დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გულნარა წიკლაურის „ანტისემიტიზმი“
2010/03/09 12:20:09

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვრის გულნარა წიკლაურის ნამუშევარი „ანტისემიტიზმი“ არავის ტოვებს გულგრილს. ის წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე, ვისაც შეუძლია, გაიგოს და გულთან მიიტანოს ადამიანური ტრაგედია, რა გამოვლინებაშიც არ უნდა იყოს ის წარმოდგენილი.

სურათი მართლაც ძალზე შთამბეჭდავია. ავტორი ახერხებს, ამ ტილოზე დროსა და სივრცეში გაწელილი ეს უგეოგრაფიო და უსამშობლო მოვლენა ალეგორიებითა და სახე-სიმბოლოებით ამა თუ იმ ისტორიულ კონტექსტში მოაქციოს, ერთდროულად კონკრეტული პოლიტიკური წყობის შედეგადაც წარმოადგინოს და უნივერსალურობის ნიშანიც შეუნარჩუნოს, როგორც ეს სინამდვილეში არის. ამ ნამუშევარში ანტისემიტიზმი, რომელიც კაცობრიობის გარკვეული ნაწილის სულიერი ავადობა და მორალის სიმწირეა, ისეთივე ტრაგიზმითაა წარმოსახული, როგორც თავად ფაქტია და როგორც იგი ავტორის ცნობიერებაში არსებობს შესაბამისი საპროტესტო მუხტით და ადამიანური პასუხისმგებლობით.

ტილო სათაურით „ანტისემიტიზმი“ სააზროვნო ასპარეზს სთავაზობს მისით დაინტერესებულს. ნამუშევრის სათაური იმდენად პუბლიცისტურად ჟღერს, რომ, ერთი შეხედვით, ეჭვსაც კი იწვევს - თემა, რომელიც წერითი აზროვნების მასალას იძლევა, ნახატში მთელი თავისი ტრაგიზმითა და დრო-სივრცული მოცულობით როგორ უნდა იქნეს წარმოდგენილი, მაგრამ ავტორს აქვს უნარი, ისე ზუსტად მოძებნოს სახე-სიმბოლოები, ისეთი დეტალები მოიმარჯვოს სათქმელის გადმოსაცემად, რომ მიზანს სრულად მიაღწიოს. იგი ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ათასჯერ თქმულისა და განცდილის მიუხედავად, კიდევ ერთხელ უჩვენებს ანტისემიტური თუ, ზოგადად, ანტიადამიანური აქტის განმახორციელებლებს თავიანთ მახინჯ ბუნებას, უძარღვო სახეს და ანტიკაცობრიულ ხასიათს. არადა, ასეთია განურჩევლად ყველა, ვინც არ უნდა იყოს ის - მაღალი სოციალური ფენის, პრესტიჟული პროფესიის, თუ სხვა ამის მსგავსი. აქ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, გულნარა წიკლაურის აზრით, რაც უფრო გამორჩეულია ადამიანი თავისი შესაძლებლობებით, მით უფრო მეტად მოეთხოვება სიკეთეც და სათნოებაც და ელემენტარული უნარი - ადამიანები არ განსაჯოს, არ დასაჯოს, არ დაჩაგროს მათი ეროვნული წარმომავლობის გამო. ო, როგორი განსხვავებული იქნებოდა მაშინ ადამიანთა მოდგმის გრძელი და, უფრო ხშირად, ძალზე მტკივნეული ამბავი!

ნახატის ცენტრში თეთრხელთათმანებიან, ფრაკით შემოსილ, გახამებულ საყელოზე ბაფთით თითქოსდა სადირიჟორო პულტთან შემართულ, ავად გაყინულ სასხლიან სახე-ნიღაბს ვხედავთ, რომელსაც ხელში სადირიჟორო ჯოხის ნაცვლად ცული უჭირავს სისხლიანი პირით, და აშკარაა, რომ რაღაც დიდ აქტს ხელმძღვანელობს, თუმცა, ჰუმანურს არა...

ის არ დირიჟორობს მუსიკალურ ნაწარმოებს, თუმცა, ასე დაბეჯითებითაც ნუ ვიტყვით - იქნებ, ღირდეს, აქ შევჩერდეთ და წუთით ისტორიის არცთუ მტვერწაყრილი ფურცლები გადავშალოთ. გახსენდებათ რიჰარდ ვაგნერი, ანტისემიტური იდეებით შეპყრობილმა მის გენიალურ  თანამედროვეს, ფელიქს მენდელსონს სიცოცხლე რომ გაუმწარა მისი სემიტური წარმომავლობის გამო? და არა მარტო ეს - მან თავისი მუსიკით, დიახ, მუსიკით, ისეთი იდეოლოგია შექმნა, ჰიტლერს ებრაელთა მასიური ხოცვა-ჟლეტის განხორციელებისას სააზროვნო საფუძვლად რომ გამოადგა.

ვაგნერი ხომ ერთადერთი არ იყო ევროპის შემოქმედთა შორის? გახსოვთ „დიდი განმანათლებელი“ ვოლტერი, ჭირივით რომ სძულდა ებრაელები და თავად მევახშე და წურბელა, მევახშეებს ეძახდა! ან, მართლაც, მაგიურ ფერთა ოსტატები - იმპრესიონისტები და პოსტიმპრესიონისტები: ავგუსტ რენუარი, ედგარ დეგა და სხვები, თავიანთ წარუმატებლობას პრაქტიკულ ცხოვრებაში ებრაელებს რომ აბრალებდნენ და სასტიკად სძულდათ ისინი. კიდევ ვინ იცის, რამდენი სხვა ცნობილი სახელი შეიძლებოდა ჩამოგვეთვალა აქ.

აღარ გავაგრძელებთ, ძალიან შორს წაგვიყვანს ეს სია, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ აქვე ანტისემიტურად განწყობილი ცალკეული ადამიანების კი არა, ერების გრძელი სიაც კი შეგვიძლია წარმოვადგინოთ. მარტო რუსული ანტისემიტიზმი, ან გერმანული რად ღირს! და არა მარტო იმ წყობათა წიაღში, ჩაქუჩით და ნამგლით, ან კიდევ სვასტიკით რომ არის სიმბოლიზებული ნახატზე...

რაც შეეხება პარტიტურას, წინ რომ გადაუშლია „დირიჟორს“, - როგორ გჯერა, რომ აქ მისი რელიგიაა, თუმცა, განსხვავებით მოსეს ხუთწიგნეულისა, ისეთი არა, ამაღლებული ფასეულობები რომ დაამკვიდროს კაცი-ნიღაბის შემეცნებაში. მისი რელიგია ხომ კვლის რელიგიაა, რა თქმა უნდა, მან იგნორირება უნდა მოახდინოს იმისა, რაც მარადიულია, რაც წმიდათაწმიდა ცნებებს ამკვიდრებს, რითაც უმძიმეს საუკუნეთა ქარ-ცეცხლში გამოატარა ებრაელი ერი, შეუნარჩუნა სულიერი წონასწორობა, ფიზიკურად გადაარჩინა კატაკომბების ახრჩოლებულ ცეცხლის ალებს და მოიყვანა დღემდე, როგორც ღმერთთან წილნაყარი ერის უკვდავების საუკეთესო ნიმუში.

სურათი ორი ნაწილისაგან შედგება - სურათის ზედა პლანზე ჯალათს ვხედავთ თავის ინსტრუმენტებით, პოლიტიკური, თუ სხვა ნიშნებით, რათა საშინელმა ბოროტებამ სახე შეინიღბოს მაშინ, როცა ნახატის ქვედა პლანი მსხვერპლს გვიჩვენებს, რომლის ფიზიკურად დათრგუნული, ათასწლეულების განმავლობაში განცდილი უბედურებების სიმძიმისაგან მოხრილი და, ერთი შეხედვით, დასაღუპად განწირული სხეულები დეფორმირებული, ტკივილისაგან ფორმადაკარგული ტერფებით, დაძაგრული კოჭებით, თითქოს, ეს-ესაა, უნდა გამოეთხოვონ სიცოცხლეს, მაგრამ არა, არავითარ შემთხვევაში! მაშინ ეს ებრაელი ხალხი არ იქნება, ყოველგვარ „ცემა-ცემულობას“ რომ გაუძლო, გადარჩა, ოცი საუკუნის შემდეგ ფერფლისაგან აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და წარმოდგა „ერად სხვა ერთა შორის“. ამ სურათის ავტორმა, გულნარა წიკლაურმა, ძალიან კარგად იცის ეს, მან ისიც იცის, რა არის ებრაული სულის გაუტეხელობის თავიდათავი და ამიტომაც მოაქცია ისინი სიწმინდის სიმბოლოს - თეთრი სამოსელის ქვეშ ებრაელისათვის ისეთი აუცილებელი ატრიბუტებით, როგორიც თორა და ციციტია: თორა - სიბრძნე სამყაროს მარადიულობაზე, ებრაელის ცხოვრების ძირითადი კანონი, ანუ კონსტიტუციაა და ციციტი - ებრაელისათვის აუცილებლად შესასრულებელი ექვსასცამეტი მორალურ-ზნეობრივ მოვალეობათა სიმბოლური  ნუსხა, ანუ მათი ძალისა და მუდმივობის გარანტი.

გულნარა წიკლაურის მთელი შემოქმედება ცხოვრების მიერ დასმული ურთულესი კითხვებისათვის პასუხის გაცემის მცდელობაა. ფერით და ხაზით, განწყობილებით და, რაც მთავარია, გულწრფელობით, გულახდილად ესაუბრება ის თავის აუდიტორიას და თანაზიარს ხდის მის სულიერ სამყაროსთან. იგი, მაღალერუდირებული და ნიჭიერი მხატვარი, ბუნებით დინამიური, გულგრილად ვერ უყურებს უსამართლობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის ჩადენილი. „ანტისემიტიზმიც“ სწორედ ამის მაჩვენებელია, რაშიც მისი პასუხი ჩემს კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ამ თემას შეხებოდა, ადვილად გვარწმუნებს: ვის არ წაუკითხავს წიგნები, არ უნახავს ფილმები ებრაელთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შესახებ ისტორიის მანძილზე, მაგრამ, როცა ამასწინათ აჰმადი ნეჯადის გამოსვლა მოვისმინე, სადაც ენერგიულად ცდილობდა, დამსწრეთა, და რა თქმაუნდა, მსოფლიოს დარწმუნებას იმაში, რომ არავითარი ჰოლოკოსტი არ ყოფილა, რომ ეს ებრაელების მოგონილია და რომ ისრაელის სახელმწიფო უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა, - საშინელი პროტესტით აღვივსე და აი, ეს სურათი დავხატე.

 

მანანა ჯინჯიხაშვილი

ნიუ-იორკი, 2010

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია