დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გახდება თუ არა დაპატიმრებები ივანიშვილის დემოკრატიის „აქილევსის ქუსლი“?
2012/12/03 12:40:11

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური  ვიზიტით იმყოფება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან შეხვედრის მთავარი აქცენტი კვლავ ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული მაღალჩინოსნების დაკავების თემაა. 

 როგორც საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, ქალბატონმა კლინტონმა პირდაპირ მიუთითა ახალ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური დაჭერები შეწყვიტოს, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს არ უთქვამს, ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ახორციელებსო.

 

„შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. აშშ-ს მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.“ -  ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში ისიცაა აღნიშნული, რომ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესს, რაც ამ არჩევნების შედეგად მოხდა და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, სავარაუდო დამნაშავეთა გასამართლებასთან დაკავშირებით, გამჭირვალედ განხორციელდება - შესაბამისი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის დაცვით, როგორც ეს შეეფერება „ქართულ ოცნებასა“ და მისწრაფებებს და ქართველი ხალხის გრძნობებს,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, დიპლომატიური ენით, მაგრამ მკაფიოდ იყო ნათქვამი,  რომ  „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან და პირების პოლიტიკური ნიშნით დევნისგან თავი უნდა შეიკავოს.

„ძალიან მკაფიო იყო მინიშნება იმ გამოძიებებთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილი თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელისა და სხვა პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილები იყო ივანიშვილის რეჟიმის მისამართით. ვნახოთ, რამდენად ადეკვატური იქნება ხელისუფლება,“ - განაცხადა ბატონმა კუბლაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კი აცხადებს, რომ  ქვეყანაში მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასაც იგივე პოზიცია აქვს, რაც ჰილარი კლინტონს.

„დაკავებების პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იგივეს ვფიქრობთ ჩვენც და ვაკეთებთ კიდეც. ასე რომ, ჰილარი კლინტონის განცხადებაში არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

„ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ პროცესები უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს ნიშნავს, რომ ბრალდება უნდა იყოს სამართლიანი. ეს რჩევა ყველას სჭირდება. შეიცავს თუ არა ეს განცხადება მინიშნებას, რომ პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს, ამას საუბარი არ უნდა. თუ სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტს, რომ კაცმა დააშავა, ჰილარი კლინტონიც და ყველაც დაკმაყოფილებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის გაფრთხილება, რომ პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს. ჯერჯერობით, მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ,“ - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან  ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი, რომელმაც ჰილარი კლინტონის განცხადება  პოლიტიკურ დევნაზე  გაფრთხილებად შეაფასა,  ამერიკის სახელმწიფო მდივნისგან მეტს ელოდა, თუმცა ის, როგორც დიპლომატი, მხოლოდ დიპლომატიური ენით საუბრობს.

ასევე, ლევან ბერძენიშვილის თქმით,  ხელისუფლების სურვილია, ყველა საქმე გამჭვირვალე იყოს და ასეც იქნება.

„2003 წლის შემდეგ როდის გინახავთ გენერალური პროკურორი ასეთი სიხშირით ტელევიზორში, საერთოდ თუ გყავთ ნანახი იუსტიციის ყოფილი მინისტრი. ჩვენი სურვილია, ყველა პროცესი გამჭვირვალე იყოს,“ - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

 

რა თქვა ჰილარი კლინტონმა?!

 

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ  დააფიქსირა საკუთარ საჯარო განცხადებაში, რომ საქართველოს საერთაშორისო საზოგადოება თვალყურს ადევნებს,“ - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო მდივანმა ძალზე მკაფიოდ დააფიქსირა ჩვენი მოლოდინი კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით. ასევე ის, რომ ამ ყველაფერს საერთაშორისო საზოგადოება თვალყურს ადევნებს და საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერა ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი კანონის უზენაესობაა. ეს ღირებულებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერისთვის. მინდა გითხრათ, რომ ორმხრივ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დაგვარწმუნა, რომ ამ საქმეების განხილვა სათანადოდ წარიმართება და მათ იციან, რომ მსოფლიო უყურებთ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ქართული დემოკრატიისადმი ჩვენი მხარდაჭერა ძლიერი და მტკიცეა,“ - განმარტა ვიქტორია ნულანდმა.

 მისი თქმით, ამ მხარდაჭერაში იგულისხმება ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების, კერძოდ, გამჭვირვალობის და კანონის უზენაესობის დაცვა, „რომ არ უნდა შეიქმნას ოდნავი შთაბეჭდილებაც კი, რომ გამოძიებები პოლიტიკური მოტივით მიმდინარეობს“.

 რაც შეეხება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მაია ფანჯიკიძისა და ჰილარი კლინტონის შეხვედრას, ნულანდის თქმით, ეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მისი მთავრობის ერთგულებას დემოკრატიული პრინციპებისადმი, მათ შორის კანონის  უზენაესობისადმი. მათ ასევე ისაუბრეს ახალი მთავრობის პოზიციაზე, თანმიმდევრულები ყოფილიყვნენ საგარეო პოლიტიკაში, ნატო-სა და ევროკავშირისკენ აღებულ კურსთან მიმართებაში, ავღანეთის სამშვიდობო მისიასთან მონაწილეობასთან დაკავშირებით, როგორც ამჟამად, ასევე 2014 წლის შემდეგ. ჩვენ ძალზე გაგვახარა და დაგვამშვიდა ამის გაგონებამ. ჩვენი მხრივ, ხაზი გავუსვით ჩვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჟენევის მოლაპარაკებებისადმი, სადაც ჩვენ ვიღვწით სიძნელეების გადასალახად,“ - განაცხადა ნულანდმა.

 

გახდება თუ არა დაპატიმრებები ივანიშვილის დემოკრატიის „აქილევსის ქუსლი“

 

ამერიკელი ექსპერტის, მაუნთ ჰოლიოკის უნივერსიტეტის პროფესორ სტივენ ჯონსის შეფასებით, „თუ საქართველოში დაპატიმრებები ძალიან შორს წავიდა, ამან შესაძლოა, პოლიტიკურ ტრანზიციას ხელი შეუშალოს.“

ამის შესახებ სტივენ ჯონსმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

„ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ მყარი შეფასებები გავაკეთოთ. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც ევროპის სახელწიფოებში ყველაზე აქტიურად განიხილება, ყოფილი სახელმწიფო მოხელეების დაპატიმრებებია. ევროპელები ამას პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით წარმოებულ მართლმსაჯულებად აფასებენ. დაპატიმრებები შეიძლება არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და შეიძლება არა. ამ დასკვნის გაკეთება ჯერ ადრეა. შეიძლება ყოფილ საჯარო მოხელეებს სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი და მათ მხოლოდ ამ ნიშნით იჭერენ, ან ისინი მართლაც პოლიტიკური მიზნებით არიან დაკავებული, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება მართლმსაჯულების პროცესი მომავალში. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და ვნახოთ, სადამდე და რამდენად მართებულად გაგრძელდება ეს პროცესი,“ - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ ახალმა ხელისუფლებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ეფექტური ოპოზიციის პოტენციალი არ შეზღუდოს.

„უნდა დავინახოთ, რომ მართლმსაჯულების პროცესი სამართლიანი და ღიაა, სათანადო მტკიცებულებების წარდგენით. გარდა ამისა, ამ პროცესს უნდა ჰქონდეს გარკვეული ლიმიტი. ქვეყნის ხელისუფლებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს იმაში, რომ არ გარიყოს და არ შეზღუდოს ეფექტური ოპოზიციის არსებობის პოტენციალი. მიმდინარე საქმეები სამართლებრივი პროცესებია, რომლებიც კანონის ფარგლებში სამართლდება, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკა ყოველთვის ფონად გასდევს ასეთ შემთხვევებს. მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა იმაში, თუ ვის გავასამართლებთ და რატომ, სად გავჩერდებით. თუ დაპატიმრებები ძალიან შორს წავიდა, ამან, შეიძლება, პოლიტიკურ ტრანზიციას ხელი შეუშალოს,“ - მიიჩნევს სტივენ ჯონსი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1307
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია