საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თედო ჯაფარიძე ევროპის სახალხო პარტიას სამართლიანი მონიტორინგისაკენ მოუწოდებს
2013/07/10 14:51:05

გავლენიანი გამოცემა „European Voice აქვეყნებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის წერილს სათაურით „საქართველო და გეოპოლიტიკა რისკის ქვეშ“.

წერილში პარლამენტარი ევროპის სახალხო პარტიის პოზიციას აკრიტიკებს და მოუწოდებს მის წარმომადგენლებს, საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებისათვის მეტი ექსპერტი გამოაგზავნონ ქვეყანაში. ჯაფარიძე სტატიაში აცხადებს, რომ „ევროპის სახალხო პარტიისათვის აუცილებელია ხელისფლების დემოკრატიული გზით გადაცემის შედეგებთან დაუყოვნებლივ შეგუება.“ 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

 

„ნაცვლად უსაფუძვლო კრიტიკისა, ევროპის სახალხო პარტიისთვის უმჯობესია, გამოაგზავნოს მონიტორინგის მისია.

მომდევნო თვეში შესრულდება 5 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% უაზრო კონფლიქტის შედეგად, რომელშიც პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაგვითრია ჩვენ და იმედოვნებდა, რომ ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსსაც ჩაითრევდა. ჩვენი ახალი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოიყვანეს წლების განმავლობაში არასათანადო მმართველობით უკმაყოფილო ამომრჩევლებმა, თავდაუზოგავად მუშაობს წარსულში ჩადენილი შეცდომების გამოსასწორებლად და ამაში მას დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება.

უცნაურია, მაგრამ დემოკრატიის გამოცდის ამ მაგალითს სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ენერგორესურსების დერეფანს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, აშშ–სა და ევროპის კონსერვატორები კრიტიკის ქარ–ცეცხლში ატარებენ. ისინი იცავენ სააკაშვილსა და მათ მოკავშირე პარტიას საქართველოში და დღენიადაგ უტევენ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ახალ ხელისუფლებას, როგორც პრო–რუსულ, ანტი–დასავლურ და ანტი–დემოკრატიულ ძალას.

ევროპის სახალხო პარტიის მიერ ევროპარლამენტში ახლახანს გამართულ მოსმენაზე გუნარ ჰოკმარკმა (შვედი ევროპარლამენტარი) გამოთქვა სინანული „მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირების“ გამო, ხოლო კშიშტოფ ლისეკი (პოლონელი ევროპარლამენტარი) მოთქვამდა სააკაშვილის ადმინისტრაციის დაკარგვის გამო, მიუხედავად ამ უკანასკნელის დამარცხებისა არჩევნებში გასულ წელს, სასჯელაღსრულების სისტემაში წამების ფაქტებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე.

უფრო მეტიც, ჩვენი კოლეგები ევროპის სახალხო პარტიიდან ღვაწლსა და დიდსულოვნებაში უთვლიან სააკაშვილს „დამარცხების აღიარებას“, თუმცა ეს გამარჯვება არჩევნებში უზრუნველყოფილი იყო მიუხედავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საარჩევნო ყუთების/ბიულეტენების გაყალბებისა და ფართოდ გავრცელებული წინასაარჩევნო დაშინების კამპანიისა, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ მოვლინებული მონიტორინგის მისიების დოკუმენტებში.

ევროპის სახალხო პარტიისათვის აუცილებელია ხელისფლების დემოკრატიული გზით გადაცემის შედეგებთან დაუყოვნებლივ შეგუება. რასაკვირველია, ისტორიულ კონტექსტში მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“ უმთავრესი და უპირველესი ვალდებულებაა, დაარწმუნოს საქართველოს მოქალაქეები, რომ არჩევნებში მონაწილეობა შედეგის მომტანია/ცვლილებებს იწვევს. ეს კი ნიშნავს ამჟამინდელი და ყოფილი თანამდებობის პირთა სამართალში მიცემას წარსულში ჩადენილი დანაშაულებისათვის.

რასაკვირველია, სამართლიანობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას დრო დასჭირდება სათანადო სამართლებრივი პროცესის გამო. ასეთ ვითარებაში სავალალოა, რომ ევროპის სახალხო პარტიამ არ მოავლინა მონიტორინგის მისია საქართველოში, ან, თუნდაც, უნგრეთში, სადაც პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანს (ევროპის სახალხო პარტიის წევრი) ბრალს სდებენ სამოქალაქო და მედიის უფლებათა მიწასთან გასწორებაში.

როგორც ივანიშვილმა ევროსაბჭოში ახლახანს წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა (ფაქტიურად, უფრო ახალგაზრდა, ვიდრე ამას ევროპის სახალხო პარტია აღიარებს) და მოწიწებით ეპყრობა ძველ და ჩამოყალიბებულ დემოკრატიებს ევროპაში. საქართველო იმედებს ამყარებს მონიტორინგზე, განსაკუთრებით, ევროპარლამენტის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხრიდან, რათა დაადგინოს და აღმოფხვრას ინსტიტუციური ხარვეზები. თუმცა, შეთავაზებული მონიტორინგი კონცენტრირებული უნდა იყოს სამართლებრივი პროცესის ხარისხზე, რომელსაც ევროპის სახალხო პარტიის წევრები გამუდმებით და სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოიხსენებენ, როგორც პოლიტიზირებულს.

ლისეკი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საფრთხეში არ ჩააგდოს ქვეყნის დემოკრატიული ტრანზიცია. კონკრეტულად რაში გამოიხატება ამ ტრანზიციის საფრთხეში ჩაგდება? ათასობით მოქალაქემ შეიტანა სარჩელი და მოითხოვა იმ საჯარო მოხელეთა სამართალში მიცემა, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ ძალაუფლებას. ამ მოთხოვნას ვერც ერთი დემოკრატიული ხელისუფლება ვერ უგულებელყოფს ისევე, როგორც გერმანია ვერ უგულებელყოფდა ყოფილი საიდუმლო სამსახურების ძალადობრივ დანაშაულებს. ნუთუ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას შესწიროს საქრთველოს მოქალაქეები მასობრივ ამნეზიას დემოკრატიის სახელით? ჩვენ არ ვართ არც ანგარიშგების და არც მიჩქმალვის მატარებელი ძალა. ჩვენ განუხრელად მივყვებით სათანადო სამართლებრივ პროცესს.

დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ წამოიწყო მაღალი თანამდებობის პირთა საქმეების გამოძიება. რამდენიმე მათგანი სასამართლოს მოლოდინშია. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამარბერგი ჩართულია ამ პროცესში, რათა უზრუნველყოს ჩვენ მიერ სათანადო სამართლებრივი პროცესის საერთაშორისო ნორმების დაკმაყოფილება და ჩვენ მივესალმებით ამ მონიტორინგს. კითხვა ამ შემთხვევაში მდგომარეობს შემდეგში: შეძლებდა თუ არა ორბანის მთავრობა ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობით უნგრეთში მსგავსი მონიტორინგისათვის თვალის გასწორებას მეტ–ნაკლებად მსგავსი თავდაჯერებით?

იმავე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი ევოპარლამენტარები უტევენ „ქართული ოცნების“ კოალიციას, როგორც პრო–რუსულ ძალას, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს უფრო მჭირდო კავშირს ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსთან. ნუთუ ესოდენ ძლიერია სიძულვილი რუსეთის მიმართ, რომ ჩვენს ხელისუფლებას აბუჩად იგდებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის ცდილობს დაძაბულობის განმუხტვას ჩვენს რეგიონში?

არ შეცდეთ. კოალიცია „ქართული ოცნება“ ევრო–ატლანტიკური ტრაექტორიის ერთგულია, უფრო საქმით, ვიდრე სიტყვით, მაგალითად, ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილით, რომელიც ალიანსის რამდენიმე წევრის წვლილს უმნიშვნელოდ წარმოაჩენს მასთან შედარებით; ტრაექტორიისა, რომელიც იმსახურებს დასავლეთის მხარდაჭერას და არა დაბრკოლებებს.“


(ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია