დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვაგონში დახვრეტას გადარჩენილი ბიჭის ამბავი
2013/06/17 12:08:52

1921 წელს საქართველომ 117 წლიანი ოკუპაციური რუსული უღელი ისევ დაიბრუნა. ეს არ ყოფილა ქართველების ნება, მაგრამ ისეთი საშიში მეზობელი, როგორიც რუსეთია, თავს ახვევს მსოფლიოს თავის იმპერიალისტურ ზრახვებს და, სამწუხაროდ, ამ ზრახვების მსხვერპლი ხდებოდა და ხდება საქართველო. სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკური ფრთის ხელშეწყობით, ქვეყანამ სამწლიანი ნანატრი თავისუფლება დაკარგა, რის გამოც არალეგალურად შეიქმნა ე.წ. „დამოუკიდებლობის კომიტეტი“, რომელსაც, ძირითადად, ქართველი არისტოკრატია შეადგენდა.

 

 

ამ კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა კუთხესა და თბილისში ერთიანი გამოსვლის თარიღად დადგინდა 1924 წლის 29 აგვისტოს დილის 6 საათი. ცენტრთან შეუთანხმებელი მოქმედების და ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა უთავბოლო საქმიანობის შედეგად, ქალაქ ჭიათურაში  გამოსვლები დაიწყო 24 საათით ადრე, 28 აგვისტოს. ამან დიდი დაღი დაასვა აჯანყების შემდგომ მსვლელობას. მართალია, ამბოხებულებმა შეძლეს ჭიათურის და ზოგიერთი სხვა ქალაქის (სენაკი, სამტრედია და სხვა) აღება და საქართველოს ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოაცხადეს, მაგრამ აჯანყება განწირული იყო. ორ კვირაში ჩეკას და წითელარმიელთა რაზმებმა სისხლის გუბეები დააყენეს ყველგან, სადაც კი თუნდაც მცირედი ეჭვი გაჩნდებოდა.

განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს ქართველი არისტოკრატიული გვარების წარმომადგენლებზე (აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 7% იყო დიდგვაროვანი). ზემო იმერეთში, ძირითადად, ცნობილი იყო წერეთლების, აბაშიძეებისა და მაჭავარიანების საგვარეულო სახლები, რომელთა გენოციდს, პოლიტიკურის გარდა არისტოკრატიული ნიშნის გამოც აწარმოებდნენ ბოლშევიკები.

ვალიკო (ვალერიან) მაჭავარიანის თავგადასავალს პირველ პირში გთავაზობთ, ეს მისმა ქალიშვილმა ლეილა მაჭავარიანმა მოგვითხრო. ხუთი შვილის მამა ბედად გადარჩენია 1924 წელს შორაპნის სისხლიან ეპიზოდს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს სევასტოპოლთან გერმანულ ტყვიას საბოლოოდ გაუჩერებია მისი მაჯისცემა... აი, რა უამბია თავის დროზე მას ოჯახის წევრებისათვის:

„1924 წლის აგვისტოში დედამ ქვამარილის საყიდლად გამგზავნა საჩხერეში.

როცა ქვამარილი ვიყიდე პრამონ ჩაჩანიძესთან, უკან ვბრუნდებოდი საჩხერიდან ჩვენს სოფელში, ორღულში. გზაზე სამხედრო პირებმა დამაკავეს, სახელი და გვარი მკითხეს და ვაგზალში მიმიყვანეს. იქ, ვიღაც უფროსის განკარგულებით, ხალხით სავსე ვაგონში შემიყვანეს.

საღამო ხანს ჭიათურაში ჩაგვიყვანეს, იქიდან ზესტაფონისკენ წავედით. ღამით სადგურს მოგვაცილეს და სადღაც, სხვა ლიანდაგზე გადაგვიყვანეს. უეცრად ტყვიამფრქვევის ხმა მოისმა და ვაგონში ყველაფერი აირია. გაისმა პეტრე წერეთლის ხმა - ბავშვები შუაგულში მოათავსეთო, და ვიღაცის ძლიერმა ხელმა ვაგონის სიღრმეში შემაცურა. მალე გონება დავკარგე.

როდესაც გონს მოვედი, მთელი სხეული მტკიოდა და სისხლით ვიყავი დასველებული.

არ ვიცოდი, დაჭრილი ვიყავი თუ არა. ირგვლივ უკვე ერთმანეთში იყო არეული მკვდარი, ცოცხალ-მკვდარი და დაჭრილი. ვიღაცა ყვიროდა: ვაგონის კედელს მიაწექით, ფანჯრის მხარეზე, მდინარისაკენ მიაწექითო. სარკმელთან კედელი გაირღვა, მკვდარ-ცოცხალი მასა ვაგონიდან მიწაზე გადაეშვა. მე ქვეშ მოვყევი, ალბათ, ფერდობი თუ იყო, მდინარისკენ რომ დავგორდით. ტყვია წვიმასავით მოდიოდა.

სასწაულით გადავრჩი. ჩავყავი თავი ყვირილაში და წყლის დინებას წავყევი.

როდესაც ჩვენი დახვრეტის ადგილს საკმაოდ დავშორდი, მდინარის მეორე ნაპირზე გავედი. თენდებოდა, წყლიდან ამოვედი, ტანისამოსი გავიხადე, რამდენიმე საათი წყალში ვიყავი და ტანსაცმელი მაინც სისხლიანი მქონდა. რაც მეცვა, ყველაფერი გავრეცხე და დღისით მზეზე გავაშრე.

დაღამებამდე ყვირილას პირას, თხმელებში ვიწექი. სამი დღე იყო გასული, მას შემდეგ, რაც ხალხი დახვრიტეს. საჭმელი მხოლოდ ერთხელ ვჭამე, ხარაგოულში მწყემსებმა თავისი საგზალი გამიზიარეს. შემდეგ ხარაგოულში, ერთ ეზოში, ქვაზე ქალის კაბა და თავშალი იყო გაფენილი, შევიპარე და ავიღე. დაძახება ვერ გავბედე. უცხოდ რომ დამინახავდნენ, შემეშინდა, ვინმეს არ დავესმინე, რადგან ბოლშევიკები დადიოდნენ და თავად-აზნაურობას ეძებდნენ.

გავიხადე ჩემი ტანსაცმელი, ტანზე შემოვიკარი და კაბა გადავიცვი, თავშალი თავზე შემოვიხვიე, ხელში ჯოხი დავიკავე. ჭიათურას შორიდან მოვუარე და კორბოულში გადმოვედი.

საჩხერეში ბიძასთან, სამსონ ციმაკურიძესთან, მივედი დახმარების სათხოვნელად. ბიძია სამსონმა თავის მეზობელთან და ახლო მეგობართან, ვასილ დურმიშიძესთან მიმიყვანა. ავუხსენით მომხდარის შესახებ.

ბიძია ვასიკომ ის ღამე და მეორე დღე საღამომდე ბეღელში დამმალა. შემდეგ სოფლის განაპირას ერთ ნათესავთან ვიმალებოდი. შემდეგ ახლობლებმა თბილისში ჩამიყვანეს, იქ ჩემი საქმე განიხილეს და, როგორც უდანაშაულო, გამათავისუფლეს.“

 

***

ვალიკოს ხუთი შვილიდან ახლა მხოლოდ ორი შვილია ცოცხალი, თუმცა  მაჭავარიანის სისხლი 17 შვილიშვილში დაედინება, ისინი რუდუნებით უსმენენ ისტორიას, რომელიც ასობით ქართული ოჯახისთვის თითქოს ერთმა შემოქმედმა დაწერა და 1924 წელი დაარქვა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია