დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნუგზარ კვაშალი: „ორი ჯუჯა“ საქართველოს შემოვლას აპირებს
2011/06/13 13:11:51

მიყვარს ბავშვები, ბავშვებთან ურთიერთობა, ჩემი სიმღერით თაობები გაიზარდა. სიმღერა „ორად-ორი მეგობარი“ დღესაც ახსოვთ და მე, ეს ძალიან მახარებს“, - იხსენებს ჩვენთან საუბარში ანსამბლ „ივერიის“ წევრი ნუგზარ კვაშალი.

 

მოგონებები წარსულიდან

როდესაც მეუბნებიან, რას იტყვით თქვენი წარსულის შესახებო, მახსენდება ბავშვობა, როცა ხელში ავიღე გიტარა. მაშინ მე-8 კლასის მოსწავლე ვიყავი. თითქოს, რაღაცნაირად განსხვავებული ანსამბლი გვქონდა. დასაკრავ ინსტრუმენტზე ჩვენთან ერთად ზურაბ ყიფშიძე უკრავდა და კიდევ ბევრი ცნობილი სახე. მას შემდეგ ფილარმონიისაკენ გავუყევით გზას. რომელიც ჩემი სკოლის პირდაპირ იყო. 51-ე სკოლაში ვსწავლობდი. ძალიან ბევრს ვშრომობდი. მოგეხსენებათ, თავის დამკვიდრება ძალიან რთულია.

 

გზა ანსამბლ „ივერიამდე“

ფილარმონიაში სწავლისას იყო ანსამბლი „ციცინათელა“. რომელმაც, ასე ვთქვათ, მიგვიყვანა „ივერიამდე“, აბა, სხვანაირად როგორ უნდა მივსულიყავით (იღიმის). 38 წელია, რაც ანსამბლ „ივერიაში“ ვარ. ხშირად გვეკითხებიან, კიდევ არის თუ არა „ივერია“. რა თქმა უნდა, როცა ერთმანეთს ვჭირდებით, ვიკრიბებით და კონცერტს ვმართავთ. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ალექსანდრე ბასილაიას შემდეგ გვიჭირს ერთად დგომა და სიმღერა. მაგრამ, უფლის წყალობით, ვახერხებთ.

 

ბავშვები და ქველმოქმედება

ახლა ყველაფერს ბავშვებისთვის ვაკეთებ. მათთან ძალიან ხშირად მიწევს მუშაობა. ეს კი მაახალგაზრდავებს და შემოქმედებითად კიდევ ვიზრდები. კეთილშობილები, სუფთები და მიამიტები არიან. მაგათთან ერთად, მეც ვბრუნდები ბავშვობაში. უფროსებთან ძალიან რთულია ურთიერთობა, ბავშვებთან კი ინტრიგა არ არის. ხანდახან ისეთ შეკითხვას მისვამენ, რომ, შეიძლება, სამი დღე ვიფიქრო და პასუხი მაინც ვერ ვიპოვო (იცინის).

საქველმოქმედო საღამოებში ყოველთვის ვმონაწილეობ. დავდივარ ბავშვთა სახლებში. ვისაც დახმარება სჭირდება, ვეხმარები უანგაროდ, ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

 

პაპა, ნუგზარ კვაშალი

შვილიშვილმა ცხოვრების ხამი გამხადა, უფალს ვეხვეწები, ბავშვი ჯერ ბაღში, შემდეგ კი სკოლაში შემაყვანინოს.გარკვეული ხნის შემდეგ, ჭიქა ღვინოს თუ დამალევინებს, გადასარევი იქნება. ღმერთი მაშინ, ალბათ, მეტყვის, უკვე საკმარისიაო...

 

„ორად-ორი მეგობარი“...

მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. მის გარეშე ჩემი ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია. დედამიწაზე მთავარი ხომ სიკეთე, სიყვარული და სილამაზეა. ჩვენი სიმღერაც სწორედ ამას ეხება. ყველას მოვუწოდებ, გვიყვარდეს და მოვეფეროთ ერთმანეთს. ვინც ეს სიმღერა შეიყვარა, რაღაცნაირად, თითქოს სხვანაირი გახდა. მაშინ უბრალოდ საახალწლო კონცერტი იყო, ეს სიმღერაც მაგისთვის დაიწერა. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ გაჰიტდებოდა და ამდენ ხანს გაგრძელდებოდა ამ სიმღერის პოპულარობა. წელს, მე და ჩემი მეორე „ჯუჯა“ იუბილეს ვიხდით. ის 70-ის ხდება, მე 60-ის. „ორად ორი იუბილარი“, ასეთი სათაური გვექნება და მთელ საქართველოს მოვივლით. მათ შორის, ქუთაისშიც ჩამოვალთ. გვინდა ქართველ მაყურებელს უფრო მეტი სითბო ვაჩუქოთ, განსაკუთრებით კი ბავშვებს.

 

ქუთაისელი მსმენელი

ქუთაისელი მაყურებელი ყოველთვის მომთხოვნია. შენზე უკვე იცის, რა უნდა გააკეთო და მოლოდინიც აქვთ. ყოველთვის მიხარია ქუთაისში ჩამოსვლა, იმიტომ, რომ აფასებენ და ხედავენ რეალურ შრომას, რომელსაც მაყურებლის მიმართ ვიჩენთ. წარმოიდგინეთ, ისიც კი იციან, ცოცხალი და ხელოვნური მომენტები როდის იქმნება სცენაზე, მართლაც გასაოცარი მაყურებელია აქ.

 

ოთხი „ივერიელი“

ჩვენ სცენაზე და სცენის მიღმა ყოველთვის მეგობრები ვიყავით. დღემდე ასე გრძელდება. მე და ვახო ტატიშვილი უერთმანეთოდ უმაღლესშიც კი არ დავდიოდით. ვჩხუბობდით კიდეც, თუმცა მეგობრულად. მრავალი წელია, ეს ურთიერთობა გრძელდება და ვამაყობ იმით, რომ ასეთი მისაბაძი ურთიერთობა გვაქვს. ივერიიდან ოთხნი დავრჩით; მე, ვახო ტატიშვილი, თემურ წიკლაური და მანანა თოდაძე, რომელიც მოსკოვიდან შემოგვიერთდება. მალე ტურნეს დავიწყებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 15 კონცერტი გვექნება.

 

სიყვარული და მეგობრობა

გასახსენებელი მთელი ამ დროის მანძილზე მართლაც ბევრია. იყო შემთხვევები, როცა კონცერტზე იგვიანებდნენ და მათ მაგივრად მე გამოვდიოდი, ანუ ვინც ვიყავით პასუხისმგებლები, ჩვენ ვცვლიდით ნომრებს. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი იყო. ჩვენთან არ იყო შური და ბოროტება. რასაც ბუნებრივია, მაყურებელიც ხედავდა. მათი მხრიდან დღემდე დიდ სითბოს ვგრძნობ. საერთოდაც, ძალიან მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა.

 

ნანა კუკულავა, ნოდარ ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2228
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია