დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მეფე საქართველოში – რატომ ვერ დაიბრუნებენ ბაგრატიონები ტახტს
2017/06/19 20:40:14
პატრიარქის განცხადების შემდეგ, რომ საჭიროა, ქვეყანას მონარქი მართავდეს, ხელისუფლების პირველმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ ამ თემაზე მსჯელობას აპირებენ.  არადა,  კონსტიტუცია, არც მოქმედი და არც პროექტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე  სახელმწიფო მოწყობის შეცვლის შესაძლებლობას არ იძლევა.

კონსტიტუციური მონარქიის შემოღების საკითხი ახალი არ არის და პერიოდულად აქტიურდება და, როგორც წესი, საარჩევნოდ იკავებენ ხოლმე გარკვეული ჯგუფები ამ ნიშას.  ასეთივე აჟიოტაჟი იყო ატეხილი რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს საკითხი მაშინდელმა „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ გაააქტიურა და იგივე არგუმენტი ჰქონდათ, რომ  ხელისუფლების შტოებს შორის არბიტრი  არა პრეზიდენტი, არამედ მონარქი ყოფილიყო. შემდეგ მსჯელობაში პატრიარქიც ჩაერთო და ე.წ. სამეფო ქორწინებაც კი ჩაატარეს,  მათ სამეფო შთამომავალი უნდა ჰყოლოდათ, რომელსაც მეფური უნარებით აღზრდიდნენ და შემდეგ ქვეყანას სათავეში ის ჩაუდგებოდა. მაგრამ, ყველამ იცის,  პროექტი  როგორც დასრულდა და  მას შემდეგ მონარქი არავის გახსენებია.

 

აღსანიშნავია, რომ მაშინ ამ იდეას თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა იზიარებდა და  მხოლოდ მაშინდელი მმართველი გუნდი ეწინააღმდეგებოდა. დანარჩენები “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აბრალებდნენ, რომ თითქოს მათ ხელისუფლების დათმობა არ სურდათ, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სამომავლო პერსპექტივაზე იყო ლაპარაკი და ამ დროისთვის ხელისუფლებაში ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ უნდა ყოფილიყო,  ძნელი სათქმელია.

 

ახლა კი ეს იდეა ისევ მოულოდნელად გააქტიურდა და რაც მთავარია, პატრიარქის მხრიდან. მის მოსაზრებას მმართველი გუნდიც დაეთანხმა –  ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ქვეყნის მეორე პირია, აცხადებს, რომ ამ თემაზე იმსჯელებენ.

 

პატრიარქის განცხადება

“საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი,” –  განაცხადა  ილია მეორემ კვირას ქადაგებისას.

 

ხელისუფლების რეაქცია

“რაც უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებაა. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის  სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით გვექნება შეხვედრა და შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთება,” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ.

 

მანამდე კი უმრავლესობის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, განაცხადა, რომ  ”მონარქია არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული წარსულია, არამედ არის ძალიან წარმატებული მაგალითი, რომელიც დასავლეთ ევროპაში არსებობს. ამ ქვეყნებს საკმაოდ წარმატებული განვითარება ახასიათებს, როგორც ეკონომიურად, ასევე პოლიტიკურად. ამ თემასთან დაკავშირებით პირადად მე ნამდვილად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს და არა მხოლოდ ემოციური შინაარსიდან გამომდინარე – ჩემთვის ამ საკითხს მხოლოდ ემოციური საწყისი არა აქვს. ეს არის დაკავშირებული სავსებით პრაგმატულ ხედვასთან“.

 

მონარქიის შესაძლებლობა საქართველოში


კონსტიტუციური მონარქია განსხვავდება მონარქიისგან, სადაც ცალსახად ერთი კაცის მმართველობაა და ცხადია, დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. კონსტიტუციურ მონარქიებში მონარქი ფაქტობრივად იკავებს პრეზიდენტის ადგილს და ეს ადგილი არჩევისნაცვლად შთამომავლობით გადაეცემა ე.წ. სამეფო გვარს. რაც მთავარია, მისი  ფუნქციები რადიკალურად შემცირებულია და იმაზე ნაკლები ფუნქცია აქვს, რასაც დღეს საქართევლოში მმართველი გუნდი  საკონსტიტუციო პროექტით უტოვებს პრეზიდენტს.

 

როდესაც კონსტიტუციურ მონარქიაზეა საუბარი, პირველ რიგში დგება ორი საკითხი,  არის თუ არა ეს შედეგიანი და მეორე, არის თუ არა კონკრეტულ ქვეყანაში ამ სისტემის ფუნქციონირების შესაძლებლობა.

 

თავისთავად, კონსტიტუციური მონარქის ეფექტიანობაზე ბევრს მსჯელობენ და ეს ყველა ქვეყანაში ერთნაირი არ არის და  ევროპის ქვეყნებში, სადაც ეს სისტემა არსებობს, უკვე ძალიან  ხშირია საუბარი, რომ  შეიცვალოს, რადგან თვლიან, რომ ძალიან ხარჯიანია და ხარჯი აღემატება ეფექტს.

 

საქართველოს  შემთხვევაში ესეც გასათვლელი და დასათვლელი იქნება, მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანი ის არის,  პრაქტიკულად ამის განხორციელების რა შანსებია და რის საფუძველზე აპირებს პარლამენტის თავმჯდომარე ამ თემაზე სერიოზულ მსჯელობას.

 

საქმე ის არის, რომ სახელმწიფო მოწყობის საკითხს კონსტიტუცია არეგულირებს და ეს ჩანაწერი ერთნაირია მოქმედ კონსტიტუციაშიც და  კონსტიტუციის ახალი ვარიანტის პროექტშიც, რომლის დამტკიცებას ახლა აპირებს ხელისუფლება.

 

ამ  ჩანაწერის მიხედვით კი,  „საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“ (მუხლი 1.2)  და რაც მთავარია, „საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ“ (მუხლი 2.3).

 

ეს კი იმას ნიშნავს, სახელმწიფო მოწყობის სისტემა შეიძლება, შეიცვალოს მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ და მოსახლეობის  პოზიციის გარკვევის შედეგად, უნდათ თუ არა მონარქია, რაც, ცხადია, რეფერენდუმით უნდა გაირკვეს. რეფერენდუმის ჩატარებაც ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან არის დაკავშირებული და მანამდე, უბრალოდ, ვერ ჩატარდება.

 

ცხადია, თუკი ეს ჩანაწერები არ შეიცვალა კონსტიტუციაში, რაც მეორე პრობლემაა და ხელისუფლებას მოუწევს არჩევანის გაკეთება, მონარქი თუ ტერიტორიული მთლიანობა. პროექტში, რომელიც ინიცირებულია, ეს ჩანაწერი არ არის და ვერც განხილვის დროს ვერ ჩაემატება, რადგან არსებითი ცვლილებაა და კონსტიტუციის  რაობას განაპირობებს. ამიტომ, ძნელი გასაგებია, რისთვის აპირებს კობახიძე პატრიარქთან შეხვედრას და, თუკი შეთანხმდებიან, მაშინ ლოგიკურად გამოდის, რომ კონსტიტუციის  პროექტის განხილვის დაწყება კიდევ გადაიწევს.

 

რუსა მაჩაიძე

http://fortuna.ge/mefe-saqartveloshi-ratom-ver-daibruneben-bagrationebi-takhts/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12950
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია