დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„მუხლჩაუხრელად“ მომუშავე ქართველი პოლიტიკოსები და კუნთებათამაშებული კრემლი
2012/04/23 11:56:44

ქართული პოლიტიკური პარტიები საარჩევნო მარათონში კარგა ხანია  ჩაებნენ. რეგიონები კი მათთვის საბრძოლო ცეცხლგაჩაღებული პოლიგონები გახდა.

 

მაშინ, როცა მთავარი ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ქუთათურები გააწბილა და ოფისის გახსნას არ დაესწრო, საკუთარი რაიონისთვის ამის გაკეთება ღალატის ტოლფასად ჩათვალა: აღდგომის წინა დღეებში ბიძინა ივანიშვილი მშობლიურ მხარეს, საჩხერეს სტუმრობდა, სადაც „ქართული ოცნების“ ოფისი გახსნა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ივნისის ბოლოსთვის საქართველოში სიტუაციის გარდატეხა მოხდება.

„სამ თვეში მოხერხდა ის, რომ ამერიკელებს და ევროპელებს ვაჩვენოთ სააკაშვილის ცრუ დემოკრატია. მან დაკარგა რეალური მხარდაჭერა და გამოვაჩინეთ მისი მოძალადეობრივი სახე. პირველად საქართველოს ისტორიაში, მივაღწიეთ იმას, რომ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, აქ ჩამოვლენ საერთაშორისო დამკვირვებლები. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაბალანსოთ სააკაშვილის ძალადობა, ჩვენ გავაქტიურდებით რეგიონულ შტატებში, ჩვენთან ერთად გააქტიურდება სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებიც და ივნისის ბოლოსთვის სიტუაცია იქნება გარდატეხილი. მოვახერხებთ იმას, რომ პოლიციამ საკუთარი ხალხის დათრგუნვას თავი დაანებოს,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში ყოფნისას.

ოფისის გახსნას პოლიტიკური ლიდერებიდან ესწრებოდნენ ირაკლი ალასანია, დავით ბერძენიშვილი და ზვიად ძიძიგური. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, შეხვედრა „ბიძინა“, „ბიძინას“ შეძახილით დასრულდა. თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა მთავარი, იქ გარკვეულ შეხლა-შემოხლასაც ჰქონია ადგილი.

ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ბოლო დროს პრესა საკმაოდ აჭრელდა. ქუთაისში ჩამოუსვლელობის მიზეზად სწორედ ეს დასახელდა. თავიდან კი ეს ინფორმაცია ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ გაახმაურა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაემგზავრნენ შვეიცარიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სოზარ სუბარი და არჩილ კბილაშვილი.

„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა თავისი კრიმინალური გადაწყვეტილებებით გაკვირვების უნარი დაგვაკარგვინა, ვერ ვიტყვი, რომ ასეთ რამეს მოველოდი, ის რომ ხელისუფლებამ გვერდი აუარა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის თემას და მხოლოდ შეურაცხმყოფელ განცხადებებს დასჯერდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს საკითხი მართლაც განიხილებოდა. საქართველოს ისტორიას მსგავსი ფაქტები ბევრი ახსოვს, რომლებიც არ გამოძიებულა,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.

მაშინ, როცა ქართველი პოლიტიკოსები „მუხლჩაუხრელად“ შრომობენ, მეზობელ სახელმწიფოში, რუსეთში, მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. არადა, მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო დებატებზე გამოსვლისას მათ გულთბილი მასპინძლობა შესთავაზა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, „პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ, რუსეთიდან საქართველოში სტუმრების მოსურნეთა რიცხვის მკვეთრი მატება გამოიწვია.“

ფაქტია, კრემლი კვლავ „კუნთების თამაშს“ განაგრძობს, თან ცდილობს არჩევნების სამზადისში მყოფ ქართველ პოლიტიკოსთა   ყურადღება   არ   მიიპ-ყროს.  მაგრამ   როკის   გვირაბის  დამოუკიდებლად, დაკეტვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩებოდა.

„როკის გვირაბის დაკეტვა რუსეთს, შესაძლოა სამხედრო სწავლებისთვის სჭირდება, ამავე დროს მას ჩასატარებელი აქვს სარემონტო სამუშაოები, რაც, თავისთავად სავარაუდოა, რომ რუსეთს დასჭირდება მომავალი სამხედრო სწავლებებისთვის. მე მგონი, ამ კონტექსტში არის ეს ნაბიჯი გადაგმული,“ - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.  

სულ მალე კი საქართველოს სტუმრად ეწვევა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. მისი ჩამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ცხადია, რომ მისი რჩვევა-დარიგებები და შენიშვნები უცხო არ იქნება ქართველი პოლიტიკოსებისთვის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1452
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია