საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
ელისო ჯანაშიას ბლოგი:"იგივენი და სიტუაციაც იგივე - მხოლოდ "იგივენი" იუმჯობესებენ მატერიალურ კეთილდღეობას"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/15 01:56:30

"ფოთში რომ ხაზინის ქურდები იყრიან კენჭს, იმდენი ალბათ არსად იქნებაო,"- შემომჩივლა ერთმა ფოთელმა მეგობარმა. სიმართლე გითხრათ, ალბათ, პირველი არჩევნებია ბოლო 12 წლის მანძილზე, რომელსაც ძალიან პასიურად ვაკვირდები და არ მაინტერესებს, რადგან მისი შიგნეულობა უწინდებურად ერთმანეთში მყრალად აზლეტილია.

 

არ მაინტერესებს მაჟორიტარის მიერ ერთპიროვნულად შედგენილი სია და არც მომავალი საკრებულო - "კოლექტიური ბესელია", რომელიც ისევე იქნება ბესელიას წყალობით მადლიერი, როგორც თავად ბესელია - საკუთარი ბელადით.

 

არც  მის მიერ პარტიის ოფისში მოწყობილი ისტერიკები მაინტერესებს მაინცდამაინც, რომ ნებისმიერ ფასად "ოცნება" უნდა შევიდეს საკრებულოში სრული შემადგენლობით, რისთვისაც საინიციატივო ჯგუფების ზოგიერთი მაჟორიტარიც ლატენტური "ოცნებელები" გახდნენ (გამჭრიახი გოგოა უდავოდ).

 

ყოველ არჩევნებზე პარტიული დაპირებებივით, ჩემს მიერ ყველა პერიოდის საარჩევნო კამპანიის გაშუქებაც ერთმანეთს ჰგავს:

 

კანდიდატებისთვის არათანაბარ პირობები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოსყიდვა, არაკეთილსინდისიერი საოლქო და საუბნო კომისიები (სად იბადებიან მაინც ) და .. კანდიდატებიც კი ერთი და იგივე - მუდმივად მოტივტივენი - ხელისუფლებას რომ ვერასოდეს ელევიან, თუმცა არც ერთი მათგანი არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დღეს ფოთი მესამე მსოფლიო ომის გადასაღებ პავილიონს წააგავს.

 

იგივენი და სიტუაციაც იგივე - მხოლოდ "იგივენი" იუმჯობესებენ მატერიალურ კეთილდღეობას, ხოლო მათ ამომრჩევლებს კითხვაც არ უჩნდებათ არჩევნებიდან -არჩევნებამდე და ყოველ შემდეგ არჩევნებზე ისევ მას აძლევენ ხმას, რადგან ეს უკანასკნელი მისთვის მოპარული ფულით, მისივე მოსყიდვას შესანიშნავად ახერხებს. ჰოდა, სანამ ამის საშუალებას მისცემენ მათ ამომრჩევლები, ხელისუფალთ იმის უტიფრობა ყოველთვის ეყოფათ, რომ საკუთარი თავი ხელახლა შეთავაზონ "მოსყიდულებს".

 

მეგობრის ნათქვამს მივუბრუნდები, რაც კენჭისმყრელთა სპექტრის გადახედვის შემდეგ, მართლაც დადასტურდა: საარჩევნო სია, განსაკუთრებით კი მმართველი პარტიის, დახუნძლულია კორუფციისთვის და სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებითა და ხელისუფლებაში სწორედ იმ დროს მყოფებით, როცა გაქანებული კორუფცია ყვაოდა.

 

თუმცა ისინი საკუთარი სარგებლის მიღებისა და სტატუსის შენარჩუნების გამო დუმდნენ, მაგრამ ეს არ უშლით ხელს ამჯერადაც ჰქონდეთ ძალაუფლებაზე პრეტენზია. პრინციპში რატომაც არა - როდის მოთხოვა მათ ამომრჩეველმა პასუხი მისი გადასახადებისგან შემდგარი ბიუჯეტის ქურდობაზე? მათი უმრავლესობა ხომ მხოლოდ მოპარული სტატუსითა და სოციალური მგდომარეობით განსაზღვრავს ადამიანებს და მათთვის სულერთია, საიდან მოიტანა მან ეს.

 

 

სია კი, რომელსაც სრულყოფილების პრეტენზია არ აქვს, ასე გამოიყურება (შესაძლოა, ვინმე გამომრჩენოდა, რაც მხოლოდ არაინფორმირებულობითაა გამოწვეული, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი):

 

მოგელი ტყებუჩავა - სამი მოწვევის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ექს-თავმჯდომარე (ქართული ოცნება). გასამართლებულია უფლებამოსილების გადამეტებისა და ბიუჯეტის არამიზნობრივი განკარგვისათვის;

 

ტყებუჩავას თავმჯდომარეობის პერიოდის ექს-მერები: გია დარჯანია (ქართული ოცნება) და დავით ქანთარია (ბურჯანაძის პარტიიდან); გასამართლებული არიან უფლებამოსილების გადამეტებისთვის და კორუფციისთვის;

 

სამსონ კუტალია  - ფოთის საბაჟო გაფორმების განყოფილების ყოფილი უფროსი (ქართული ოცნება) 2007 წელს გასამართლებულია ქრთამის აღების ფაქტზე;

 

ჯემალ მიგინეიშვილი - სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი (ქართული ოცნება). გასამართლებულია "ქართული ოცნების" ანგარიშზე უკანონო შემოწირულობის განხორციელების ფაქტზე;

 

ირაკლი დუნდუა - ფოთის მერიის კუთვნილი შპსინფრასტრუქტურისყოფილი დირექტორი (ნაციონალური მოძრაობა) გასამართლებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის გამო. აქტიურად მონაწილეობდა მოქალაქეთა კანონიერ საკუთრებაში არსებული ავტოფარეხების ნგრევის იძულებაში;

 

ყველა მათგანს, დაკავების პერიოდში. გადახდილი აქვს კოლოსალური ჯარიმები და საპროცესო შეთანხმებით დადგენილი გადასახადები, თუმცა, ახალი ხელისუფლების პერიოდში, არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

 

მე კი ის უფრო მაინტერესებს, მათმა უმრავლესობამ, 100 - 200 ათასი ლარის და მეტის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასე მარტივად როგორ შეძლო, როცა მათი ხელფასი, დაახლოებით, 500-დან 2 ათას ლარამდე იყო? მხოლოდ ის ვიცი, რომ მოგელი ტყებუჩავა სტრასბურგში ასაჩივრებს. თუმცა, მანდ შესაძლოა იმის გამოც გაიმარჯვოს მხოლოდ, რომ დაკავების პროცედურა დაირღვა.

 

პირადად ჩემთვის, ქალაქის დაქცევასა და ამ დღეში ჩაგდებაში კიდევ უფრო მეტი ბრალი, გულგრილ და "გამპრავებელ" მოხელეებს მიუძღვით, რომლებიც პირად კეთილდღეობასა და თანამდებობას დახარბებულები, ვერასოდეს მიხვდებიან თუ რა ზიანს აყენებენ მომავალ თაობებს, მათ შორის, საკუთარსაც.

 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი კანდიდატი ალექსანდრე თოფურია წარსულში "ნაციონალი", მისი ოჯახი კი "ნაციონალური მოძრაობის" მსხვილი შემწირველი, წლების მანძილზე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო. სწორედ იმ წლებში, როცა ადგილი ჰქონდა უკანონოებებს ფოთის ბიუჯეტში მისი მუდმივად დადებითი დასკვნები, მედიის კრიტიკის ობიექტი ხდებოდა, თუმცა, ამ ყველაფერს ეკა ბესელიასთვის ხელი არ შეუშლია, რომ ის "ქართული ოცნების" კანდიდატი გამხდარიყო, რაშიც მისი ბიზნესმენი სიმამრის -  გურამ წიწილაშვილის როლი და წვლილი უდავოდ აშკარაა.

 

მერობისთთვის მებრძოლი "ქართული ოცნების" კიდევ ერთი კანდიდატი ირაკლი კაკულიას გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით, მისი ლეგიტიმაციაც კი ეჭვქვეშ იქნება, რადგან წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ის ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო სუბიექტის დასარეგისტრირებლად საჭირო მოთხოვნებს და მხოლოდ იმის წყალობით გახდა კანდიდატი, რომ ცესკოში მმართველი პარტია უმრავლესობას ფლობს.

 

ამასთან, ჟურნალისტების მუდმივი მონიტორინგის საგანი უნდა გახდეს, მისთვის მუდმივად წამოყვედრებული კოლოსალური ვალების შემცირების დინამიკა, რომელიც, როგორც ამბობენ, ბიზნესში ყოფნისას დაუგროვდა. ბუნებრივია, თავისთავად ვალის ქონა დანაშაული არაა, მაგრამ იმ თანხის წარმომავლობით, რითაც ის მომავალში დაგროვილი ასიათასობით ვალის გასტუმრებას აპირებს, აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ მისი ამომრჩევლები. ისე კი, ნორმალურ ქვეყნებში, კორუფციის მხრივ მსგავსი მაღალი რისკის შემცველ კანდიდატს საერთოდ არ წამოაყენებდნენ, ან ამის გამო მას ამომრჩეველი არ დაუჭერდა მხარს, მაგრამ, ეს რომ ნორმალური ქვეყანა არაა, ამაზე მაინც ხომ ვთანხმდებით?!

 

და მთელი ეს სახელისუფლებოს სიის "კომპოტი", ფოთის მაჟორიტარმა მოამზადა და მოხარშა, რისი დალევაც, რადგან არჩევის დიდი შანსია, 4 წლის მანძილზე მოუწევთ ფოთელებს. პრინციპში, არჩევანიც კი ბევრი არაფერია. არც სხვა პარტიებს მოუქაჩლებიათ თავი წესიერი და კომპეტენტური კანდიდატების პოვნით. რამდენიმე ასეთი ადამიანი, უფულობის გამო, საარჩევნო კამპანიას სრულყოფილად ვერ აწარმოებს და თუნდაც, საკრებულოში თითო-ოროლა მსგავსის მოხვედრა, ამინდს ვერ შექმნის.

 

ამიტომაც, გადავწყვიტე: იმ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე გულგრილობას იჩენდნენ და ხელს უწყობდნენ ქალაქის ძარცვას და ახლა კვლავ იმავე გულგრილ ამომრჩეველზე დაყრდნობით ხელისუფლებაში მოსვლას მოახერხებენ, მხოლოდ ამ ფორმით გავუგზავნო ჩემი საარჩევნო ბიულეტენი.

 

შეგვიძლია, 4 წლის მერე ხელახლა გადავხედოთ...

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2049
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია