დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ ცრუობს – მურღულია თუ თევდორაძე?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/11 13:14:38

არახალია, რომ ქუთაისის 24-საათიანი წყალმომრაგების სისტემა ყველა მთავრობის აქილევსის ქუსლია. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ქალაქის დიდი ნაწილი  ჯერ კიდევ გრაფიკით იღებს წყალს, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ყველა პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.


„ქართული ოცნებიდან“  ქუთაისის მერობის კანდიდატის შოთა მურღულიას განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის წყალმომარაგების 24-საათიანი პროექტი მის მიერ დაიწყო და თავადვე დაასრულებს, მერობის „ნაციონალი“ კანდიდატის და ქალაქის ყოფილი მერის, გია თევდორაძის უკმაყოფილება გამოიწვია. თევდორაძე მურღულიას პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებას ურჩევს.


მურღულიამ კი აღნიშნა, რომ ის მასშტაბურ პროექტს გულისხმობდა და არა 10 ლარიან სამუშაოებს, როგორც ეს თევდორაძის მერობის დროს ხდებოდა.


„მე, შოთა მურღულია, როცა ვიყავი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, სწორედ ამ დროს ქუთაისის 24-საათიანი წყლის სისტემის პროექტთან დაკავშირებით აზიის განვითარების ბანკის წესების დაცვით გამოცხადდა 26 მილიონიანი ტენდერი. გამოვლინდა გამარჯვებული, დაიდო კონტრაქტი და დაიწყო სამუშაოები. აქვე შევახსენებ თევდორაძეს, რომ მე მინისტრის მოადგილე 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან ვიყავი და ამ დროს თევდორძე არ იყო მერი. როდესაც სამუშაოებს ვახსენებ, მასშტაბურ სამუშაოებს ვგულისხმობ და არა მილის გამოცვლას და გამსკდარი მილის ხის საცობით გამაგრებას. როგორც ეს თევდორაძის მერობის დროს ხდებოდა. 10-ლარიანი სამუშაოები ყოველთვის კეთდებოდა, მაგრამ 26 მილიონიან პროექტზე საუბარი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები ახლა მიმდინარეობს, პირადად ჩემს მიერ იქნა წარმოებული. ამაზე ვესაუბრე მათ, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსმენა არ უნდათ. ჩვენ „ნაციონალებივით“ მხოლოდ ერთ უბანს არ ვუგვარებთ წყლის პრობლემას, არამედ მთელ ქალაქს. პროექტის დასასრულს ქუთაისში 24-საათიანი წყალი იქნება,“ – განაცხადა შოთა მურღულიამ.


მურღულიას განცხადებას წინასაარჩევნო კარგ პოლიტიკურ გათვლად მიიჩნევს თევდორაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ მერობის „ოცნების“ კანდიდატი ცრუობს, როდესაც წყალმომარაგების სისტების 26 მილიონიან პროექტს საკუთარ გამარჯვებად აცხადებს, ამავდროულად, „ოცნების“ კანდიდატს იაფფასიანი პოლიტიკური რიტორიკისგან თავის შეკავებას ურჩევს.


„თქვენი სააგენტოს მეშვეობით მინდა ვუთხრა მურღულიას, იაფფასიან პოლიტიკურ რიტორიკას თავი დაანებოს. შოთა მურღულიას პატივს ვცემ,  რადგან ახალგაზრდა ქუთაისელი კაცია და წიგნიერებიდანაც არ უნდა იყოს შორს. მაგრამ ეტყობა, პოლიტიკური სპეკულაციის მაცდურმა სურვილმა სძლია. ამიტომ აკეთებს მსგავს განცხადებას. წყალმომარაგების რეაბილიტაცია 2009 წელს დაიწყო. 2012 წლის არჩევნების შემდეგ 25 მილიონიანი პროექტის ფარგლებში, რომელიც დაპროექტებული დავტოვეთ, ერთი მონაკვეთიც არ გაკეთებულა. თუკი ქუთაისელებს მოკლე მეხსიერება აქვთ, მაშინ მურღულიას პოლიტიკურ სპეკულაციას გამართლება აქვს, სხვა შემთხვევაში, თვითონ აყენებს შეურაცხყოფას საკუთარ თავს და ქალაქს. ჩვენი მმართველობის პერიოდში ქალაქის 20% 24-საათიან წყალმომარაგების სისტემაზე გადავიდა, დანარჩენი 80% კი ყოველდღიურ გრაფიკზე. ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში კი ამ რიცხვს ერთი პროცენტიც არ დამატებია,“ – განაცხადა გია თევდორაძემ.

 

რეალურად, როდის დაიწყო ქუთაისში აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი, რა ბრალდებები ჰქონდათ „ნაციონალებს“ „ოცნების“ მისამართით და რა ეტაპზეა ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, იხილეთ გაზეთ „p.s.“-ის მომდევნო ორშაბათის ნომერში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია