დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები ჩაერთვებიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/09/26 09:39:00

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებთან თომას ბორტფელდთან და ბენჯამინ კლასისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორების ჩართულობის საკითხები განიხილეს.

 

ამერიკელ პროფესორებთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემის მეგა-პროექტის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

 

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტზე, რომელიც სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება. ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიება 2022 წლის 5 ივლისს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. ცენტრში ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან.

 

სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს კვლევების განხორციელებაში.

 

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ის მოხარულია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები ჩაერთვებიან და ქართველ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ.

 

თავის მხრივ, ამერიკელმა პროფესორებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ ადრონული თერაპიის ცენტრის ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი. მათი თქმით, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა სამეცნიერო-კვლევითი პროცესის განვითარებისთვის. ამერიკელმა პროფესორებმა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 206
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია