დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საჩვენებელი პიარ-შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის სკვერში
2011/03/28 12:36:34

პრესის სახლიდან, თითქმის ყოველ დღე, გრიშაშვილის გავლით, წერეთლის ქუჩამდე ფეხით გადავადგილდები. 23 მარტიც ერთი ჩვეული დღე იყო, მხოლოდ წვიმიანი ამინდით გამორჩეული. გრიშაშვილისა და რუსთაველის გადაკვეთაზე, გრიგოლ რობაქიძის სკვერში (ბოლოხანს „ტორპედოს“ სახელობის რომ უწოდეს) თავი მოეყარა მოსახლეობას. იქ მყოფ ქალბატონს ვკითხე, რატომ შეკრებილიყვნენ. 

 

- იმიტომ, შვილო, რომ სულ მალე ჩვენს უბნელებს ქალაქის თვითმმართველობის თავმჯდომარე, ამირან ხვადაგიანი შეხვდება და ხალხის პრობლემებს მოისმენს.

აი, თურმე, ამ სიცივეში რისთვის მოსულან ქუთათურები? მეც არ დავაყოვნე და საკრებულოს თავმჯდომარის ვიზიტამდე მოსახლეობას გავესაუბრე.

მერაბ ქორიძე: „ამ უბნელი ვარ, „ქრონიკელი“. ამასწინათ, რუსთაველის მერვე ჩიხში, მეგობართან მივდიოდი, მაგრამ ისეა ხრეშიანი გზა დამსხვრეული, იქ ასვლამდე სამჯერ წავიქეცი. თუ კაი ხალხი ხართ, გაარემონტეთ, რა! დღეს ჩვენს მეგობარს, ბატონ ამირან ხვადაგიანს უნდა შევხვდეთ. მინდა, რომ ჩემი უბანი გაალამაზონ. არ ვიცი, ვნახოთ, როგორ იქნება მომავალში, იმედია, მოაგვარებენ პრობლემებს“.

ზაირა მურადოვა, პენსიონერი: „მე ბერი თევდორეს ქუჩაზე ვცხოვრობ, ბევრი რამ გააკეთეს ჩვენს უბანში. კანალიზაცია გაიყვანეს, შუქი 24 საათი, წყალი კი გრაფიკით გვაქვს. ახლა გზაა გასაკეთებელი და მგონია, რომ ზაფხულამდე შეაკეთებენ. პირადი კითხვა მაქვს ბატონ ამირან ხვადაგიანთან. სიძე მყავს უმუშევარი, ძალიან განიცდის და იქნებ რაღაცაზე დაასაქმოთ“.

ინეზა გაბუნია, პედაგოგი: „ბარათაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ და ჩვენი მთავრობით უკმაყოფილო ვარ. წყალი, დენი, განათება გვაქვს, რაღაც ხარვეზები არის, მაგრამ გამოასწორებენ, ალბათ. ძალიან გული მწყდება, თბილისის მერი გიგი უგულავა რომ გია თევდორაძეზე უფრო ყურადღებიანია. განსაკუთრებით მესიამოვნა, დღეს რომ საკრებულოს თავმჯდომარე შეგვხვდება.“

ქეთინო აბდალაძე: „ამ მთავრობას არ ვემდური, რომ ვთქვა, არაფერს აკეთებენო, ცოდვაა, შვილო. ყველაფერი კარგად კეთდება, მაგრამ რობაქიძის ქუჩაზე მტკივა გული, რომ განათება არ გააკეთეს. აქ სამოცდაათი ოჯახი ვცხოვრობთ და, რა ვიცი, ალბათ, მალე გააკეთებენ. ძალიან კარგია ასეთი შეხვედრები, ნეტავ, ყოველთვის ასე იქნებოდეს, ან სამ თვეში ერთხელ მაინც“.

კომენტარების ჩაწერა დასრულებული არ მქონდა, როდესაც ახალგაზრდა ნაციონალმა შეგვატყობინა, ბატონი ამირანი მობრძანდაო.

შავი „ჯიპიდან“ გადმოსული საკრებულოს თავმჯდომარე ხალხში

გაერია.

გთავაზობთ ბატონ ამირან ხვადაგიანის დიალოგს მოსახლეობასთან (სტილი დაცულია.).

- გამარჯობათ, მეგობრებო. როგორ მოგწონთ განახლებული, გრიგოლ რობაქიძის სახელობის სკვერი?

- ძალიან კარგია, მაგრამ სახელი რატომ გადაარქვით?

- ...ყველაზე მეტად მაინტერესებს, ენერგო და სასურსათო ვაუჩერები ხომ ყველამ მიიღეთ. ეხლა ბევრია ესთქო, არ ვიტყვი, მაგრამ დღეს თითოეული ოჯახისათვის შეღავათია.

- არის, ბატონო, არის...

- მე მინდა გითხრათ, რომ პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მომავალი წლიდან პენსია 100 დოლარამდე გაიზრდება დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება მეტსაც გააკეთებს. აი, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მათი მხრიდან დავალება გვაქვს, მოსახლეობის ნებისმიერი პრობლემა შეისწავლეთო. ჩვენ, შეძლებისდაგვარად, კარდაკარ დავდივართ და ვსწავლობთ. ახლა, რომ გითხრათ, ერთ, ან ორ დღეში გავაკეთებთ ყველაფერს, მაგი გამორიცხულია, მაგრამ, რაც გადაჭრადია, იმას მოვაგვარებთ:

- ნინოშვილის ბაღი გაგვიკეთეთ!

- ნინოშვილის ბაღი, ჩათვალეთ, რომ გაკეთებულია.

- ბატონო ამირან, პრესის სახლის გვერდით რომ საკმაოდ დიდი ტერიტორია შემორაგვულია და ტყედ იქცა, ხომ შესაძლებელია, იქ ახალგაზრდებისათვის მინი ფეხბურთის სტადიონი გააკეთოთ?

- ...წყალთან დაკავშირებით, რაიმე პრობლემა გვაქვს?

- წყალი გრაფიკით მოდის და ხანდახან, სულაც არ არის.

- ზოგიერთ უბანში ახალი მილები ჩავყარეთ, მაგრამ გრაფიკით მაინცაა. მერწმუნეთ, რომ  ახლო მომავალში 24 საათი გექნებათ წყალი. რა გაინტერესებთ, რომ ვთქვათ კიდევ.

- განათება...

- სულ მალე გავანათებთ ყველა უბანს. მოდი, რა, ასე გადავწყვიტოთ: ხვალ ჩემთან სამსახურში გელოდებით და ეს საკითხები გავარკვიოთ.

- მიგვიღებთ, ბატონო ამირან, კაბინეტში?

- რა ვიცი, ყოველდღე ათობით მოქალაქე მომმართავს სამსახურში... ხვალ, 12 საათზე გელოდებით.

ასაკოვანი ქალბატონი (თავისთვის): არჩევნები რომ მოახლოვდება, ხომ გახსენდებით?

ხვადაგიანის თანმხლები ახალგაზრდა (რომელიც ყველაფერს წიგნაკში ინიშნავდა):

- კარგი, ქალბატონო, დაწყნარდით, ნუ გადავეკიდებით ერთმანეთს!

- წელს ქუთაისში მილიონობით ლარი დაიხარჯება. საპარლამენტო დედაქალაქი რომ გახდება, ის სხვა ვალდებულებებს მოითხოვს. აღარ იქნება წყლის, გაზის, დენის პრობლემა. ეს  უკვე გადაწყვეტილია, ვერავინ ვერ შეცვლის, მთავარია თქვენი დადებითი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი. ნებისმიერ დროს მზად ვართ, მოგისმინოთ და მოგეფეროთ. 

ნასვამი მამაკაცი (ტაშს უკრავს და): გაიხარე, გაიხარე!..

- მე მინდა დიდი მადლობა მობრძანებისთვის გადაგიხადოთ. გთხოვთ, რომ ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი ჩააყენეთ საქმის კურსში. ჩვენ მზად ვართ, მოგისმინოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, კარგად ბრძანდებოდეთ.

ჟურნალისტი: ბატონო ამირან, გაზეთ „P.S.“-ის კორესპონდენტი ვარ. რას გვეტყვით დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით?

ამირან ხვადაგიანი: აი, კომენტარი თქვენ, ჟურნალისტებმა უნდა გააკეთოთ. ჩვენდამი ამ ხალხის დამოკიდებულება მახარებს. მიხარია, რომ სწორად აფასებენ ქალაქის მიმართებაში ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ხედავენ, რაც გაკეთებულია. იმ პრობლემებსაც გვაწვდიან, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და ჩვენ ვეცდებით, რომ ამ პრობლემების გამოსწორება მაქსიმალურად შევძლოთ“.

ჟურნალისტი (უკომენტაროდ)...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია