დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთათური ქალბატონები - მუზის სამსახურში
2011/11/14 14:32:53

8 ნოემბერს დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, ასოციაციის   „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ და პროფესიონალ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით, ქუთაისში მოღვაწე მხატვარი ქალბატონების ნამუშევრები გამოიფინა. გალერიის დარბაზს ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებთან ერთად, მრავლად ამშვენებდა კერამიკა, თექა, ნაქარგები, სხვადასხვა დიზაინით შერჩეული კაბები და აქსესუარები. საკმაოდ მრავალრიცხოვანი საზოგადოება დიდი ინტერესით ათვალიერებდა გამოფენას, სადაც განსაკუთრებულად გამოირჩეოდა დავით კაკაბაძის პრემიის ლაურეატის, პროფესორ თამარ (ბაილა) ჭეიშვილის, ნატალია და ქეთევან მიქავების, მაია სინაურიძის, ქრისტინე ქაჯაიას, ქრისტინე რობაქიძისა და სხვათა ნამუშევრები.

დამთვალიერებელთა შორის მრავლად იყვნენ ხელოვანი მამაკაცებიც, რომელთაც მაღალი შეფასება მისცეს პროფესიონალ თუ თვითნასწავლ ქალბატონთა შემოქმედებას.

ვიტალი კაპანაძე, მხატვარი, დავით კაკაბაძის პრემიის ლაურეატი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი: „მშვენიერია! სხვათაშორის, ქალთა ჯგუფურ გამოფენებს 60-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი ელენე ახვლედიანმა. ის დიდი შემოქმედი იყო და ქალთა ჯგუფური გამოფენები სწორედ მან დაიწყო. დღეს აქ გამოფენილია როგორც ახალგაზრდების, ასევე შუა  და უფროსი თაობის ნამუშევრები, ძალიან კარგია, რომ ჩვენს ქალაქში მოეწყო ასეთი გამოფენა.“

ექსპოზიცია თემატური მრავალფეროვნებითაც გამოირჩეოდა და საშემსრულებლო ოსტატობის ნაირგვარობითაც.

ცირა შალაშვილი, პოეტი და ჟურნალისტი: „ძალიან კარგი გამოფენაა, ნაწილობრივ, ზოგიერთ ნამუშევარს ვიცნობდი. რამდენიმემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, განსაკუთრებით - მაია სინაურიძის კერამიკულმა ნამუშევრებმა, რომლებზეც მეტყველი სახეებია გამოსახული. მაია აღმოჩენაა ჩემთვის. გარკვეული პერიოდის წინ მისი პერსონალური გამოფენა იყო „ვარლაში“, ეს ნამუშევრები მაშინ ძალიან ბევრი იყო ერთად და არ იკითხებოდა. ვფიქრობ, დღესაც აქ ნაკლებად იკითხება, მას თავისი ფონი უნდა.“

ქრისტინე რობაქიძე, გამოფენის მონაწილე: „დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა ამ გამოფენაში, ხუთი ნამუშევარი მაქვს წარმოდგენილი. აქ რამდენიმე მხატვარი მომწონს, რამდენიმე - ნაკლებად, ეს ბუნებრივიცაა.“

ქრისტინე ქაჯაია, ღვაწლმოსილი პედაგოგი და თვითნასწავლი მხატვარი: „არიან მხატვარი ქალები, ვისაც არ შეუძლია საკუთარი კომპოზიციების შექმნა და მოქარგვა, მე კი თვითონვე ვხატავ და მერე ქსოვილზე გადამაქვს ჩემი ნააზრევი, ყველა ჩემი ნაქარგი ასეა შექმნილი. შედეგი თავად ნახეთ.“

ორგანიზატორებმა სამახსოვრო სიგელები გადასცეს გამოფენის წარმატებულ მონაწილეებს.

„საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაციის იმერეთის რეგიონალური განყოფილების ქალბატონების მხარდაჭერით შედგა ეს საღამო. დღეს ქუთაისელ შემოქმედ ქალბატონთა ნამუშევრები გამოიფინა, მონაწილეობენ არა მარტო პროფესიონალი მხატვრები, ასევე მოყვარულებიც. გამოფენა, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენი ასოციაციის ეგიდით ასეთი ღონისძიება ქუთაისში პირველად ჩატარდა,“ - ჩვენთან საუბრისას აღნიშნა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტმა ვენერა კუჭუხიძემ.

პოეტმა ჯანიკო გაბუნიამ მამაკაცებს ლექსით მოგვმართა: „რაც სიცოცხლით სილამაზე ანთია, სულ ქალია, სულ ქალია, იცოდე, და ვით ქალი სანთელივით იწვება, სიყვარულით ისე უნდა იწვოდეთ!“ ამ სტრიქონებმა გამოფენაზე შეკრებილი საზოგადოება კიდევ უფრო გაახალისა.

საზოგადოება კმაყოფილებით ათვალიერებდა ქუთაისელი ქალბატონების ნახატებსა თუ ხელნაკეთ ნივთებს, კმაყოფილებას არ მალავდა იმის გამო, რომ კიდევ ერთი ახალი ფურცელი შეემატა დავით კაკაბაძის გალერიის მრავალფეროვან ისტორიას. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2091
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია