დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პორტრეტული შტრიხები ქართულ პოლიტიკაში
2009/12/07 15:48:15

პოლიტიკურ სივრცეში იქმნებიან პორტრეტები, ყალიბდებიან პოლიტიკური პარტიების სახით და იმ ეპოქისათვის მნიშვნელოვანი ფიგურები ხდებიან.

„პოლიტიკა არ არსებობს მითების გარეშე“ (პოლ. ვალერი). მითები იქმნება პოლიტიკოსებზე, რომელთაც მოღვაწეობისთვის სჭირდებათ არარეალური ისტორიები. თუმცა, დიდია ამ მხრივ საზოგადოების მოთხოვნილებაც. ადამიანების ერთი ნაწილი ვერ ძლებს კერპის ანუ „გაიდეალებული პიროვნების“ გარეშე.

საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებისთვისაა ასევე ის შტრიხები, რაც პოლიტიკოსის პორტრეტს ახასიათებს. სწორედ იმ მასის მოთხოვნებს პასუხობს პოლიტიკოსი, სადაც ის მოღვაწეობს, მნიშვნელოვანია ასევე ეპოქის ფაქტორი.

...თუ რას ითხოვს ჟამი.

წლების წინ საზოგადოების მოთხოვნა - ჰყოლოდა წინამძღოლი, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა „დააკმაყოფილა“ და ქართველ ხალხს სათავეში ახალგაზრდა, ენერგიული მეთაური ჩაუდგა. პოლიტიკური სახე წლებთან ერთად იქმნებოდა. მან თავისთავში „მოიცვა“ - „რეფორმების გამტარებელი“,  „კორუფციის დამმარცხებელი“, „სიღარიბესთან მებრძოლი“... ასევე ბატონი პრეზიდენტის პორტრეტის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ოპოზიციის პროტესტმა ხელისუფლების მიმართ. ქართულ საზოგადოებას ასევე ახსოვს პრეზიდენტის ხელში აყვანილი ცნობილი სახეეები. დამახასიათებელია ასევე პრეზიდენტის დამოკიდებულება ურჩი ჩინოვნიკების მიმართ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები კამერის წინ ვითარდება და მასწავლებლისა და დაუმორჩილებელი მოწაფის სცენას მოგვაგონებს. აღსანიშნავია მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართაც. მისი ბოლო გამოსვლებიდან საყურადღებო იყო ის უფასო რჩევები, რომელიც ოპოზიციას მისცა.

პოლიტიკურ პორტრეტში დროსთან ერთად იკვეთება დაფარული შტრიხები და მისი სახე საზოგადოებისთვის უფრო ნათელი ხდება.

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არის პოლიტიკოსთა ნაწილი, რომლებმაც შექმნეს, როგორც წარსულის, ასევე აწმყოს პოლიტიკური სახე. მაგალითად ქალბატონი ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლების სახეს წარმოადგენდა წლების წინ, დღეს ის ოპოზიციის სახეა, რომელმაც რადიკალური პოლიტიკოსის სახელიც „მოირგო“. თუმცა, მისი პოლიტიკური პორტრეტის უკან წარსულია, რაც მას გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს.

არარადიკალური გზით ხელისუფლებასთან იბრძვის ბატონი ირაკლი ალასანია, მისი პოლიტიკური სახე „მოიცავს“ გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელიც მხოლოდ კანონიერ გზას ირჩევს პოლიტიკური მწვერვალებისკენ.

მებრძოლი სულისკვეთებით ხელისუფლების მიმართ ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ბატონმა ლევან გაჩეჩილაძემ. მისი პოლიტიკური პორტრეტის შტრიხები - რადიკალურია. იგი ოპოზიციურად განწყობილი ხალხის წინამძღოლი იყო.

ქართულ პოლიტიკაში არსებობს ასევე პოლიტიკური პორტრეტი -  ირაკლი ოქრუაშვილის სახით. მას ძლიერი, მებრძოლი პოლიტიკოსის სახე ჰქონდა. ახლა კი პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსი აქვს.

ბატონ შალვა ნათელაშვილის პორტრეტი - ეს არის ყველა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური განწყობილება. ამავე დროს დიდი „სიფრთხილით“ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

არსებობს ბევრი პოლიტიკოსის ისეთი სახე, რომლებმაც გამოკვეთილი პორტრეტული ნიშნებით ვერ დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას. ისინი პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებენ, თუმცა მათ სწამთ იმ პოლიტიკური ფორმულის, რომლის მიხედვითაც    „დრონი მეფობენ და არა მეფენი“.

პოლიტიკური პორტრეტი კარნავალის პერსონაჟს მოგვაგონებს, და თუ რა იმალება ნიღბის უკან, ამას წვეულების დასასრულს ვიგებთ.

 

თეონა თოდუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია