოვდნენ. თუმცა ასევე შეეძლოთ, რომ პირადი განცხადებით მიემართათ უბნის თავმჯდომარისთვის. მდივანი კი ვალდებული იყო, ყველა მონაცემი ჩაენიშნა. სწორედ ამიტომ რამდენი მსურველიც იყო, იმდენივე დარეგისტრირდა საარჩევნო სიის დანართში, თუმცა საარჩევნო კოდექსი მანამდე კონკრეტულ რაოდენობას პროცენტულად განსაზღვრავდა. რაც ახლა არ არის.

- რამდენადაც ვიცი, საარჩევნო კოდექსი ამბობს, რომ საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. ცვლილების შემდეგ ამომრჩეველი ამ ბიულეტენის გადაგდების ან წაღების შემთხვევაში ჯარიმდება...

-  საარჩევნო კოდექსი ყოველთვის ამბობდა, რომ ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა, სახელმწიფო საკუთრების ხელყოფა კი ყოველთვის ისჯებოდა. თუმცა ცვლილების შემდეგ ამომრჩეველი, რომელიც საარჩევნო უბნიდან ბიულეტენს გამოიტანს, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ჯარიმა მართლაც 500 ლარია, რაც სხვა სახის დარღვევებზეც ვრცელდება, მაგალითად, ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის ხელის შეშლაზე, ასევე ამოქმედდა 37 პრიმა მუხლი, რომელიც დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხს ეხება. ასევე არის საჯარიმო სანქცია პრესის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებზე. მათი საქმიანობა არ უნდა აჭარბებდეს მათ ფუნქციონალურ დანიშნულებას და არ უნდა ჩაერიონ საარჩევნო კომისიის საქმიანობაში. მე მოვუწოდე ყველა ჟურნალისტს, რომ მათი ფოტო-კამერები არ ყოფილიყო მიმართული ხმის მიცემის კაბინებისკენ, რაც პირდაპირ ხელის შეშლაა ამომრჩევლის ნების ფარული გამომჟღავნებისა.

- საარჩევნო პერიოდში ხომ არ ყოფილა რაიმე სახის დარღვევები?

- არა და მე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ძალიან კორექტურად იქცეოდნენ. ჩვენ მემორანდუმიც გავაფორმეთ ყველა პარტიასთან, რომ  მოვერიდოთ პლაკატების ჩამოხევასაც კი. რაც ეს მემორანდუმი გაფორმდა, მას შემდეგ ადგილი არ ჰქონია საარჩევნო სუბიექტებისა და პარტიების პლაკატების ჩამოხევას და საჩივარიც არ შემოსულა საოლქო კომისიაში, თუმცა მანამდე ასეთი სახის საჩივრებით რამდენიმე პარტია შემოვიდა.

- რამდენი საარჩევნო სუბიექტია ქუთაისში დარეგისტრირებული?

- ქუთაისში 9 საარჩევნო სუბიექტია დარეგისტრირებული, ექვსი პარტიის წარმომადგენლები არიან. მინდა გითხრათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ქუთაისში ძალიან მშვიდად ჩაიარა და პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ ძალიან კორექტულები იყვნენ. თუმცა ხმების დათვლის შემდეგ, შესაძლოა, მათ გარკვეული პრეტენზიები გაუჩნდეთ და არ გამოვრიცხავ, პროვოკაციებსაც ჰქონდეს ადგილი.

- რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება ქუთაისში საარჩევნო პროცესს?

- არ ვიცი, რამდენი დამკვირვებელი დააკვირდება არჩევნებს 30 მაისს, მაგრამ საოლქო კომისიაში ორი გრძელვადიანი დამკვირვებელი მუშაობდა, რომლებიც თითქმის ყოველ მეორე დღეს მოდიოდნენ ოლქში და საჭირო ინფორმაციას ითხოვდნენ, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით. თუმცა გეტყვით, რომ ჩვენთან არიან დარეგისტრირებული, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლებიც. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც საარჩევნო პროცესზე დაკვირვების სურვილი გამოთქვეს, რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიარეს.

ქუთაისის საოლქო კომისიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად, შვიდი საარჩევნო უბნისთვის შენობა იქირავა. ქირის თანხას ცენტრალური საარჩევნო კომისია იხდის. თანხა ყველა უბანზე სხვადასხვაა, რაც, მეპატრონეებთან მოლაპარაკების შემდეგ, სხვადასხვა ციფრებში გამოიხატა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1481
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია