დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით გამყრელიძე: „ჩვენი კონკურენტი ქრისტიან-დემოკრატებია“
2012/07/16 13:16:25

„ბიძინა ივანიშვილი ემზადება რევოლუციისთვის და ნებისმიერი მეთოდით შეეცდება ძალაუფლების ხელში აღებას“

პოლიტიკურ ასპარეზზე „ახალი მემარჯვენეები“ წლებია, აქტიურად სჩანან და ხშირად გადამწყვეტ პოლიტიკურ ამინდსაც ქმნიდნენ, თუმცა ბოლო დროს, რაც ჰორიზონტზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და „მემარჯვენეები“ მკვეთრად გამიჯნა, მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, როგორც კვლევები ადასტურებს, „ახლების“  რეიტინგი მკვეთრად დაეცა. გაზეთმა „P.S.“-მა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდეთან დავით გამყელიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 

- ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას და თქვენს ურთიერთობას კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“?

- ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები ცდილობენ, რომ რეალობა წარმოადგინონ შემდეგნაირად: თითქოს დღეს პოლიტიკას ქმნის ხელისუფლება და ბიძინას კოალიცია. თუმცა ყველა კვლევა მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა მხოლოდ რადიკალური ელექტორატის მობილიზება თავის სასარგებლოდ, რომელიც ყოველთვის იყო ახალი ლიდერის მოლოდინში და მას, დაახლოებით, ერთი მესამედი უჭერს მხარს, ანუ ის ამომრჩეველი, რომელიც მკვეთრად ანტისახელისუფლებოა. ამ მობილიზებით, მან ელექტორატი წაართვა „ლეიბორისტებს“, ნინო ბურჯანაძეს, „ეროვნულ ფორუმს“ და ასეთ პარტიებს. ასევე ერთი მესამედი არის პროსახელისუფლებო და ამდენივე ნაწილი კვლავ რჩება, რომელიც არის ნეიტრალური და კიდევ ცვლილებების მოლოდინშია. თუმცა არც ისაა დასამალი, რომ ეს ნაწილი ცოტა პასიურია. სწორედ ამ ნაწილის ნიშას ვიკავებთ ჩვენ, „მემარჯვენეები“. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია რადიკალურ ამომრჩეველზე, რომელიც ხშირად მზად არის, ისევ რევოლუციით შეცვალოს და დაამხოს ხელისუფლება.

- როცა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, მან თავიდანვე ჩამოთვალა ის პოლიტიკური პარტიები, რომლებთანაც კატეგორიულად გამორიცხავდა თანამშრომლობას. მათ შორის აღმოჩნდა „ახალი მემარჯვენეები“. როგორ ფიქრობთ, რა იყო მიზეზი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვენი პარტია თავიდანვე გამიჯნა?

- მე მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი სურვილები ბიძინა ივანიშვილთან ართანამშრომლობის შესახებ, სრულიად დაემთხვა ერთამანეთს. არც ივანიშვილთან და არც სხვა პოლიტიკურ ძალებთან ჩვენ არ ვაპირებთ ბლოკის ჩამოყალიბებას და მჭიდროდ თანამშრომლობას. ეს ყოველივე ჩვენ ბევრად ადრე განვაცხადეთ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა. წარსულის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, „ახალი მემარჯვენეები“ აღარ აპირებს, ვინმესთან ბლოკში შესვლას, რადგან ყველა ეს ერთობა დასრულდა დაშლით, ამომრჩევლის იმედგაცრუებით და სტრუქტურების ნგრევით. სამწუხაროდ, ივანიშვილის მხრიდან ამას დაემატა მოწინააღმდეგე მხარისადმი ცილისწამება და ბინძური მეთოდი, როგორსაც ის იყენებდა ბიზნესში ყოფნის დროს, როცა რუსეთში იმყოფებოდა. რუსეთის ბოლო 20 წლის ბიზნესს კი ახასიათებდა ერთი რამ: იმისათვის, რომ კონკურენცია მოსპო, აუცილებელია კონკურენტი შეისყიდო, ან არადა, მას დისკრედიტაცია გაუკეთო. რადგან ჩვენ არ ვიყიდებით, გადაწყვიტა აქტიური დისკრედიტაციის დანერგვა.

- ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა იმასაც, რომ თითქოს „ახალი მემარჯვენეები“ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიაა.

- სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას თანმდევი სტერეოტიპი აქვს: ვინც არაა რადიკალი, ყველა მიჩნეულია მოღალატედ, კრემლის აგენტად და ა.შ. რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილი კვლავ აკეთებს. რამდენიმე დღის წინ ვხვდებოდი ევროკავშირის კომისარს, რომელმაც ქართული პოლიტიკოსების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი რამ განაცხადა: „ისწავლეთ კომპრომისები, დემოკრატია კომპრომისების გარეშე არ არსებობს.“ „ან ყველაფერი, ან არაფერი“ ყოველთვის დამღუპველია. ჩვენ, „მემარჯვენეებმა“, მრავალწლიანი გამოცდილებით ვისწავლეთ ის, რომ სწორედ კომპრომისები არის საშუალება იმისა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო, პოლიტიკური სპექტრი და ა.შ.

- თქვენ ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნეთ, რომ ივანიშვილი გეგმავს რევოლუციას. რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?

- გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილი მკაფიოდ აცხადებს, რომ მისთვის ერთადერთი მისაღები შედეგი იქნება კონსტიტუციური უმრავლესობა, მე შემიძლია განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით: კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციით, რადგან შეუძლებელია ერთმა ძალამ მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა. ერთადერთი გზა, რაც მას რჩება არის ის, რომ მივიდეს არჩევნებამდე, მოამზადოს ფონი იმისათვის, რომ არჩევნები ყალბდება. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ემზადება რევოლუციისთვის და ნებისმიერი მეთოდით შეეცდება ძალაუფლების ხელში აღებას. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ის რეგიონის შეკრებები, რაც რამდენიმე ქალაქში ჩატარდა, არის გარკვეული რეპეტიცია, რა უნდა მოხდეს არჩევნების მეორე და მესამე დღეს.

- ერთ-ერთ თქვენს ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ განწირულია დაშლისკენ და ერთადერთი, რაც აღნიშნული კოალიციის ვითომ ერთსულოვნების ბერკეტია, ეს არის თანხა. რატომ ფიქრობთ ასე?

- დავაზუსტებ, რომ განწირულია დაშლისკენ. ეს მოხდება არჩევნების შემდეგ. არჩევნებამდე, არა მგონია, ვინმე იყოს ისეთი სულელი, კოალიციიდან გავიდეს. რადგან იქ მყოფი პარტიების ჩამონათვალს არავის აქვს შანსი პარლამენტში მოხვედრისა. მაგრამ ფაქტია, რომ თუ ივანიშვილმა მოახერხა რევოლუციის მოხდენა და სრული ძალაუფლების ხელში აღება, ის არავის გაუნაწილებს ამ ძალაუფლებას. როგორც სააკაშვილმა არ გაუნაწილა ბევრად უფრო გავლენიან და ძლიერ ფიგურებს - ჟვანიასა და ბურჯანაძეს. ივანიშვილი ბევრად უფრო მაღლა დგას თავისი გავლენით, თავისი რეიტინგით და ფინანსებით ყველა დანარჩენზე. შესაბამისად, იმ კოალიციისგან არაფერი დარჩება, ან იქნება ერთპიროვნული მმართველობა და ყველა მოემსახურება ივანიშვილს.

- ამ საუბრიდან გამომდინარე, მაინტერესებს, თქვენი რეალური კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობაა“ თუ კოალიცია „ქართული ოცნება“?

- მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ყველაზე რეალური კონკურენტი ახლა არის „ქრისტიან-დემოკრატები“, რომლებიც ცდილობენ, ზომიერ ნიშაზე გააკეთონ აქცენტი და რომლებიც, არ არის დასამალი, ყველაზე მეტად გვაძლევს ამ ზომიერი ელექტორატის ხმებს. ასე რომ, კონკურენტები არის ყველა, მათ შორის - „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც, წლებია, ჩვენი კრიტიკის ობიექტია, მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერიდან დაწყებული, უბრალო წევრებით დამთავრებული, ყველა მიშას გვერდით იდგა, ამხნევებდა და აფინანსებდა.

- და ბოლოს, ბატონო დავით, უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით, რა გათვლა გაქვთ, რამდენ პროცენტს აიღებს პარტია „ახალი მემარჯვენეები“?

- წინასწარმეტყველება პოლიტიკაში დამღუპველია. ჩვენ, რა თქმა უნდა, პრეტენზია გვაქვს მაღალ ნიშნულზე, ხოლი პროგრამა მინიმუმი - ეს არის პარლამენტში შესვლა. თუ პარტია პარლამენტში არ შევა, მე აღარ ვიქნები პარტიის თავმჯდომარე და აღარ მექნება მორალური უფლება, ვიყო პარტიის ხელმძღვანელი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია