დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა დაუჯდათ სტუდენტებს პრეზიდენტისათვის „თვალებში ჩახედვა?“
2012/06/04 12:39:52

26 მაისს, იმ დღეს, როცა ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იხსნებოდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სტუდენტებმა გადაწყვიტეს, პრეზიდენტს გელათის მონასტერში დახვედროდნენ. როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ სურდათ სააკაშვილისათვის „თვალებში ჩაეხედათ“. ამიტომ თბილისელი სტუდენტები ქუთაისელ დავით ახრახაძეს დაუკავშირდნენ იმისათვის, რომ მას ტრანსპორტით უზრუნველყოფა გაეკეთებინა.

ინფორმაცია მკითხველისათვის: დავით ახრახაძე აფხაზეთის ომის მონაწილეა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, სრულიად ახალგაზრდა კაცმა ფეხი შესწირა.

დავით ახრახაძემ გვიამბო:
- გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მანქანით ავედით და გელათთან დავაყენეთ მანქანა, როცა დავინახეთ, უშიშროება როგორ ზვერავდა სიტუაციას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებოდით, როდის ამოვიდოდა პრეზიდენტი და 5 საათამდე ველოდით. ალბათ, უშიშროება მიხვდა, რომ მათი თანამოაზრეები არ ვიყავით, გადარეკ-გადმორეკეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია მიაწოდეს, რომ მათ ველოდებოდით და პრეზიდენტი გელათში აღარ ამოვიდა.

- ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

- ამის შემდეგ, დაახლოებით, 5 საათი იქნებოდა, როცა უკან, თბილისისაკენ წავედით. წინ უშიშროების ორი მანქანა მიგვიძღვებოდა, უკან - ორი მოდიოდა. იმის დასამტკიცებლად, რომ ესენი ჩვენ არ მოგვყვებოდნენ, შუაგზიდან უკან დავბრუნდით გელათისაკენ და შემდეგ გელათიდან ისევ უკან წამოვედით. როცა მოწამეთას მივუახლოვდით, პატრულმა გაგვაჩერა, ხელბორკილები დაგვადო და მოწამეთის ჩიხში არსებულ პოლიციის შენობაში შეგვიყვანეს, სადაც ნამდვილი ყვარყვარეს ციხე დაგვხვდა. დაახლოებით 100-მდე ადამიანი იყო იქ და ირონიით გვკითხავდნენ.

- მოითხოვეთ თუ არა დაკითხვისას ადვოკატი?

- რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ, თუმცა მათ ეს მოთხოვნა ყურად არ მიუღიათ. პოლიციის შენობის შემდეგ კი საქალაქო სასამართლოში გადაგვიყვანეს, სადაც გაგვასამართლეს და რამდენიმე ჩვენგანს ერთ კვირამდე პატიმრობა მიუსაჯეს, დანარჩენი კი 400-400 ლარით დაგვაჯარიმეს. პოლიციის თანამშრომელი პირზე წაგვადგა. რომ წინააღმდეგობა გაგვიწიესო, რაც მტკნარი სიცრუეა.

- თუ აპირებთ, ახლა უკვე თქვენ მიმართოთ სასამართლოს ამის შესახებ?

- რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, მათ უკანონოდ ჩამოგვართვეს აპარატურა, წაგვიშალეს ყველა არსებული სურათი და ვიდეოები. ასევე მოგვპარეს მეხსიერების ბარათები. ხოლო ავტომანქანები საჯარიმოზე გადაიყვანეს.
... 26 მაისს ქუთაისში მომხდარი ამ მოვლენის გამო, 27 მაისს თბილისში გამართეს საპროტესტო აქცია, სადაც თბილისის მონაწილეებზე კვლავ განხორციელდა საჯარიმო სანქციები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია