დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველი პატიმარ ალექსანდრე თედეევისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს
2013/08/07 22:54:11

საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას, ასევე, საქართველოს მთავარ პროკურატურას და პატიმარ ალექსანდრე თედეევისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვა.

 

2013 წლის 4 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მსჯავრდებულმა ალექსანდრე თედეევმა. განცხადების თანახმად, იგი 2008 წელს მუშაობდა სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში. 2008 წლის 6 აგვისტოს თედეევი დააკავეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა და  გადაიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში, სადაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა, ვინმე ჟღენტმა მას საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა შესთავაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჟღენტი მას დაპატიმრებითა და წამებით დაემუქრა.

 ალექსანდრე თედეევის ინფორმაციით, ჟღენტი მისგან ცხინვალში კონკრეტული პირების ლიკვიდაციას და ტერორისტული აქტები განხორციელებას ითხოვდა. თანამშრომლობის გარანტად კი, ორსული მეუღლე თბილისში უნდა დაეტოვებინა, რომელსაც დანაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეთითხნილი ბრალდებით გაასამართლებდნენ.

 ალექსანდრე თედეევმა უკანონო ქმედებების განხორციელებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი აწამეს და ყაჩაღობის ბრალდებით კასპის პოლიციას გადასცეს. 2008 წლის 8 აგვისტოს გორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრება შეუფარდა. თედეევი გლდანის #8 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც დაწესებულების თანამშრომლები სისტემატიურად აწამებდნენ და დღეში რამდენჯერმე უმოწყალოდ სცემდნენ. თადეევის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას, პოლიციამ დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინა, რომ თითქოს, იგი ცხინვალის ომში, ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისას დააკავეს.

 #8 დაწესებულებაში ყოფნის დროს, მასთან შედიოდნენ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები და ეუბნებოდნენ, რომ მისი ოჯახი განადგურებული იყო. ამასთან, ემუქრებოდნენ, რომ თუ წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან წამების შესახებ დაიჩივლებდა, მასთან შეხვედრაზე მისულ მეუღლეს ნარკოტიკული ნივთიერებას ჩაუდებდნენ და დააპატიმრებდნენ.

 2010 წლის 2 თებერვალს ალექსანდრე თედეევი გადაიყვანეს რუსთავის #17 დაწესებულებაში, სადაც შეყვანის დროს სასტიკად სცემეს დაწესებულების მაშინდელმა დირექტორმა კიკნაველიძემ და იმავე დაწესებულების თანამშრომელმა დავით მუმლაძემ.

 თედეევის ცნობით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები მასთან #17 დაწესებულებაშიც შედიოდნენ და კვლავ სთავაზობდნენ თანამშრომლობას, რაზეც თედეევი უარს აცხადებდა. მაღალჩინოსნებმა მეგის ქარდავამ და იოსებ თოფურიძემ კი თავისუფლების სანაცვლოდ იმ დროს პატიმრობაში მყოფი ვახტანგ მაისაიას ლიკვიდაცია შესთავაზეს.

 სახალხო დამცველთან შეხვედრისას თედეევმა განაცხადა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 26 ივნისს ახლადგამოვლენილი გარემოების გამო მისი საქმის განხილვისას, არ გამოიყენა სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით სასჯელის შთანთქმის პრინციპი და მოსახდელი სასჯელი 11 წელი და 7 თვე უცვლელად დაუტოვა.

 სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მოთავსებულ ა. თედეევთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა მისი საქმის შესწავლა დაიწყო. სახალხო დამცველმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და აალექსანდრე თედეევის მიერ აღწერილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

 

* * *

სახალხო დამცველი ასევე ითხოვს, თედეევს სათანადო სამედიცინო მომსახურება გაეწიოს სასჯელაღსრულების პირობებში.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია