იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელო - ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში 2009-2010 წლებში ახალი სამშენებლო სტანდარტებით 22 სკოლის მშენებლობა იგეგმება.
არქიტექტორების სპეციალური ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე საპროექტო დავალებები მომზადდა. დავალებების მიხედვით, შესრულებული ნამუშევრები ცხრა არქიტექტურულმა ჯგუფმა და ორგანიზაციამ სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობისთვის წარმოადგინა.
აღნიშნული 44 არქიტექტურული ნამუშევრის ექსპოზიცია მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში – ,,მუზაში“ – მიმდინარეობს. მათ შორისაა ფუთის (ზესტაფონის რაიონი) და მუხურის №2 (ტყიბულის რაიონი) სკოლები. მათ ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს, რის შემდეგაც გამოვლინდებიან ტენდერში გამარჯვებულები.
ახალი სამშენებლო სტანდარტები და სასკოლო ინფრასტრუქტურა სასწავლო პროცესთან შესაბამისი, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული და უსაფრთხო გარემოზე იქნება ორიენტირებული.
ტენდერებში წარმოდგენილი საპროექტო ნამუშევრების ექსპოზიციები მომავალშიც ჩატარდება.
პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის – „იაკობ გოგებაშვილი“ – ფარგლებში, წელს საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება, რაზეც ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.