დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფინჯანი ყავა ქალბატონი იზოსათვის
2009/11/16 14:24:27

ჩვეულებრივი ემიგრანტული ისტორიაა, თვითონაც ამბობს, რომ არაფრით გამორჩეული. თუმცა, რატომაც არა, 13 წლის წინ ხომ სულ, სულ თავიდან  დაიწყო ყველაფერი და გამოუვიდა კიდეც...

იზო დაშნიანი რკინიგზის საავადმყოფოში 17  წელი მუშაობდა მედდად.

„ძალიან მიყვარდა ჩემი საავადმყოფო, იმდენად, რომ ფიზიკურადაც ვმუშაობდი, შეთეთრება იყო თუ კაფელის დაგება - ყველაფერს თავს ვევლებოდი, მაგრამ ყველაფერი დავთმე...“

წავიდა კანონის სრული დაცვით, ვიზით, მეუღლესთან ერთად. ექვსი წელი ოჯახში მუშაობდა, მხოლოდ რამდენიმე თვეს იყო უსაბუთოდ. მერე კანონი გამოვიდა...

„კანონი გამოვიდა და ადვოკატის დაქირავება იყო საჭირო. მე საშუალება არ მქონდა და ვიფიქრე, თუ კანონი გამოვიდა, მეც შევძლებ საკუთარი თავის დაცვას-მეთქი. თან ადვოკატი ხანდახან სწორ გზას უხვევს, შეიძლება ყალბი ჯანმრთელობის ცნობა გაგიკეთოს, მე კი არ მინდოდა, ის ხალხი მომეტყუებინა, ვინც მიმიღო, ვინც სახლის კარი გამიღო. ენა კარგად არ ვიცოდი.   მე   თვითონ   დავიწყე  საბუთის  გასაკეთებლად  სიარული, მივიდოდი, ამიხსნიდნენ, ვერ გავიგებდი, ვიტირებდი და ისევ დავბრუნდებოდი, ისევ ამიხსნიდნენ...

ექვსი წელი ოჯახში მუშაობდა, თავისთვის, ხალხთან ურთიერთობას ერიდებოდა. აქედან რომ წავიდა, სათვალეს არ ატარებდა.

„სათვალე ჩემი იქ ყოფნის დაღია. მთელ ღამეებს ტირილში ვატარებდი. ერთხელ ჩემმა ბერძენმა ბებიამ მითხრა, შენს თვალებს, მგონი, რაღაც სჭირსო. ფული მომცა და ექიმთან გამიშვა. ტირილიდან სისხლძარღვები მქონდა შევიწროვებული, სათვალე დამინიშნეს, მას შემდეგ ვატარებ.“

ასე ძალზე ჩვეულებრივად მიდიოდა მისი ცხოვრება, სანამ ერთმა ბერძენმა გოგონამ არ უთხრა, მშვენიერი პროფესია გაქვს და შენი პროფესიით რატომ არ იმუშავებო. გზაც აჩვენა. მოხუცებულთა თავშესაფარში დაიწყო მუშაობა, თან პარალელურად ცდილობდა, საქართველოში აღებული მედდის დიპლომი ბერძნებსაც ეღიარებინათ, მედად მუშაობის ოფიციალური უფლება მიეღო.

„სანიტრად ვმუშაობდი, მაგრამ ავადმყოფისთვის მხოლოდ ჟანგბადის მიწოდება და ტკივილგამაყუჩებელი ტაბლეტის მიწოდება შემეძლო. სხვა რამის უფლება არ მქონდა, ამ უუფლებობის გამო ერთხელ მოხუცებული დაგვეღუპა. სასწრაფომ მისი საავადმყოფომდე მიყვანა ვერ მოასწრო.“

ამ ფაქტის შემდეგ სანატორიუმის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ნაშუადღევსაც აეყვანათ მედდა. სწორედ ამ პერიოდში მიიღო იზომ სამინისტროდან მედდად მუშაობის უფლება. ექთნობის გარდა, სხვა ბევრი რამეც აიღო საკუთარ თავზე: მოხუცებისთვის საკვების მიწოდება, ყვავილების მოვლა, ტექნიკურ საკითხთა მოწესრიგება.

„მინდოდა, დაენახათ, როგორები ვართ ქართველები. მინდოდა, მხოლოდ კარგი ეფიქრათ ჩვენზე.“

კარგი საქმისთვის, როგორც თავად ამბობს, საბერძნეთშიც მიიღო „ჯილდოები.“

პირველი „ჯილდო“ იმ ოჯახიდან უსახსოვრეს, სადაც წლები მუშაობდა. წამოსვლისას ბერძენმა მოხუცმა უთხრა, შენ გონით არასდროს იყავი ჩვენთანო. ისიც დაეთანხმა, სიმართლეს ამბობდნენ, რადგან გონით ყოველთვის აქ იყო, საქართველოში, შვილთან. მერე ბაბუამ მხარზე ხელი დაადო და უთხრა, აქამდე საქართველოს არ ვიცნობდი, დღეს უკვე შენით და კახი კალაძით ვიცნობო.

მეორე „ჯილდო“ პანსიონში მიიღო - დასვენების დღის მეორე დღეს მოხუცებულებმა უთხრეს, გუშინ შუქი არ გვქონდა, იმიტომ, რომ შენ არ იყავი ჩვენთანო.

ყველაზე დიდი ჯილდო კი მისთვის პანსიონის დირექტორთან - ქალბატონ ირინი თეოფილატუსთან მეგობრობაა.

„არასდროს დამავიწყდება ჩემი იუბილე, რომელიც ქალბატონი ირინის ინიციატივით მოეწყო. წინა დღეს დამიბარა და მითხრა, ხვალ დაბადების დღე გაქვს, უბრალოდ მოდი და ტორტი გავჭრათო. მეც მივედი. ისეთი ლამაზი დღე მომიწყო, რომ არასდროს დამავიწყდება. დაპირებული ტორტის გაჭრა კი, საბოლოოდ, ქართულ დღესასწაულად გადაიქცა, ლამაზი ცეკვებითა და სიმღერებით.

ქალბატონმა ირინიმ მაშინ ძველებური ალბომი უსახსოვრა - ორი თეთრი თათმანით, ნიშნად უწყვეტი მეგობრობისა.

„ეს საჩუქარი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ქალბატონ ირინის უყვარს ასეთი სიძველეები, და ძალიან მიხარია, რომ მეც ღირსი გამხადა, მისი სულის თანაზიარი გავმხდარიყავი. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ მისი, რომ მიმიღო და ჩემი პიროვნება დაინახა.“

ქალბატონი იზო იქ პანსიონის გაზეთთან „თბილი ხელი“ თანამშრომლობდა. პირველი წერილი რომ დაწერა - „სამშობლოში უსამშობლოდ“, - ბევრი გამოეხმაურა, როგორ გყვარებია შენი ქვეყანაო.

„მე ვთვლი, რომ საბერძნეთი მეორე სამშობლოსავითაა, მართალია, საქართველოს დონეზე არასდროს დავაყენებ, მაგრამ სადაც 13 წელი ვიცხოვრე, სადაც კარი გამიღეს და მიმიღეს, სადაც მენდვნენ, რა თქმა უნდა, მიყვარს ეს ქვეყანა.“

ამ გაზეთთან თანამშრომლობისას გაიცნო პროფესორი ტასო გაილა, რომელიც შვიდ ენას ფლობს და მერვე ენად ქართული აირჩია. მას პედაგოგობას ქალბატონი იზო უწევდა. პროფესორ გაილას საყვარელი ქართული სიტყვა „ხოხობია“, იქ ქალბატონმა იზომ საუკეთესო მეგობარიც შიძინა - ეროვნებით ალბანელი ქალბატონი.

საბერძნეთში ქართული გაზეთიცა აქვს ქართულ სათვისტომოს. მისი რედაქტორი ანა ყურშავიშვილია, რომელიც თურმე ოჯახში მუშაობის შემდეგ მუხლებზე წერს გაზეთში დასაბეჭდ სტატიებს. - იქაც თანამშრომლობდა. რადგან საქართველო და ყველაფერი ქართული ძალიან ენატრებოდა.

ორი თვის წინ იზო დაშნიანმა პანსიონში განცხადება დაწერა და წამოვიდა. მიზეზი საქართველოს უსაზღვრო მონატრება იყო.

„სანამდე უნდა ვყოფილიყავი სხვაგან, ოჯახი ისეთი რამ არის, შეიძლება, ვერასდროს გასწვდე. არ ვიცი, რა იქნება ხვალ. ემიგრანტობა იმდენად მძიმეა, რომ ჩემი შვილის საზღვარგარეთ წასვლას ვერასდროს ავიტან. ისევ ჯობია, ჩემს გაკვალულ ბილიკზე მე წავიდე.“

იქ ელოდებიან. წამოსვლისას ქალბატონმა ირინიმ ბარათი გამოუგზავნა, სადაც ეწერა:

„მეგობრობის გრძნობა არ ნელდება, არც დროთა სვლაში, არც სიშორით. არ იკარგება არც ომში და არც დიდი ტკივლის დროს. არც დიდი ხნის უნახაობით, ყოველივე ამის შემდეგ უფრო ღრმად იბეჭდება გულში ხარობს და ყვავის.

იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ათობით კილომეტრი გვაშორებს ერთმანეთს, ჩვენი პანსიონატის ბინადართათვის გამართულ საღამოებზე ყოველთვის იდგმება მაგიდაზე „ერთი ფინჯანი ყავა“ - თქვენი მომლოდინე...“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია