დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ციალას რომ უჭირს, ასე ქვეყნად არავის გასჭირვებია!“
2012/02/27 12:00:55

„მადლიერების სახლის“ ბენეფიციარები: „იქნებ ეს თხოვნა წაიკითხონ მერიაში...“

 

სოციალურად დაუცველი ადამინების რიცხვი ქუთაისში ყოველწლიურად იზრდება. ამ ადამიანებს გადარჩენისათვის უწევთ ყოველდღიური ბრძოლა და დახმარებას, წლებია, უშედეგოდ თხოვენ. რომ არსებობენ, ამისათვის მადლობას   მადლიერების სახლს უხდიან.

ერთ-ერთი ასეთი, ვინც „მადლიერების სახლში“, წლებია, დადის და თავის წილ რამდენიმე ნაჭერ პურს და წვნიან ულუფას ორად ჰყოფს, რომ ავადმყოფ შვილს მიუტანოს, 74 წლის ციალა ფურცხვანიძეა. როგორც თვითონ აცხადებს, მის ცხოვრებაში მრავალი გაჭირვება და უბედურება  მომხდარა. წლების წინ შვილის ავადმყოფობის გამო ერთადერთი თავშესაფარი - ბინა გაუყიდია და იმის შემდეგ, ფაქტობრივად, ქუჩაში, კეთილი ადამიანების გულისხმიერების იმედადაა დარჩენილი. 74 წლის ქალბატონი, ავადმყოფ შვილთან ერთად, ხან ერთ დაკეტილ ბინას აფარებს თავს, ხან მეორეს. ორსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი  ქალბატონის პენსიაა, რომელიც მედიკამენტებში არ ჰყოფნის. სოციალური დაუცველობის რამდენიმე ათეული ლარი, თვეებია, მისთვის გაუგებარი მიზეზის გამო მოუხსნეს. ქალბატონს ერთი ოცნებაც აქვს და შიშიც - არ სურს ღია ცისქვეშ, უპატრონოდ გარდაიცვალოს.

გაზეთი „P.S.“ მადლიერების სახლში ქალბატონ ციალას მაშინ ესტუმრა, როცა მისი გაჭირვების გამო შეწუხებული, თავადაც სოციალურად დაუცველი პირები ელექტროენერგიის გადასახადის ფულს უკრებდნენ, რადგან გადაუხდელობის შემთხვევაში მას დაუყოვნებლივ დენს ჩაუჭრიდნენ. ქალბატონ ციალას ვთხოვეთ, მისი გაჭირვების შესახებ მოეთხრო: „10 წელია, უსახლკაროდ, ღია ცისქვეშ ვარ. მყავს ვაჟი, რომელიც ხშირად ავადმყოფობს და, ამავდროულად, ნერვიულობს, რადგან საკუთარი ოჯახი დაენგრა. ჩემი ბიჭის ავადმყოფობის გამო ბინა გავყიდე, რადგან ძალიან ცუდად მყავდა, ექიმებმა სამი ლიტრი წყალი ამოუღეს ფილტვებიდან. ხან ვის დაკეტილ სახლში ვიხიზნებით, ხან - ვისაში. ამ წუთას ნაქირავებში ვართ ქალიშვილთან ერთად. ჩვენთან ერთად არიან მისი შვილებიც. სულ ექვსი სული ვართ. ძალიან გვიჭირს ბინის ქირის გადახდა, ჩემი და ჩემი ბიჭის ერთადერთი შემოსავალი ჩემი პენსიაა, გეკითხებით, 100 ლარით როგორ უნდა არჩინო ოჯახი ადამიანმა? სოციალური დახმარების პროგრამიდან ამომაგდეს, თვეებია, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო. ვის არ ვწერ წერილებს, მარტო პრეზიდენტს ხუთჯერ გადავეცი, ასევე ქალაქის მერიაშიც დავდივარ, მაგრამ ვინ გაქცევს ყურადღებას, ვის აინტერესებს შენი პრობლემები? - არც არავის. ჩემი ბიჭი ვერ მუშაობს, რადგან მუხლები ტკივა, ამიტომ ბეტონზე ვერ იმუშავებს, ერთადერთი - მძღოლობა იცის, მაგრამ ასე, შენს ჭკუაზე, ვინ დაგაწყებინებს სამსახურს.  სიგარეტის ფულიც არ აქვს, ხან ვის სთხოვს და ხანს ვის. გაუსაძლისად გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. აქ დავდივარ მადლიერების სახლში, უკვე ოთხი წელია, ამ სახლის მეშვეობით ვართ ცოცხლები, ვჭამ წვნიანს და ნახევარი ჩემი შვილისთვისაც მიმაქვს,“ - გვითხრა სოციალურად დაუცველმა ციალა ფურცხვანიძემ.

ამ უმწეო ქალბატონის შესახებ ემოციების გარეშე საუბარი უჭირთ იმ ადამიანებსაც, ვინც მადლიერების სახლში, წლებია, დადიან და ციალა ფურცხვანიძეს კარაგდ იცნობენ, მათი განცხადებით, მსგავსი გაჭირვება,  რაც ამ ქალბატონს აქვს, ჯერ არ უნახავთ.

„მაგას რომ უჭირს, ასე მგონია, მთელს ქვეყანაში ასე არავის უჭირს. ახლა შუქის ფული არა აქვს, რომ გადაიხადოს და ზოგმა რა ამოიღო ჯიბიდან და მისცა, ზოგმა - რა, რომ არ ჩაუჭრან დენი და განათებულში მაინც იყვნენ. მიკვირს, კიდევ როგორ ახერხებენ არსებობას. იქნება ჩვენი ეს თხოვნა წაიკითხონ მერიაში და რაიმეთი დაეხმარონ ქალბატონს,“ - განაცხადა მადლიერების სახლის ბენეფიციარმა ტაისა აფხაზვამ. 

„გული გვეწვება ციალას საცოდაობით, გაუსაძლისად უჭირს, მაგრამ ერთს არ დაიწუწუნებს, არაჩვეულებრივი პიროვნება და ადამიანია. ასეთ ადამიანებს ნამდვილად უნდა ეხმარებოდეს ღმერთი,“ - თქვა მადლიერების სახლის კიდევ ერთმა ბენეფიციარმა.

რა მიზეზით მოეხსნა ქალბატონ ციალა ფურცხვანიძეს სოციალური დახმარება, რითაც მას არსებობა უადვილდებოდა? იგეგმება თუ არა მისი ოჯახისთვის კვლავ სოციალურად დაუცველობის სტატუსის მინიჭება? ამ შეკითხვით ჩვენ  სოციალური მომსახურების სააგანტოს იმერეთის რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრს  მივმართეთ.

„როგორც თქვენ აცხადებთ, აღნიშნულმა ოჯახმა რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. თუ მისამართის ცვლილება ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის, აუცილებელია, მიმართოს ქუთაისის მომსახურების ცენტრს და დაწეროს განცხადება ადგილმდებარეობის  შეცვლაზე, რომელ მისამართზეც აუცილებლად მივა ჩვენი კოორდინატორი და განახორციელებს ვიზიტს. ამჟამად კი, როგორც ფიქსირდება, ციალა ფურცხვანიძე მის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, როგორც ერთიანი ოჯახი, სადაც ჩვენმა კოორდინატორმა დააფიქსირა, რომ არის კომპიუტერი. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ ციალას არ ეკუთვნის ეს კომპიუტერი და ის მისი  შვილიშვილის არის, ისინი მაინც ერთ ოჯახად ითვლებიან, ხოლო რასაც ქალბატონი აცხადებს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ 107 ლარი არის, ეს, არ გვგონია, სიმართლეს შეეფერებოდეს, რადგან აქ ფიქსირდება კომუნალური გადასახადი,  ოჯახის საკმაოდ სოლიდური თანხა ფიქსირდება,“ - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილემ ნანა მესხმა.

როგორც ჩანს, ქალბატონ ციალას აღნიშნული დახმარების მიღების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. მას კვლავ მოუწევს მადლიერების სახლში სიარული და მისი წილი ულუფის შვილისთვის გაყოფა.

ვინ არის მართალი: სახელმწიფოს წარმომადგენელი, თუ „მადლიერების სახლის“ ის ბენეფიციარები, უკანასკნელ თეთრებს რომ იმეტებენ მათზე გაცილებით გაჭირვებული ადამიანის დასახმარებლად?

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია