დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სკოლამდელი განათლება ნაციონალურად
2010/04/26 17:10:03

„ბავშვებო, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი?

ბავშვები: მიხეილ სააკაშვილი

კონსულტანტი: გიყვართ ბატონი პრეზიდენტი?

ბავშვები: დიიიახ.

კონსულტანტი: ბავშვებო, თქვენი მშობლები ვის აძლევენ ხმას? ჩვენს მთავრობას, ბატონ მიხეილს, ხო?

ბავშვები: დიიიახ.

კონსულტანტი: რამდენი რამე გაგიკეთათ პრეზიდენტმა, ხომ ხედავთ. აი, სუფთა რემონტი, კარგი მასწავლებლები, კარგი კვება. ვილოცოთ, რომ ღმერთმა და უფალმა კარგად გვიმყოფოს ნაციონალური პარტია, ჩვენი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით“.

ეს დიალოგი ქუთაისის ?34 ბაგა-ბაღის კონსულტანტ ფერიდე ლორთქიფანიძესა და ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს შორის გასულ კვირას გაიმართა. ჩვენ აღნიშნულ ბაღში იმის გასარკვევად მივედით, თუ როგორ მიმდინარეობს სააღმზრდელო მუშაობა. კონსულტანტმა მეტი თვალსაჩინოებისათვის საჩვენებელ გაკვეთილზე დაგვასწრო და მათი მუშაობის შედეგის პრეზენტაცია მოაწყო.

თუმცა ეს არ არის ?34 ბაღის აღსაზრდელების შესაძლებლობების მაქსიმუმი. 5-6 წლის ასაკის ბავშვებს შეუძლიათ კითხვა, ათის ფარგლებში ანგარიში და საკმაოდ გათვითცნობიერებულები არიან ისეთ დარგებში, როგორიცაა ხელოვნება და რელიგია. ქუთაისში სულ 35 საბავშვო ბაღია. მათ შორის ერთგვარი კონკურენციაა, გამომდინარე იქიდან, რომ რაც უფრო მეტი ბავშვი ჰყავს ბაღს, მით მეტია დაფინანსება.

„ერთმანეთთან კონკურენციის მიზნით ბაღები ზედმეტად ტვირთავენ პროგრამას. ზოგიერთ ბაღში ისეა პროგრამა შერჩეული, რომ ასაკთან შეუსაბამობაში მოდის და უფრო მეცნიერულ ხასიათს იღებს. მაგალითად როცა ბაღის ბავშვს ასწავლიან „ვეფხისტყაოსანს“, ეს ხიბლისთვის არის კარგი. მაგრამ ამავდროულად, ცუდიცაა. იმიტომ რომ ყველა ბავშვის ხალასი გონება ერთნაირი არ არის. ზოგი სწრაფად ითვისებს, ზოგი - ნელა. ზოგს უფრო მეტი ყურადღების კოეფიციენტი აქვს, ზოგს - უფრო ცოტა. როცა ბავშვს აყრი ასეთ რთულ მასალას, ითვისებს ის, ვისაც ყურადღების მაღალი კოეფიციენტი აქვს, მეორე ნაკადს, რომელსაც აქვს ნელი აზროვნება და ყურადღების დაბალი კოეფიციენტი, უჭირს რთული პროგრამის ათვისება და მერე საერთოდ კარგავენ ინტერესს“, - ამბობს ფსიქოლოგი ეკა ქობალია.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ბაღები განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდნენ. შესაბამისად, მეთოდურ სახელმძღვანელოებსაც მათგან იღებდნენ. 2007 წლიდან ბაღები განათლების სამინისტროს ნაცვლად ადგილობრივ თვითმმართველობას ექვემდებარებიან. ამან ერთის მხრივ ბაღებისათვის სასიკეთო ძვრები მოახდინა. ბოლო წლებში დაფინანსება მკვეთრად გაეზარდათ. მაგალითად, 2008 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბაღებისათვის გამოყოფილი თანხა 3064600 ლარს შეადგენდა, 2009 წელს 4174700 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წელს 5156000 ლარია გამოყოფილი.

აღნიშნული თანხა ბაღებზე კონტიგენტის მიხედვით ნაწილდება.

„რაც უფრო ბევრი ბავშვი ჰყავს ბაღს, მით მეტია დაფინანსება. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ბავშვი ნიშნავს ბევრ ჯგუფს, რომელთაც სჭირდებათ უფრო მეტი მასწავლებელი. შესაბამისად, რაც უფრო მეტია მასწავლებელი, მით მეტი ხელფასი სჭირდებათ. რაც შეეხება სააღმზრდელო პროცესს, ჩვენ ამაში არ ვერევით. თითოეული ბაღი თავად მართავს ამ პროცესს. ადრე არსებობდა მეთოდური სამსახურები. ასეთი სამსახურები აღარ არის უკვე საქართველოში, რადგანაც განხორციელდა დეცენტრალიზაცია და ბაღებმა მიიღეს ავტონომია ბავშვის სწავლებისა და აღმზრდელობის საქმეში,“ -  ამბობს კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი იური კოსტავა.

თუმცა დაფინანსების გარდა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს და რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ უზრუნველყოფს. პირველ რიგში ეს არის სააღმზრდელო მუშაობის მეთოდოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობაშიც და ბაღებშიც ირწმუნებიან, ამ მხრივ ყველაფერი კარგადააო, ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

„ბაღი აუცილებლად უნდა ექვემდებარებოდეს განათლების სამინისტროს, იმიტომ, რომ ბაღში უნდა ხდებოდეს აღმზრდელობითი მუშაობა განათლების კანონის შესაბამისად. ბაღი არ უნდა იყოს მხოლოდ ბავშვის დატოვების ადგილი და არც მეცნიერულ დონეზე ხდებოდეს განათლების მიცემა. ბავშვი თამაშით იწყებს ცხოვრებას და სწავლაც თამაშით უნდა ხდებოდეს,“ - ამბობს ფსიქოლოგი ეკა ქობალია.

ქუთაისის ?17 ბაგა-ბაღში ამბობენ, რომ მათი აღსაზრდელები ძალიან გათვითცნობიერებულები და ნიჭიერები არიან. მათგან წასულმა ბავშვმა უკვე იცის წერა-კითხვა, ანგარიში და სასკოლოდ კარგად არიან მომზადებული. ფსიქოლოგის თქმით, მსგავსი ტიპის აღზრდა ბავშვებისთვის იმთავითვე პრობლემებს ქმნის.

„ბავშვი, რომელმაც ბაღში აითვისა დაწყებითი განათლების პროგრამა, უკვე მასწავლებელს ყურადღებით აღარ უსმენს, იმიტომ რომ ეს პროგრამა უკვე გავლილი აქვს. მეორე ნაწილი, რომელმაც ბაღში ვერ აითვისა ეს პროგრამა, გაუძნელდა და გაუჭირდა, უკვე ინტერესს კარგავს სწავლისადმი. აქვს თვითშთაგონება ისეთი, რომ სწავლა რთულია და სძულდება იგი, “ - ამბობს ფსიქოლოგი ეკა ქობალია.

„თავიდან მომწონდა და მიხაროდა, ჩემს შვილს თავისუფლად შეუძლია წერა კითხვა, ანგარიში, საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს, პირველი კლასის მასალა თითქმის ათვისებული აქვს. თუმცა შემდეგ მეგობრებმა მითხრეს, რომ ეს არ არის კარგი, ვინაიდან სკოლაში ბავშვი აღარ უსმენს მასწავლებელს, რადგან უკვე იცის ის, რასაც მასწავლებელი ხსნის. მე ვფიქრობ, შეიძლება არ იყოს საჭირო, ყველაფრის სწავლა ხდებოდეს ბაღში. ალბათ, უმჯობესია შემოიფარგლონ მოძრაობით, ცეკვით და თამაშის დონეზე ხდებოდეს სწავლება,“ - ამბობს მშობელი ეკა შალამბერიძე.

აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებს ისიც ემატება, რომ ბაღების უმეტესობაში ჯგუფები გადატვირთულია.

„ჯგუფებში ჰყავთ ბავშვების საკმაოდ დიდი რაოდენობა. აღმზრდელებს მუშაობა უჭირთ. 30-35 ბავშვი რომ ზის ჯგუფში, მათი მართვა ადვილი არ არის,“ - ამბობს ლია რატიანი.

ფსიქოლოგების თქმით, როცა ჯგუფში 35 ბავშვი ზის, მათგან 1-2 თუ იქნება ლიდერი, დანარჩენი არის მსმენელი. პედაგოგისთვის იოლია ლიდერებთან მუშაობა, ჯგუფის წარმოჩენისათვის კი მაქსიმუმ 5 ბავშვის მუშაობა უნდა შეძლოს პედაგოგმა. 35 ბავშვის მუშაობა, გამორიცხულია, რომელიმე პედაგოგმა შეძლოს. ჯგუფებში ბავშვების გადაჭარბებულ რაოდენობაზე საუბრობენ თავად ბაღის დირექტორებიც.

„ნამდვილად არის ჯგუფებში ბავშვების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე უნდა იყოს. 20-25 ბავშვის ნაცვლად, 35 ზის ჯგუფში. მაგრამ რომ ვერ ვასწავლიდეთ სათანადო დონეზე, ასე არ არის. უბრალოდ, აღმზრდელებს უწევთ ოდნავ მეტი მუშაობა და ცოტა უფრო დატვირთვა. სხვა მხრივ პრობლემა არ გვაქვს,“ - ამბობს ?33 ბაგა-ბაღის დირექტორი მაია კუხალაშვილი.

აღმზრდელებს ზედმეტ შრომასთან ერთად სხვა პრობლემებიც აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ და სკოლის მასწავლებლებზე არანაკლებ შრომას ეწევიან, მასწავლებლის სტატუსი მაინც არ გააჩნიათ. შესაბამისად, ვერ სარგებლობენ იმ პრივილეგიებით, რაც მასწავლებლებს აქვთ და საკმაოდ დაბალ ანაზღაურებასაც იღებენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენი შრომის ადეკვატური ეს ანაზღაურება არაა. ამასთან პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი. იმიტომ, რომ ჩვენ გვაბარია ბავშვის ბედი და სიცოცხლე,“ - ამბობს ?33 ბაგა-ბაღის აღმზრდელი მაია დანელია.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები საკმაოდ ბევრია, მათი გამოსწორების გზა, ჯერჯერობით, არ ჩანს. მარტო კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ბაღის აღმზრდელებისათვის საკმარისი არ არის.

მარი იაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1340
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია