დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქართულ-ამერიკული გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში
2010/04/12 12:39:58

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავ-შირი ახორციელებს საერთაშორისო პროექტს სამოქალაქო განათლებაში - „მოზაიკა 2“. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში 2 აპრილს ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მე-10 კლასში ჩატარებულ ღია გაკვეთილს სამოქალაქო განათლების ქართველი და ნიუ-იორკიდან ჩამოსული მასწავლებლები: ემი კონერსი და ამანდა ვილიამს-ვოთქინსი ესწრებოდნენ. გაკვეთილის მიზანს მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების ამაღლება წარმოადგენდა.

„ეს არის ჩვენი პირველი ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანს საქართველოში სამოქალაქო განათლების კულტურის ამაღლება წარმოადგენს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩვენთან ჩამოსული იყვნენ ქართველი პედაგოგები, ამჯერად ჩვენ ჩამოვედით, რათა ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ, თუ რას ნიშნავს სამოქალაქო განათლება და როგორ შეიძლება ამაღლდეს მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების კულტურა“, - განაცხადა ემი კონერსმა.

ამერიკელმა პედაგოგებმა სკოლის დათვალიერების შემდეგ მისი დიდი ხნის ისტორიაზეც ისაუბრეს. ქართველი მასწავლებლების სწავლების სპეციფიკის გასაცნობად კი სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ხათუნა აფრიდონიძემ გაკვეთილი ჩაატარა, თემა - კონფლიქტი.

„წინა გაკვეთილზე ავხსენით მშვიდობა და დღეს კონფლიქტზე ვისაუბრებთ, რადგან კონფლიქტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ბავშვები უნდა იყვნენ გათვითცნობიერებული, როგორ გადაჭრან იგი, თავი აარიდონ, ან სასურველი შედეგით დაასრულონ,“ - აღნიშნა გაკვეთილის დაწყებამდე ხათუნა აფრიდონიძემ.

გაკვეთილის მსვლელობისას, თეორიულ მასალასთან ერთად, ქართველმა პედაგოგმა პრაქტიკული დავალებებიც მისცა მოსწავლეებს. ბავშვებმა ყველა სახის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაჭრეს. ამის გამო ამერიკელი პედაგოგებისგან კიდევ ერთი „გაკვეთილი“ მიიღეს: „აფხაზეთიც იმიტომ დაკარგეთ, რომ ძალიან დამთმობები ხართ, ზოგჯერ კონფლიქტიც აუცილებელიაო“, - განმარტეს უცხოელებმა.

როცა ჯერი ამერიკელ პედაგოგებზე მიდგა, სწავლების საქმეში ამერიკული ტექნოლოგიებიც ჩაერთო. მოსწავლეებისთვის იმის უფრო თვალსაჩინოდ ასახსნელად, თუ რას ნიშნავს, იყო კარგი მოქალაქე, მათ სხვადასხვა სავარჯიშოებთან ერთად „ჰენდაუთები“ და ტესტებიც დაარიგეს. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეების ჩართულობითაც კმაყოფილი დარჩნენ, ბავშვების უმეტესობა თარჯიმნის გარეშეც მშვენივრად აგებინებდა უცხოელებს სათქმელს.

„გაკვეთილი იყო კარგად ორგანიზებული, ბავშვები იყვნენ მზად იმისათვის, რომ ამდგარიყვნენ და პასუხი გაეცათ შეკითხვებისთვის. ასევე, რაც მნიშვნელოვანია, კომპლექსი არ ჰქონდათ იმის, რომ ხმამაღლა გამოეხატათ თავისი მოსაზრება. რაც შეეხება სასკოლო გარემოს, უნდა ითქვას, რომ სკოლის ადმინისტრაცია ყველაფერს იზამს იმისათვის, რომ გააკეთოს და უკეთესობისკენ შეცვალოს ყველაფერი. მე შევხედე, რომ ბავშვები მზად არიან, თვითონ მიიღონ მონაწილეობა, შეიტანონ წვლილი ამ გარემოს გაუმჯობესების საკითხში“, - აღნიშნა ამანდა ვილიამს-ვოთქინსმა.

მოსწავლეებიც კმაყოფილი დარჩნენ გაკვეთილით, რომლის ჩასატარებლადაც დასვენების დღეს მივიდნენ სკოლაში. გულზე ყველას ამერიკელი მასწავლებლებისგან საჩუქრად დარიგებული მოსამართლის ჩაქუჩი ეკეთა სიმბოლურად.

„აქამდე ვიცოდი, თუ რა მოვალეობები ეკისრებოდა მოქალაქეს, ახლა უკეთ გავიგე, თუ რა უნდა ვისწავლო, რომ ვიყო ნამდვილი მოქალაქე და ამით, არა მარტო ჩემს ქვეყანას, მსოფლიოსაც დიდი სიკეთე გავუკეთო. ასევე, გავიგე, თუ როგორ სწავლობენ ამერიკის სკოლაში და ბევრი რამ ვისწავლე მათგან. მაგალითად, ის, რომ თუ რამეში დამარცხდები, არ უნდა მიეცე მწუხარებას, იმის იმედი უნდა გქონდეს, რომ შემდეგში აუცილებლად გაგიღიმებს ბედი“, - გვითხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ ლიზა ახვლედიანმა.

ამერიკელ პედაგოგებს მომდევნო შეხვედრები ქართველ მასწავლებლებთან თერჯოლასა და ზესტაფონში ჰქონდათ დაგეგმილი. პირობა დადეს, რომ ამ საკითხზე თბილისში დაბრუნების შემდეგაც ისაუბრებდნენ, დაწყებული ურთიერთობები კი ამერიკაში დაბრუნების მერე აუცილებლად გაგრძელდება.

„ელექტრონული ფოსტის საშუალებით დავუკავშირდებით ერთმანეთს და ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან კარგი მოსაზრებების, შეხედულებების, გამოცდილების ურთიერთგაცვლას - ამ ყველაფერს - აქვს საკმაოდ კარგი და დიდი მომავალი“, - აღნიშნეს დასასრულს სტუმრებმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1431
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია