დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იცით, რა ღირს ქუთაისში მიწა?
2010/12/06 14:08:53

საზოგადოების აზრი მაინტერესებდა... გამოკითხულთა უმეტესობამ არაფერი იცის ამ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ რამდენიმემ მითხრა, ქუთაისის პირობებთან შედარებით ძვირიაო, - ალბათ სამმა თუ ოთხმა. შესაძლოა, საკუთარი გამოცდილებიდან.

 

მერე მამუკა მღვდელაძისგან („ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი) შემდეგი კომენტარი მივიღე: „მიწის ფასი ქუთაისში არაბუნებრივად ძვირია. შარშან გაცილებით მაღალი ფასები იყო. წელს, პროტესტის გამოხატვის შედეგად, შედარებით გაიაფდა. 2010 წლის ბიუჯეტში ვერ შესრულდა მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის წინასწარ განსაზღვრული გეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქში მიწაზე მოთხოვნა მაინც და მაინც არ არის. მიწის სიძვირის გამო ვიღაცამ შეიკავა თავი მისი შეძენისგან, სამეურნეო, ეკონომიკური თუ პირადი ინტერესების მიუხედავად. ეს ყველაფერი კი ქალაქის ეკონომიკაზე ცუდად აისახება. საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რომ მიწის ნორმატიულ ფასში ცვლილებებს შეიტანდნენ.“

მიწის ფასი ქალაქში, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაყოფილია ზონირების პრინციპის მიხედვით. არსებობს 3 ზონა თავისი ქვეზონებით. ტერიტორიების დიფერენცირება ხდება მათი სტრატეგიულობის, ეკონომიკური, კულტურული თუ რეკრეაციული დანიშნულების მიხედვით. მიწის ფასი ქუთაისის პერიფერიებსა და გარეუბნებში 7 ლარიდან იწყება და 42 ლარამდე მერყეობს. მეორე ზონაში კი, რომლის საზღვრებშიც შედის ქალაქის ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული ტერიტორიები, რომელთაც ვერც მთლად პერიფერიებს ვუწოდებთ, მიწის ფასი 63-დან 91 ლარამდე მერყეობს. ხოლო პირველ (ცენტრალურ ზონაში) ეს მაჩვენებელი 105-140 ლარია.

ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ჭრელაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „მიწის ახლანდელი ფასი ქალაქის რეალობისთვის მისაღებია, ხოლო რა იქნება მომავალში, ეს უკვე ძნელი სათქმელია. ქუთაისის მეორე დედაქალაქად გადაქცევის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებები გაზრდის დაინტერესებას და, შესაბამისად, გაიზრდება მიწის ფასიც. ამჟამად, პერიფერიულ ზონებში უმეტესად მოთხოვნა არის პატარა ნაკვეთებზე, კომერციული დაინტერესებიდან გამომდინარე. ცენტრალურ უბნებში კი მიწა იყიდება ახალი ნაგებობების ასაშენებლად.“

საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასი საერთოა ნაკვეთის შეძენის მსურველი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის. ხშირად, მოქალაქეები, რომელთაც ამა თუ იმ ტერიტორიის შეძენა სურთ, უკმაყოფილებას გამოთქვამენ გაჭიანურებული პროცედურის გამო. მიწის შეძენის მექანიზმი კი შემდეგია: მოქალაქე სასურველი ნაკვეთის შესყიდვის სურვილს გამოთქვამს განცხადების მეშვეობით, შემდეგ არქიტექტურის სამსახური შეისწავლის აღნიშნულ მიწის ფართობს და შეადგენს აზომვით საკადასტრო რუკას. ენერგოკომპანიაც ერთვება ამ პროცესში და მოწმდება, რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობის საკომუნიკაციო ქსელი ხომ არ გადის მოცემულ ნაკვეთზე. აგრეთვე, თავის დასკვნას იძლევა გარემოს დაცვის სამინისტროც და მხოლოდ ამის შემდეგ მზადდება დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში. აღნიშნული პროცედურების გავლის შემდგომ მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამსახურს გააქვს აუქციონზე და იყიდება აუქციონის წესით. ამ ყველაფერს კი 20 სამუშაო დღე სჭირდება, ისიც - იმ შემთხვევაში, თუ რაიმე შეფერხება არ მოხდა.

მიწის ნორმატიულ ფასს საკრებულო ადგენს ექსპერტების დასკვნებისა და საბაზრო სტანდარტების გათვალისწინებით. თუმცა, 2010 წლის ბიუჯეტში მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით არ გაზრდილა. ფასებმა დაიწია, მაგრამ მოთხოვნა მიწაზე მაინც არ გაზრდილა. წელს დაგეგმილი იყო ამ გზით ბიუჯეტის 4 200 000 ლარით შევსება, თუმცა ამ თანხის მხოლოდ 70%-ია შესრულებული. დანარჩენი 30%-ის მიღება 2010 წლის დეკემბერში იგეგმება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია