დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აკეთებს თუ არა რაიმეს ადგილობრივი ხელისუფლება უსინათლო ადამიანებისათვის?
2011/03/14 13:02:23

,,განქარდეს ბნელი და იქმნეს ნათელი“, - თქვა უფალმა სამყაროს შექმნის დროს... მას შემდეგ გაჩნდა ბნელი და ნათელი...დღე და ღამე... მაგრამ ჩვენს სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომელთათვის მუდამ ღამეა... ადამიანები, რომელთაც საკუთარი ძალით გადაადგილება უჭირთ...  რომლებიც დაბადებიდან, ან უბედური შემთხვევების გამო, უსინათლოები არიან... ისინი არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან, მათაც ისეთივე სურვილები და ცხოვრებისეული მოთხოვნები აქვთ, როგორც რიგით  მოკვდავთ, მაგრამ სახელმწიფოსგან  ყურადღებას და თანადგომას ყველაზე მეტად საჭიროებენ.  

საინტერესოა, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება რას აკეთებს მათთვის? ეხმარება თუ არა უსინათლოებს ცხოვრების დასაუმჯობესებლად?

ამ საკითხის გასარკვევად მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის ხელმძღვანელს კახა ქორიძეს ვესტუმრეთ.

ქმედით ღონისძიებებსა და დახმარებაზე საუბარიც ზედმეტია, ამ სამსახურის ხელმძღვანელს ისიც კი არ სცოდნია, რომ ქუთაისში არსებობს „უსინათლოთა კავშირი“ (სადაც 190 მდე უსინათლო ირიცხება მარტო ჩვენი თანაქალაქელი, რაიონებიდან კი - 33 ადამიანი.). მის სამსახურში არ ჰყავთ დარეგისტრირებული არც ერთი უსინათლო და ბატონმა კახამ არც ის იცის, რომ ქალაქში არსებობს ბიბლიოთეკა, სადაც ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები ხელმისაწვდომია უსინათლოებისათვის... მოკლედ, ქალაქის ხელისუფლებამ, რომლის უშუალო წარმომადგენელიც ჯანმრთელობის დაცვის ხელმძღვანელია, უბრალოდ, უსინათლოების და მათი პრობლემების შესახებ არაფერი იცის...

„ნამდვილად ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, არ არიან რეგისტრირებული უსინათლოები. შეიძლება, ჩემი ბრალიც არის.  ჩვენთან მოქმედებს 14 პროგრამა, 13 პროგრამა ემსახურება ცოცხალ ადამიანებს, 15 პროგრამა არის მიცვალებულების. მკვეთრად გამოხატული შეიძლება არ იყოს უსინათლოებისთვის დახმარება, მაგრამ, თუ ვინმე მოვა უსინათლო, რომელსაც ექნება სოციალური შესაბამისი სტატუსი, ჩვენ, ბუნებრივია, ამ ადამიანებს დავეხმარებით. კონკრეტული არის ერთი შემთხვევა - მხედველობაშეზღუდულ ადამიანებს ვაძლევთ უფასო მგზავრობის მოწმობას. თუ არსებობს ქუთაისში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები, ან თუ შემოდის და რამდენად არის ხელმისაწვდომი, მე არაფერი ვიცი. ვერ გეტყვით. ზოგადად არის ჯანმრთელობის დაცვის სამსახური, უსინათლო ადამიანებთან დაკავშირებული პროგრამა ცალკე არ არსებობს. რამდენი უსინათლოა ქალაქში, არ ვიცით.“ - განაცხადა ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის ხელმძღვანელმა კახა ქორიძემ ჩვენთან საუბრისას.

ქუთაისის ორგანიზაცია „ უსინათლოთა კავშირშიც“ გვითხრეს, რომ  მათ ხელისუფლების მხრიდან არანაირი დახმარება არ აქვთ, გარდა უფასო მგზავრობის მოწმობისა... აქ გაწევრიანებული ადანიანების დახმარებას თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მათ საკუთრებაში არსებული ფართების გაქირავებით ცდილობს. თანხა, რომელიც უსინათლოებს ეძლევათ, მიზერულია: 10-20 ლარი... არის შემთხვევები, როდესაც კერძო ორგანიზაცია „საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობა“ მცირე თანხით ეხმარება ჩვენს თანაქალაქელ უსინათლოებს, რამდენჯერმე მათთვის კონცერტიც კი მოაწყვეს...  როგორც ამ კავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რამდენიმე წლის წინ  ხელმძღვანელს, ქალბატონ მანანა გოლეთიანს, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდს, მიუმართავს ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კომუნალური გადასახადების შემცირების, ან გაუქმების თხოვნით, მაგრამ მათგან უარყოფითი პასუხი მიუღია...

საბედნიეროდ, ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უკვე სამი წელია, აქვთ ბრაილის შრიფტით შექმნლი წიგნები, ასევე ელექტრონული რესურსების მართვის განყოფილებაში არსებობს ხმოვანი პროგრამები, სადაც ჩატვირთულია სხვა და სხვა ჟანრის ლიტერატურა, რომლითაც შეძლებისდაგვარად სარგებლობენ მხედველობაშეზღუდული ადამიანები..

გარდა ყოფითი პრობლემებისა და გაჭირვებისა, უსინათლო  ადამიანებისთვის მთავარი პრობლემა გადაადგილებაა. ქუთაისში არ არსებობს არც ერთი ხმოვანი შუქნიშანი, რომლის საშუალებით მათ გაუადვილდებათ მოძრაობა... მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრო მაღლაკელიძის პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით კი ორაზროვანია: „მართლა მინდა, ერთი-ორი რომ დავაყენო, ჯერ მაგაზე არ მიფიქრია, დაახლოებით მარტის ბოლოსკენ დავიწყებ ფიქრს. მაქსიმუმ ორი თუ გაკეთდება, მეტს ვერ მოვახერხებთ. სად შეიძლება დაიდგას ხმოვანი შუქნიშნები, ვერც ამას გეტყვით. ალბათ, ფალიაშვილზე. ჭავჭავაძეზე ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. შეიძლება „მაკდონალდსის“ წინ? თუმცა მანდ ჯანმრთელი ადამიანებიც ვერ გადავდივართ კარგად...“

სანამ ქუთაისის მთავრობა ფიქრობს, ან მოიფიქრებს, უსინათლო ადამიანები დაუცველები და გაჭირვებულები, „მეექვსე“ გრძნობის იმედად უნდა გადაადგილდნენ ქალაქში... და მხოლოდ 10 ლარის იმედად იცხოვრონ წყვდიადში.   

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია