დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნატოს კარი ღიაა, საქართველოს „მოსაწვევი“ კი - შევსების მოლოდინში
2010/12/13 14:11:08

ნატო-საქართველოს ურთიერთობის საკითხი ჩვენს ქვეყანაში ძალზე აქტუალურია. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოლოდინი კი დროში გაუწერელი.

ახლახან ჩატარებულ ლისაბონის სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია ავალდებულებს ნატოს, გააგრძელოს და განავითაროს პარტნიორობა საქართველოსთან. ექსპერტების შეფასებით, ეს წინადადება შეტანილია იმ დოკუმენტში, რომელიც ალიანსის ყველა განცხადებისა და სამიტის დეკლარაციებს გადასწონის.

ამავე სამიტზე ნატომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა. გაიმეორა 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაცია, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას: მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უარყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება. ასევე ლისაბონის სამიტის დეკლარაციამ აღიარა საქართველოს წვლილი ნატოს ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთის მისიაში.

რატომ გვჭირდება, თუ, პირიქით, რატომ ვჭირდებით ნატოს, რა საფრთხეებისგან უნდა დაგვიცვას ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა, რა საქმიანობას ეწევა ნატოს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაქვემდებარებაშია და სახელმწიფოსგან ფინანსდება- კითხვები, რომლის შესახებაც ვესაუბრეთ ნატოს საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს ვახტანგ წოწონავას.

 

ცენტრის შესახებ:

 

საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრი 2005 წლიდან არსებობს, აქამდე ეს იყო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ხოლო 2006 წლიდან უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, მას შემდეგ, რაც საქართველომ მტკიცედ დააფიქსირა საგარეო პოლიტიკაში თავისი ნება. ბუნებრივია, იმიტომ, რომ ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონოდათ ამომწურავი ინფორმაცია, რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია და რატომ უნდა გავწევრიანდეთ მასში. ნატოს საინფორმაციო ცენტრს გააჩნია სამი რეგიონული - აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის საინფორმაციო ბიუროები. ჩვენი საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და მათგან ვიღებთ გრანტებს, უშუალოდ, სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად.

 

საინფორმაციო ცენტრის პროექტები

 

არსებული ცენტრის თანამშრომლობა არ მოიცავს მხოლოდ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ჩვენი ბიურო განთავსებულია უნივერსიტეტში და ძალიან მნიშვნელოვანია აქ სამეცნიერო პოტენციალის აღმოჩენა. ნატოს მთავარი ოფისი ბრიუსელში, ყოველწლიურად იძლევა გრანტებს სხვადასხვა სამეცნიერო  მიმართულებით. პროფესორ-მასწავლებლებს უკვე აქვთ გარკვეული წარმოდგენები და აქტიურადაც არიან ჩართული ნატოს პროექტებში. უშუალოდ პროექტი, რომელსაც ამ ეტაპზე საინფორმაციო ცენტრი ატარებს, არის "ალიანტე", რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდები. ისინი ავლენენ თავის ცოდნას ზოგადად ნატოსა და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პროექტი კარგია იმდენად, რომ ახალგაზრდები ერთი მხრივ თავიანთ ცოდნას ავლენენ, ხოლო მეორე მხრივ გამარჯვებულთათვის საკმაოდ საინტერესო და კარგი პრიზებია. პირველი ადგილის მფლობელები ევროპის რომელიმე ქვეყნის დასასვენებელ ბანაკში მიემგზავრებიან, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი გუნდი საქართველოს რომელიმე კურორტზე ისვენებს. ქუთაისის რამდენიმე სკოლის გუნდმა უკვე გაიმარჯვა ამ პროექტში, მართალია, პირველი ადგილი ჯერ არ აუღიათ, თუმც, ვიმედოვნებ, აუცილებლად დაიკავებენ მომავალში.

 

საქართველოსა და ნატოს პროგრამებით თანამშრომლობა

 

მაპი არ არის აპრიორი, რომ მომენტალურად გავხდებით ნატოს წევრი, მაგრამ ეს იყო აქტიური ნაბიჯი ამ გაერთიანებისკენ. ხორვატიას 8 წლის განმავლობაში ჰქონდა მაპი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხდებოდა მისი წევრი. ასევე სპეციალურად საქართველოსა და უკრაინისთვის შიქმნა აიპაპი, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმატებით გავიარეთ თავის დროზე. დღეს გვაქვს ინტენსიური დიალოგის პოლიტიკა. ამ ორგანიზაციის ბლოკის წევრი რომ გახდე, აუცილებელია მასში გაწევრიანებული 28 სახელმწიფოს თანხმობა. ლისაბონის სამიტზე გაჟღერდა და ოფიციალურ კომუნიკეშიც ჩაიწერა, რომ ნატოს კარები საქართველოსთვის ღია რჩება.

 

რატომ - ნატო?

ნატო შეიქმნა თავის დროზე სწორედ იმიტომ, რომ დასავლეთ ევროპა დაეცვა "წითელი ჭირისაგან", როგორადაც მას თავის დროზე რეიგანმა უწოდა. მაშინ, ის წარმოადგენდა სამხედრო ბლოკს, რომლის მთავარი ამოცანა და მიზანი იყო, შეეჩერებინა სამხედრო ანექსია და საბჭოთა ოკუპაციის გაძლიერება დასავლეთ ევროპისკენ, მაგრამ დროსთან ერთად ნატომაც შეიცვალა თავისი ხედვები და დღეს ნატო წარმოადგენს სამხედრო-პოლიტიკურ და დემოკრატიულ სახელმწიფოთა ბლოკს. ამდენად, საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი Fჩვენი უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ არ გვაქვს ის რესურსები, რომ დამოუკიდებლად დავიცვათ თავი, თუნდაც მეზობლების შემოტევისგან, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რომელიმე სახელმწიფოსთან ვაპირებდეთ ომს, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დაძაბულ რეგიონში და ისეთი სახელმწიფოს მეზობლად, რომელთანაც კონფლიქტი ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ, გარდაუვალია. ნეიტრალიტეტს ვერ გამოვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ნეიტრალიტეტი, როგორც ეს გამოაცხადა თავის დროზე მოლდავეთმა, არ არის გარანტი იმისა, რომ ჩვენ თავი ვიგრძნოთ უსაფრთხოდ. ბუნებრივია, გვჭირდება ისეთ უსაფრთხოების სისტემაში ყოფნა, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და ეს არის ნატო.

 

ნატო-საქართველო-ავღანეთი:

ხშირად მისვამენ სხვადასხვა შეხვედრაზე კითხვას, რატომ იბრძვიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში და საბჭოთა კავშირის პერიოდი მოჰყავთ მაგალითად, რომ მაშინაც არ უნდოდათ ავღანეთში ბრძოლა, მაგრამ ამას აიძულებდნენ და რატომ ხდება დღეს იგივე. ჩემი პასუხი კი შემდეგია: საბჭოთა კავშირის ყოფნა ავღანეთში - ეს იყო ოკუპაცია. იმიტომ, რომ მათ იქ არაფერი ესაქმებოდათ. ზოგი ფიქრობს, რომ ნატოც იმავეს აკეთებს, მაგრამ ნატო იქ რეალურად იცავს მშვიდობას. ნატოს გამარჯვება ავღანეთში - ეს ნიშნავს გამარჯვებას რადიკალურ ისლამზე და არავითარ შემთხვევაში - ზოგადად ისლამზე, როგორც რელიგიაზე. თუ იქ მოხდება დამარცხება იმ ფასეულობების, რის დანერგვასაც ნატო ცდილობს, პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს რეგიონზეც, რადგანაც ჩრდილოეთ კავკასია ეს არის ერთ-ერთი საფრთხის მატარებელი ამ კუთხით: - იქ მძვინვარებს რადიკალური ისლამი.

 

საქართველოს სჭირდება ნატო, თუ პირიქით

ორივე - ერთნაირად. თუ მოხდება ისე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მანამ, სანამ ის შეძლებს ტერიტორიების დაბრუნებას და პრობლემების გადაჭრას, ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ ოფიციალურად იმ 80 პროცენტით შევალთ ნატოში, რომლესაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო ოფიციალურად ადასტურებს ყველა დოკუმენტში, რომ პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, არ ნიშნავს რომ, ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმ ოპერაციებში, რომელსაც დღეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ახორციელებს. საქართველო არის ნატოსთვის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ფუნდამენტი ამ რეგიონში.

ესაუბრა ნათია ადეიშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია