განათლების სამინისტროს ინიციატივას სკოლებში ფორმების შემოღების შესახებ განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. იდეა - ყველა სკოლის მოსწავლეს განსხვავებული ფერის სამოსი ეცვას - მოსწონთ, მაგრამ როცა საქმე ფინანსებამდე მიდის, მშობელთა უმრავლესობა შეძენაზე უარს ამბობს. მიზეზი - უსახსრობაა.
გაზეთი „P.S.“ თითქმის ყველა სკოლას დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ სკოლების უმეტესობამ ფორმების შემოღებაზე უარი თქვა. დირექტორები ამბობენ, რომ ეს სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით მოხდა, რადგან მშობელთა უმრავლესობა ფორმის შეძენას ვერ ახერხებდა, მათთვის კი მშობლების აზრი მთავარია.
მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი რეზო სირბილაძე სკოლებში ფორმების შემოღების იდეას იწონებს, თუმცა, მშობლების ბიუჯეტსაც უფრთხილდება:
„რა თქმა უნდა, კარგია, ყველა თუ ერთნაირი ფორმით იქნება. ჩვენ შევეცადეთ, რომ ფორმები ჩვენს სკოლაშიც გვქონოდა, სამეურვეო საბჭოსთანაც შევათანხმეთ, მაგრამ მშობლების უმრავლესობამ უარი თქვა და აღარ შემოვიღეთ. 50% შეჭირვებულია და გადავწყვიტე, რომ სკოლისთვის ასე აჯობებდა“.
ასეთი სკოლა ბევრია. სხვა სკოლების დირექტორებმაც, მშობლების სურვილის გათვალისწინებით, ამ „ესთეტიურ სიამოვნებაზე“ უარი თქვეს, ამიტომ მათი მოსწავლეები, ტრადიციულად, თეთრი პერანგითა და შავი შარვლითა თუ ქვედაბოლოთი ივლიან.
იმ სკოლებში, სადაც ფორმების შემოღებას დათანხმდნენ, სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ფორმები, როგორც ფასის, ასევე ფერების მიხედვით განსხვავდება. ძირითადად, ჭრელი ქვედაბოლო და სხვადასხვა ფერის ზედა სამოსი აცვიათ.
„მე ვარ მეათე კლასში, მესამე სკოლაში ვსწავლობ და წელს გვაქვს ფორმები, - ყველა კლასს სხადასხვა ფერის. მეხუთე და მეექვსე კლასელებს - წითელი, მეშვიდე კლასს - ლურჯი, მეათე-მეთერთმეტეს - ნაცრისფერი. კმაყოფილი ვარ და ძალიანაც მომწონს, განსაკუთრებით - ჩვენი, მეათე კლასელების ფერი, - ნაცრისფერი. მართალია, თავიდან რაღაცნაირად მივიღეთ, მაგრამ ახლა ყველას მოსწონს, ამბობენ, კარგია, ყველას ერთნაირი თუ გვეცმევაო“, - გვითხრა სალომე აბდალაძემ.
კმაყოფილებას ის მშობლებიც გამოხატავენ, რომლებმაც ფორმა უკვე შეიძინეს შვილებისთვის: „ძალიან მომწონს, ახალი ფორმები რომ შემოიღეს, - ხომ უნდა განასხვავო მოსწავლე, სტუდენტი და მასწავლებელი... ჩემი შვილი მესამე სკოლაში სწავლობს და ნაცრისფერი ზედა შეუკერეს, - მეათე კლასშია. მეორე გოგო მეექვსეშია და იმას - წითელი. მე, პირადად, ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა გულნაზ ცირეკიძემ.
არის სკოლები, სადაც ფორმის შეკერვა მხოლოდ 20 ლარი დაჯდა. თუმცა, ამბობენ, რომ დამატებით მოსაცმელების შეკერვა ზამთარში, ალბათ, კიდევ მოუწევთ. მე-17 სკოლაში ფორმის შეკერვა 75 ლარი დაჯდა. ამას, დამატებით 17 ლარიანი გამოსაცვლელი პერანგის ფასიც ემატება. მიუხედავად ამისა, მოსწავლეები უკვე ფორმით დადიან. მასწავლებლებიც კმაყოფილები არიან.
„მე პირადად ძალიან მომწონს. მინდა გითხრათ, რომ 95% სკოლაში ფორმების შემოღებას კარგად შეხვდა. ფორმებიც ძალიან ლამაზია. რამდენიმე მშობელმა თქვა, არა მაქვს საშუალებაო და ჩვენ მათ გავუწიეთ შეღავათი. მთელი წლის ფორმაა, - საზაფხულოც და საზამთროც, მე მგონი, ამაში მშობელმა უნდა გადაიხადოს 75 ლარი. მე მეექვსე კლასის დამრიგებელი ვარ და ამ წუთას პრობლემა არ არის, მაგრამ მერე და მერე ჩნდება პრობლემები: მოდიან ცოტა ვულგარულად ჩაცმული ბავშვები და მათ ფონზე ისინი, ვისაც თეთრი მაისურები და შავი ქვედაბოლოები აცვიათ, იჩაგრებიან. თუ იქნება ფორმები, ცხადია, ყველაფერი მოწესრიგებული იქნება“, - ამბობს მე-17 სკოლის მასწავლებელი მაია ხარატიშვილი.
მართალია, ზოგიერთი მოსწავლე ჯერაც ფორმის გარეშე ზის კლასში, მაგრამ, ამბობენ, რომ ეს დროებითია.
„მთელ კლასს ძალიან მოგვწონს ფორმა, ყველა კმაყოფილია. მომწონს, რომ ყველა ერთნაირად მოვდივართ სკოლაში, ერთნაირად გვაცვია. ჩემს კლასელებსაც ძალიან მოსწონთ. მართალია, ერთი-ორი უფორმოდ ზის ჩემს კლასში, მაგრამ ახალი გადმოსულები არიან და აწი შეიძენენ“, - გვითხრა მე-17 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ თამარ სიხარულიძემ.
ასე რომ, ქუჩებში მიმავალი ბავშვების ჩაცმულობა დაგარწმუნებთ:
სასკოლო ფორმა ჩვენს ქალაქში პრესტიჟისა თუ ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ერთგვარ ინდიკატორადაც კი იქცა.