დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეროვნული უსაფრთხოების ახალი გამოწვევები
2011/02/22 12:03:00

ეროვნული უსაფრთოების კონცეფცია ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მასში ასახულია ის საფრთხეები და გამოწვევები, რაც კონკრეტული პერიოდისთვის ქვეყნის წინაშე დგას. 21-ე საუკუნის გლობალურ სამყაროში საქართველოს წინაშე უსაფრთხობის ახალი გამოწვევები დგას და პარლამენტი უსაფრთხოების ახალი კონცეფციის დასამტკიცებლდ ემზადება. დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი უკვე შექმნილია. თუმცა იგი ჯერ საჯაროდ განსახილველად არ გამოსულა. ჩვენ შევეცადეთ, ახალი კონცეფციის რამდენიმე მნიშნელოვანი დეტალი გაგვერკვია.

საქართველოს ეროვნული უსა-ფრთხოების კონცეფცია ბოლოს 2005 წელს შეიქმნა. მას შემდეგ თითქმის ექვსი წელი გავიდა. მსოფლიოში ვითარება შეიცვალა, ასევე შეიცვალა საქართველოს საგარეო ურთიერთობებიც.  რამდენიმე დღის წინ დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შექმნის შესახებ გამოაცხადა. გარდა იმისა, რომ შეიცვლება უსაფრთხოების კონცეფციის  შინაარსი, ცვლილებებია მისი დამტკიცების პროცესშიც. რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურისგან განსხვავებით ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის განხილვაში აქტიურად ჩაებმებიან როგორც პარლამენტის წევრები, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორები და საზოგადოება.  პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, იგი არ არის ერთი რომელიმე უწყების დოკუმენტი, იგი არის მთელი ქვეყნის და მის გადასინჯვაში საჭიროა ყველას ჩართულობა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა უკვე წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები უსაფრთხოების კონცეფციაში გასათვალისწინებელი ცვლილებების შესახებ. არასაპარლამენტო ოპოზიცია მზად ყოფნას გამოთქვამს განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სამუშაო ვარიანტი უკვე შექმნილია და მომდევნო კვირიდან საპარლამენტო კომიტეტებში მის განხილვას დაიწყებენ. თუმცა კონცეფციის ძირითადი დებულებები ჯერ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

გაზეთი „P.S.“ შეეცადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსთან ვასილ ჭყოიძესთან გაერკვია უსაფრთხოების კონცეფციის შექმნის მიზეზები და ძირითადი გამოწვევები.

- რამ განაპირობა ეროვნული უსაფრთხების კონცეფციის თავიდან გადახედვა. საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე მოვლენები იყო თუ არა ბიძგი, დაჩქარებულიყო ახალი კონცეფციის შექმნა.

ვასილ ჭყოიძე: აქ არის ორი მიზეზი: ერთი - ზოგადი ცვლილებები, რომლებიც ხდება საერთაშორისო სისტემაში, და მეორე - 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რამაც შეცვალა უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში მთლიანად.

ამიტომ ეს ორი ფაქტი გახდა მიზეზი იმისა, რომ 2005 წელს მიღებული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა გახდა აუცილებელი.

- როგორი იქნება რუსეთის როლი ახალ კონცეფციაში?

- რუსეთი განხილულია როგორც საფრთხე. ასევე მისი ქმედებები ჩრდილოეთ კავკასიაში საფრთხედ აღიქმება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის, ჯერჯერობით, მხოლოდ პროექტი.

საბოლოო ვერსიაზე მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ვიმსჯელოთ, როცა ამას პარლამენტი დაამტკიცებს. ასევე დაემატა ის თანამედროვე საფრთხეები, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული წინა კონცეფციაში. მაგალითად: კიბერ-თავდასხმები, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა. ეს შედარებით უფრო ადაპტირებული და რელევანტურია, ვიდრე წინა კონცეფცია, რადგან აქ ასახულია ყველა ის გამოწვევა, რაც თანამედროვე მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებობს.

- რაც შეეხება დანარჩენ ქვეყ-ნებთან ურთიერთობას, თუ იქნება კონკრეტულად რომელიმე ქვეყანაზე ყურადღება გამახვილებული?

- იქ არის გამოკვეთილი რამდენიმე პრიორიტეტი, მიმართულება. აქცენტი გაკეთებულია  საერთაშორისო ორგანიზაციებზე და იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც თანამშრომლობა ჩვენთვის არის პრიორიტეტული. მათ შორის, რა თქმა უნდა, თურქეთიც,  ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული, ვინ არიან ჩვენი ძირითადი პარტნიორები, ვისთან არის მიზანშეწონილი თანამშრომლობის გაღრმავება.

რუსეთის ფაქტორი არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც თანხმდება როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება. დამატებით ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება მართლმადიდებლური ეკლესიის როლსა და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის სტაბილურობაზე.  ვინაიდან უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ღია დოკუმენტია და მის განხილვაში მონაწილეობა საზოგადოების წევრებმაც უნდა მიიღონ, შევეცადე, გამერკვია, თუ რას ფიქრობენ ახლი კონცეფციის შექმნაზე საზოგადოების წევრები და რას განიხილავენ ისინი ძირითად საფრთხედ.

გივი ქველაძე: პირველ რიგში აღვნიშნავ ახალი კონცეფციის შექმნის აუცილებლობას, რადგან იმ პერიოდში, როდესაც არსებული უსაფრთხოების კონცეფცია იქმნებოდა, სხვა პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური რეალიები იყო. მას შემდეგ (განსაკუთრებით  კი აგვისტოს ომის შემდეგ), გამოიკვეთა ის ძირითადი საფრთხეები, რაც აუცილებლად უნდა აისახოს ახალ კონცეფციაში, ესენია: ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხე (არასტაბილურობა და სხვა გამოწვევები, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყ-ნის იმიჯსა და უსაფრთხოებას). ოკუპანტი ძალისგან აგრესიის განმეორების საფრთხე, ეკონომიკური არასტაბილურობა და მაღალი ინფლაციის ფონზე გაუარესებული სოციალური მდგომარეობა, რომელმაც პოლიტიკური არასტაბილურობა შეიძლება გამოიწვიოს.

თეონა დალაქიშვილი: ვფიქრობ, რომ კონცეფციაში აუცილებლად ასახული უნდა იყოს ის, რომ რეალურად არ გვაქვს საზღვრები და რომ ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია.

გიორგი სახელაშვილი: ეროვნული უსაფრთხოება უნდა ნიშნავდეს, პირველ რიგში, ეროვნული იდეების უსაფრთხოებასა და ამ იდეების დაცვას ადამიანების ცნობიერებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია ეროვნული ინფორმაციის მუდმივი  კვლავწარმოება და ამ ინფორმაციის დაცვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია