დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიმი ჯავახიშვილი: ოჯახური კონცერტებიდან დიდ სცენამდე
2012/11/28 13:03:59

26 წლის ქუთაისელმა მომღერალმა მიმი ჯავახიშვილმა სიმღერა შვიდი წლის ასაკში დაიწყო. მიმი პროექტ „ნუცას სკოლის“ მეორე გამოშვების ერთ-ერთი წარმატებული კონკურსანტია, ქართველმა მსმენელმა აქედან გაიცნო და შეიყვარა. დღეს იგი ტელეწამყვანის ამპლუაში გვხვდება.

 

- მიმი, მოგვიყევი, როდის და როგორ დაიწყე სიმღერა. 

- ბავშვობიდან ვმღერი, შვიდი წლის ასაკში დედამ მიმიყვანა ანსამბლში, რომელსაც კახა გრძელიშვილი ხელმძღვანელობდა, მაგრამ იმ დროს არ მიმიღო. მერე, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მაინც მასთან აღმოვჩნდი და დღეს კახა ჩემი ნათლიაა. კახას ჰქონდა მესხიშვილის თეატრში თავისი ანსამბლის სოლო კონცერტი, სადაც შევასრულე დუეტი. თავიდან ანსამბლში ვიყავი ვოკალისტი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, იყო კონკურსები, კონცერტები...

- ვისი ნიჭი გამოგყვა?

- რაც შეეხება ჩემს ნიჭს, შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავარქმევ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ოჯახში ყველა მღერის, ცეკვავს, უკრავს. მამა მხატვარია, მამაჩემის ბებო მელიტონ ბალანჩივაძის მოსწავლე იყო. მოკლედ, რაც მახსოვს, როცა გაჭირვების პერიოდი იყო, შუქი არ გვქონდა და ასე შემდეგ, ჩვენ მაინც ფორტეპიანოსთან ვისხედით და თითქმის ყოველდღე ვმართავდით ოჯახურ კონცერტებს სახლში. მახსოვს, რომ ასე გავატარეთ მთელი ოთხმოცდაათიანი წლები.

- პირველი სერიოზული ნაბიჯი კარიერაში...

- სატელევიზიო სივრცე მაინც ბევრს ნიშნავს, ცნობადი ხდები, - პოპულარულს ამას ვერ დავარქმევ. „ნუცას სკოლის“ მეორე გამოშვება სატელევიზიო სივრცეში ახალი იყო მაინც და, პირველი როცა დამთავრდა და გაიგო ხალხმა, თუ რა და როგორი პროექტი კეთდებოდა, მერე უკვე ყველა იღვიძებდა დილით, რომ ეყურებინათ ჩვენთვის. დღეს ხომ ძალიან ბევრი სატელევიზიო პროექტია, მაშინ არ იყო ასე.

- „ნუცას სკოლის“ შემდეგ პერიოდზე რას გვეტყვი?

- „ნუცას სკოლის“ დამთავრების შემდეგ ჩემს ტელეფონზე განხორციელდა ზარი. ჯემალ სეფიაშვილის სურვილით ჩავედი თბილისში, ის ეხმიანებოდა „ნუცას სკოლელებს“ და „ჯეოსტარელებს“, რადგან სურვილი ჰქონდა, შეეკრიბა ადამიანები, რომლებიც, როგორც თვითონ ამბობდა, ახალი სისხლი, ახალი ტალღა, ახალი თაობა იქნებოდა. მას სურდა მიუზიკლის გაკეთება. გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა.

შემდეგ, ბატონი ჯემალის შუამდგომლობით, ბარსელონაში, ერთ-ერთ კონკურსზე გავედი, სადაც ჩემს ასაკობრივ ჯგუფში მეორე ადგილი ავიღე, ერთი ქულა იყო ჩემსა და პირველ ადგილს შორის სხვაობა. ესპანეთიდან რომ ჩამოვედი, 2006 წელში ტარდებოდა ახალი პროექტი „იმედის ტალღა“, ბოლომდე ვიბრძოდი, თუმცა, რატომღაც, ფინალში ვეღარ გადავედი. ჯემალ სეფიაშვილის სოლო კონცერტზე გამოვედი შემდეგ, საახალწლო კონცერტებიც იყო, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან - თითქმის ყველასთან მიწევდა მაშინ ურთიერთობა.

- მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რატომ არ სცადე სხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღება?

- 2008 წელს გავდიოდი „ჯეოსტარის“ შესარჩევ ტურზე, გადავედი მეორე ტურში და შემდეგ დაიწყო ომი, მერე რაღაც შეფერხებები მოხდა და ამ დროს მეც გავთხოვდი. იქ დაისვა წერტილი.

- დაოჯახებამ კარიერაში ხელი შეგიშალა?

- წერტილი დავსვი არა იმიტომ, რომ მე ვინმე რამეს მიშლიდა, უბრალოდ, ოჯახი მოითხოვდა: ერთი ბავშვი, მერე - მეორე და დროის ფაქტორი იყო, მე ვერ წავიდოდი თბილისში. თუმცა სხვადასხვა კონცერტში შემდეგაც ვმონაწილეობდი.

- შენი ახალი სიმღერა „დედა“ ინტერნეტსივრცეში მალევე გახდა პოპულარული. გვიამბე ამ სიმღერაზე, როგორ დაიწერა...

- ახალი სიმღერა „დედა“, რომელიც ჩავწერე, წლების წინ დედაჩემის მიერაა დაწერილი. არა აქვს მას ამბიცია, იყოს კომპოზიტორი.

დედაჩემის დაწერილი, თან სიმღერის სახელწოდებაც „დედა“, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მივიღე და სხვა გრძნობით ვიმღერე, მითუმეტეს - მას შემდეგ, რაც თავად გავხდი დედა. თუმცა ლირიულ სიმღერებს ნაკლებად ვმღერი, მიყვარს, როცა სიმღერაში განვითარება იგრძნობა, ახლა აღმოვაჩინე, რომ როკი ჩემშია.

- რატომ გადაწყვიტა მომღერალმა ტელეწამყვანობა?

- არ შემეძლო შინ ჯდომა და მომივიდა იდეა. ეს იდეა პროექტად აქცია ირინა ჭეიშვილმა, რომელიც დღეს იმ გადაცემის პროდიუსერია, სადაც მე და ანტონს, კვირაში სამი დღით, გვყავს სტუმრები და ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ. ეს ჩემი სფერო არ არის, თუმცა მე ამ გადაცემაში თავისუფლად ვგრძნობ თავს, რადგან არ არის ჩარჩოებში მოქცეული.

ტელევიზიის დირექტორმა ინტერესით მიიღო ეს იდეა და დღეს ფაქტი სახეზეა - ვმუშაობ ტელეკომპანია „რიონში“.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2393
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია