დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ფსევდო-ქალიშვილობა
2010/02/08 13:51:56

სურათების გადაღება დავიწყე...

ალბათ, გაგეღიმებათ და იკითხავთ, რა არის ამაში არაჩვეულებრივი და საკვირველიო?

მე ფოტოებზე წყვილებს ვიღებ: პარკებში, სკვერებში, ისტორიული ძეგლების ნანგრევებზე და, თქვენ წარმოიდგინეთ მშენებლობებზეც კი (ყველაზე საინტერესო ფოტოები გამოდის ხოლმე).

არ დაიბნეთ!

ყველაფერი   ე.წ.   ბაზრობიდან   დაიწყო, სადაც ორი გამყიდველი ქალბატონის საუბარს მოვკარი ყური. ერთი მეორეს უმტკიცებდა: „ქვეყანა გათახსირდა, რძლის შემოყვანა ოჯახში ნამეტანი სახლაფორთო საქმე შეიქნა, ამ გოგოებმა მთლად დაკარგეს ნამუსი და ხან ერთ ბიჭს არიან ტუჩებში ჩაფრენილი, ხან მეორესო.“ ხმა მეცნო და მივიხედე: ამ ქალს მე ვიცნობ! ეგ კი არა, მისი უკომპლექსო გოგოც ვიცი, არაჩვეულებრივად ლამაზი და ფანტასტიკურად მოალერსე, კვირაობით წირვაზე მდგარი, მართლმადიდებელი მორწმუნის სახელს ამოფარებული ფარისეველი.

ჰოდა, პირველად მაშინ მივაქციე ყურადღება იმას, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩემს ირგვლივ თითქმის ვერც კი ვამჩნევდი - ქალი იმას აძაგებდა და ჰკილავდა, რაც ყველაზე ახლოს, თვალწინ ჰქონდა, რაც თითქოს ყველაზე ნაცნობი და ახლობელი უნდა ყოფილი-ყო მისთვის.

ჩავფიქრდი...

აქ საქმე სხვის თვალში ბეწვისა და საკუთარში დირის ვერდანახვის პრინციპში როდი იყო, სახეზე გვქონდა ტყუილი, კარგად შეფუთული ბინძური სიყალბე.

იმ დღეს თავისუფალი დრო ბევრი მქონდა და პარკში გვიანობამდე შევრჩი. ბინდის მატებასთან ერთად იმატა პარკში ჩამომსხდარი წყვილების სითამამემაც. სწორედ მაშინ გამიჩნდა ფოტოგადაღების სურვილი: რომ იმ ქალბატონის მსგავსად უმწიკვლოებისა და ტრადიციული ოჯახური სიწმინდის ნიღაბს ამოფარებული ადამიანებისათვის ნივთმტკიცებები ამეფარებინა ცხვირზე, თუმცა მე, ლიბერალი, არავისთვის არაფრის ამფარებელი არა ვარ! თან იქნებ მან არც არაფერი იცოდა...

წყვილები ჭრელია, უფრო ბიჭები აქტიურობენ, თუმცა ტემპერამენტისაგან გაგიჟებული გოგოებიც მხვდება, მოწოლილ ვნებას რომ ვეღარ მალავენ. სწორედ ამიტომაცაა ჩემი კოლექცია მრავალფეროვანი.

იქვე, ჩემთან ახლოს, ერთი წყვილი მიჰკვრია შენობის კედელს. დავაკვირდი: ვიზუალურად ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, ბიჭი კარგი, გოგო ლამაზი, ეგაა გრძნობას ორივე ახალგაზრდული სახე ისე აუწითლებია, საღამოს ბინდიც კი ვერ უკარგავს ელვარებას. ოდნავ მხარი  შევიცვალე, თითქოს ჩემი საქმითა ვარ გართული, მათი პროვოცირება კი კარგად გამომივიდა.

შედგა სცენა: ორი ვნებამორეული ადამიანი, რომელიც ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევს, რამდენიმე ფოტო გადავიღე, შემდეგ კი, მათი თამამი ექსპერიმენტის შემყურეს, ისევ მე შემრცხვა და გავეცალე.

გასაგებია, ასეთ დროს ჰორმონები მართავენ ადამიანის გონებას, მიუხედავად იმისა, ქალია ის თუ მამაკაცი, ან საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ ამას ხალხის თვალწინ ყველას დასანახად აკეთებენ, არა! წინ გვიდევს დიდი ტყუილი:

გვარის, ოჯახის თუ სხვა ღირსებებს ამოფარებული გოგონები ამ ღირსებებს ფეხქვეშ თელავენ, ვნებების თარეშს ეძლევიან, სიამოვნებასაც იღებენ და როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს, საბოლოოდ მაინც ქალწულები რჩებიან.

აი, ფსევდო! ვის ატყუებენ? ან უფრო სწორად ვის ვატყუებთ?

დედა - ან საზღვარგარეთ საშოვარზე გადახვეწილი, ან გათენებიდან დაღამებამდე ლუკმაპურისათვის ქუჩაში გასული.

მამა - უკეთეს შემთხვევაში ისიც უცხოეთში გადაკარგული, ანდა სადარბაზოსთან ლოთობასა და დომინოს თამაშს გადაყოლილი. ასეთი ოჯახი ვეღარ აყალიბებს საკუთარ შვილს პიროვნებად.

შვილს კი საკუთარ სურვილებსა და ტრადიციულ მოთხოვნად მენტალიტეტს შორის ასეთი კომპრომისი გამოუნახავს:

ტყუილი!

ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა ამას წინათ: გაივსო, ძმაო, ქალაქი ასეთი გოგონებით, სანატრელი გახდა წესიერი, პატიოსანი გოგოო.

რა დროა? ან ვისი პრობლემაა?

ან ქალიშვილობაა პრობლემა? ერქვას ყველაფერს თავის სახელი. დიახაც მივესალმები, კარგია და მოსაწონი, თუ გოგონა ღირსებითა და კდემამოსილებით ცხოვრობს! მაგრამ თუ მას სხვაგვარად სურს ცხოვრება, მისი ნებაა, ასეც იყოს, ჰყავდეს Boefrend, შეიძლება მისი მომავალი მეუღლე აზროვნებით მზადაა იმისათვის, რომ მის ცოლს გათხოვებამდე ჰყავდა მეგობარი ბიჭი, მხოლოდ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, არ გვინდა ფსევდო...

ფსევდო ტრადიციები!

ფსევდო მორალი!

ფსევდო ქალიშვილობა!

მაშინ, რაა?

ქორწინების პირველ ღამეს დაღვრილ სისხლზე დამყარებული ოჯახური სიმტკიცის ბურჯი ხშირად ინგრევა, თუ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი საძირკველი სიყალბეზე იყო დაშენებული.

ამიტომაც არ გვინდა ტყუილი, დაე, ერქვას ყველაფერს მისი ჭეშმარიტი სახელი!

არ გვინდა ფსევდო!  

 

მანუჩარ კუბლაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია