დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სტრატეგიულ განვითარებაზე 15 კაცი იზრუნებს
2011/06/21 15:29:52

ქუთაისის სტრატეგიული განვითარების საბჭოს პრეზენტაცია 16 ივნისს გაიმართა საკრებულოს სხდომათა დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საბჭოს შემადგენლობა და სამოქმედო გეგმის შექმნის აუცილებლობა.

 

შეგახსენებთ, რომ ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესახებ 2011 წლის თებერვალში ვამცნობდით ჩვენს მკითხველს. როგორც მაშინ გვითხრა ქუთაისის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ჭრელაშვილმა, საბჭო გასულ წელს შეიქმნა და მისი პირველი შეკრება თებერვლის ბოლოსთვის იგეგმებოდა. თუმცა, საზოგადოებას მისი წევრებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ მხოლოდ გასულ კვირას ეცნობა . რაც შეეხება თავად სტრატეგიული განვითარების საბჭოს, მისი თავმჯდომარეა ქალაქის მერი, გიორგი თევდორაძე, მდივანი კი - მალხაზ ჭრელაშვილი.   

საბჭო 15 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან სახელისუფლებო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებების მქონე პირები. მათი სრული ნუსხა ასე გამოიყურება: გიორგი თევდორაძე (ქალაქის მერი), დავით ანდღულაძე (ვიცე-მერი), მერაბ ბარათაშვილი (საკრებულოს წევრი), მერაბ მეშველიანი (საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე), ლევან ჭანჭალეიშვილი (საკრებულოს წევრი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის - ქუთაისის სერვისცენტრის მენეჯერი), მალხაზ ჭრელაშვილი (ქუთაისის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი), ვასილ მებურიშვილი (არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი), ანდრო მაღლაკელიძე (კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი), კახაბერ გვანცელაძე (არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკის ინსტიტუტი“), ნოდარ ჯიქია („საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“), იოსებ ხახალეიშვილი („ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს საქართველო“-ს აღმასრულებელი დირექტორი), დავით მელქაძე (ს.ს.  „საპროექტო-სამშენებლო კომპანიის“ დირექტორი), პაატა წოწონავა (TBC ბანკის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი), გიორგი კოპალიანი (შპს  „ქუთქალაქკადასტრის“ კონსულტანტი), გიორგი კიკვაძე (მოქანდაკე, მხატვართა კავშირის თავმჯდომარე).

სტრატეგიული განვითარების საბჭო შეიკრიბება ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს და სხდომაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელი იქნება.

ამ ეტაპზე საბჭოს მთავარი მიზანია ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება, რომელიც 2012 წელს უნდა დაამტკიცოს ქალაქის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ.

როგორც შეხვედრაზე ამცნეს საზოგადოებას, საბჭოს მიზანია ქალაქის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივების შემუშავება და მათი განხორციელება მომავალი 10, 20, ან 30 წლის განმავლობაში.

ამ ეტაპზე სტრატეგიული განვითარების საბჭოს განსაკარგავად აქვს 50000 ლარი, რომელიც პროექტისთვის საჭირო სამუშაოების დასაწყებად არის აუცილებელი. თავდაპირველად დღის წესრიგში დგას ქალაქის რუკისა და მაკეტის შექმნა, რაზეც საბჭოს მომავალ სხდომებზე იმსჯელებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია