დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
36 წლამდე - 27 გასავლელია...
2011/12/05 11:48:06

პარალელი დავით აღმაშენებელსა და მიხეილ სააკაშვილს შორის

საქართველოში დაწყებული საარჩევნო ბატალიების ფონზე შეიძლება გამოვარჩიოთ: სენსაციური პერსონაჟი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ცნობილი პერსონაჟი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი და რიგითი პერსონაჟები - ოპოზიცია-პოზიციის ცნობილი სახეები. ბატონ ივანიშვილზე ჩემი მოკრძალებული მოსაზრება უკვე მოგახსენეთ (გაზეთი „P.S.“ №31, 14-20 ნოემბერი, 2011). თუ წაკითხვის განწყობა და სურვილი გექნებათ, ამჯერად ბატონ მიხეილ სააკაშვილზე გავბედავ აზრის გამოთქმას.

„ადამიანი ისე უნდა ამხილო, რომ გული სიყვარულით გქონდეს სავსეო,“ ამბობდა ბერი გაბრიელი. რატომაც არა, ცუდია თუ კარგია ბატონი მიხეილი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია და, თუ არ შეიძლება მიყვარდეს, პატივს მაინც ნამდვილად უნდა ვცემდე. სიყვარულით კი, თუ შეიძლება ვინმე მიყვარდეს და არა მარტო მე - მთელს საქართველოს, ეს დიდი დავითია, აღმაშენებლად წოდებული. გავავლოთ პარალელები დავით აღმაშენებელსა და ბატონ მიხეილ სააკაშვილს შორის.

პერიოდი - 1089-1125. 9 საუკუნის წინ, საქართველო - ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ოვსეთიდან არეგაწამდე. მტერი - თურქ-სელჩუკები, პირველი სკამი - მეფე, საგვარეულო - ბაგრატიონი, მმართველობის პერიოდი - 36 წელი.

9 საუკუნის შემდეგ, ქვეყანა - საზღვრებმორღვეული, ტერიტორიებდაკარგული, მტერი - რუსები, პირველი სკამი - პრეზიდენტი, საგვარეულო - სააკაშვილი, მმართველობის პერიოდი 09 წელი.

დავითი - „უბრწყინვალესი მხედარი და მხედართმთავარი, მრავალმხრივი რეფორმატორი და ორგანიზატორი, უგანათლებულესი მწიგნობარი, უბრძენესი ხელისუფალი და პოეტი პიიტიკოსი. საქართველო მან ჩაიბარა კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი. თურქთაგან სრულიად დაქცეული, მოჭმული და ამოწყვეტილი“ (ლევან სანიკიძე).

მიხეილი - უბრწყინვალესი ფანტაზიორი, მრავალმხრივი რეფორმატორი, უგანათლებულესი ლინგვისტი, მსოფლიოს დიდი გულშემატკივარი, არაჩვეულებრივი ჟანდარმი, პროამერიკელი, ძეგლთა დიდი შემფასებელი. აღმაშენებელი ხიდების, შადრევნების, შუშის (შიშის)სასახლეების, მხიარული ხელისუფალი.

დავითმა - „გამეფებისთანავე შემოიკრიბა ქართველი პატრიოტები, შეადგინა საკუთარი ჯარი, გვარდია და დაიწყო ბრძოლა საქართველოს გასათავისუფლებლად და გასაერთიანებლად. გაანადგურა გაურჩებული კლდეკარის ერისთავები - ლიპარიტ ივანეს ძე და რატი ლიპარიტის ძე. ასევე, ძაგან ერისთავი“ (ლევან სანიკიძე).

მიხეილმა - ინაუგურაციის შემდეგ შემოიკრიბა ქართველი არაპატრიოტები. შექმნა ქართული ნაციონალური გესტაპო. დაიწყო ქართველთა განდევნა და საქართველოს დაპატარავების დაჩქარებული პროცესი. გაანადგურა და თავიდან მოიცილა უერთგულესი მეგობრები და თანამოაზრეები...

დავითმა -„შესანიშნავად გამართა როგორც კონტრ-დაზვერვის, ისე დაზვერვის სამსახურები და არა მარტო თავისი ქვეყნის გულისცემას „უგდებდა ყურს“, ისიც იცოდა, მისთვის საინტერესო ქვეყნის მმართველი როდის რას ფიქრობდა“ (ანზორ მაისურაძე, სპეცსამსახურების ექსპერტი).

მიხეილმა - საუკეთესო დაზვერვისა და „გონებაგახსნილი“ მრჩევლების წყალობით, დაიგულა რა რუსეთის ჯუჯა პრეზიდენტი ჩინეთში, სამაჩაბლოდან გამოიწვია რუსეთის „უძლეველი არმადა“. მოიტყუა მცხეთამდე და ისე დაამარცხა, რომ შეშინებულმა მსოფლიომ სასწრაფოდ გამოაგზავნა „დიდი ფრანგი“ - სარკოზი დასაზავებლად და რუსეთის კაპიტულაციის ასაღიარებლად. შეგახსენებთ, სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტია, იმ საფრანგეთის, რომლის მეფემ, ლუდოვიკო მეთოთხმეტემ, სულხან-საბა ხელცარიელი და უიმედო გამოუშვა მე-18 საუკუნეში.

დავითმა - „1104 წელს ერწუხთან ბრძოლაში გაანადგურა თურქები. 1110 წელს აიღო სამშვილდე და ძერნა. იმავე წელს თრიალეთში მოსპო თურქთა უზარმაზარი მხედრობა და თურქებს წაართვა რუსთავი, გიში, ქალაძორი, ლორე, აგარანი“ (ლევან სანიკიძე).

მიხეილმა - 2004-2011 წლებში რუსეთს ჩააბარა ცხინვალი, თურქებს - ბათუმი, სომხებს - ქობულეთი. უხვად გასცა მიწები და ეროვნული სიმდიდრეები არაბებზე, ჩინელებზე, ინდოელებზე, იტალიელებზე. უახლოეს წლებში  გაიცემა  თბილისი  და  „სატახტო“  ქალაქად  890  წლის  შემდეგ ისევ ქუთაისს დავიბრუნებთ.

დავითმა -„მოიგონა აღშენება მონასტრისა და 1106 წელს დაიწყო გელათის მონასტრის მშენებლობა, რომელიც ამავე დროს უნივერსიტეტიც გახდა. მონასტერი უნდა ყოფილიყო „სხუა ათინა და ახალი იერუსალიმი“, ანუ სიბრძნისა და რწმენის გაძლიერების ახალი ცენტრი. სწორედ ამ დროს ჩნდება უძველესი სორბონის, ბოლონიისა და სხვა უნივერსიტეტები ევროპაში. მოგვიანებით დავითმა მეორე უმაღლესი სასწავლებელი იყალთოშიც დააარსა. ორივე სასწავლებელში სწავლება ევროპული უნივერსიტეტების პრინციპით მიმდინარეობდა. ამასთანავე, იქმნება მონასტერთან არსებული სკოლების მთელი სისტემა, სადაც განსწავლული ბავშვების ნაწილს აღმაშენებლი ყოველწლიურად სასწავლებლად აგზავნის საბერძნეთში. უკან დაბრუნებულები კი, ქვეყნის მშენებლობის პროცესში მონაწილეობენ“ (როინ მეტრეველი, აკადემიკოსი).

მიხეილმა - ძირიანად მოთხარა ქართული საგანმანათლებლო სისტემა და ამერიკულს დაამყნო. გააუქმა მეცნიერებათა აკადემია, კვლევითი ინსტიტუტები, უმაღლესი სასწავლებლების სახელმწიფოებრივი სისტემა. შეამცირ-გაამსხვილა სკოლები, ფასიანი გახადა ყველა ტიპის სწავლება. მანდატურებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მუშაკებით შეცვალა დამსახურებული და სახალხო მასწავლებლები. ყველგან მოჭრა ორმოც წელს გადაცილებული „ხეები“ და გაუშვა უმეცართა პარადი სამინისტროებსა და სახელმწიფო ორგანოებში. საზღვარგარეთ თუ ვინმე გაუშვა ყველა იქ დატოვა. ქვეყნის შენებას რა უნდაო და აშენებს ქვეყანას სამ ხმაში.

დავითმა -„ხელი შეუწყო ეკონომიკის მუდმივად მოქმედი დარგების განვითარებას. ერს სულის მოთქმის საშუალება მისცა“ (მ. ბახტაძე, ისტორიკოსი).

მიხეილმა - საერთოდ დაასამარა ქვეყნის ეკონომიკა. გლეხი დააგლახავა, მუშა გააქრო, წვრილ მეწარმეებს გული და ნერვები გაუწვრილა, მსხვილებად მისიანები მოაქცია. ეკონომიკის მინისტრებად ისეთები შეარჩია, რომლებიც ეკონომიკის წარმოების არანაირ ფორმულას არ ფლობენ. მაგიური ჯოხები კი, ვერც უკრაინიდან და ვერც ამერიკიდან ვერ შემოუტანა.

დავითი -„არ იყო მეფე, რომელიც თავის სამხედრო ძლიერებას მხოლოდ მკლავის სიძლიერესა და ხმალზე ამყარებდა. იგი თითოეულ მეომარს უფრთხილდებოდა“ (ჯაბა სამუშია, ისტორიკოსი).

მიხეილმა -გააორმაგა ქვეყნის სამხედრო ძალები ერაყში, კოსოვოში, ავღანეთში და საზღვრებს გარეთ ამ გაორმაგებამ უმძიმესი შედეგი მოგვცა რუსეთთან ბრძოლის დროს. კაცი, რომელიც შეწუხებულია ერაყის, კოსოვოს, ავღანეთის მოსახლეობის მდგომარეობით, კაცი, რომელიც ნობელის პრემიაზე იქნა წარდგენილი, რუსეთთან ომს სამხედრო მანევრად თვლის და ამ ომის მონაწილე არც მკვდრები ახსოვს და არც გადარჩენილები.

დავითი -„იყო შუენიერ ხატითა, უშუენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახვილითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადლეს ჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მკრთომელობითა“ (დავითის ისტორიკოსი).

მიხეილი - ახოვანი ტანითა, ძლიერი იმპულსებითა, აჩქარებული დიპლომებითა და მედლებითა, უხვი წოდებებითა; გულისხმიერი - ამერიკელებთან, მკაცრი და მომთხოვნი - ქართველებთან, დაუმორჩილებელი - რუსებთან. ვარდებისა და ქალების დიდი მოყვარული. „ყველა დროს აქვს გმირული, ტრაგიკული წარსული, იმედიანი მომავალი და მძიმე, იმედგაცრუების აწმყო“ (სოლიკო ხაბეიშვილი). გმირულ-ტრაგიკული წარსული დიდი დავითის ეპოქაა. იმედიანი მომავალი (2012 წლის არჩევნები(?!), იმედგაცრუების აწმყო - ბატონი მიხეილ სააკაშვილი - ალიევის, ბუშის ქუჩები, რეიგანის, ტეტჩერის, პავლე მეორის ძეგლები და სარკოზის ტრიუმფალური თაღი.

ცხრა საუკუნე გასულა, მეფეთმეფეო დავით. ვაი, რა ტყუილად გიბრძოლია და გიღვაწია ოცდათექვსმეტი წელი. მაგრამ ვაცადოთ ბატონ მიხეილს - ოცდათექვსმეტამდე - ოცდაშვიდი გასავლელი აქვს.

 

ნათია ხიმშიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1425
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია