დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტუდენტების საკურსო ფილმის თემა ქუთაისია
2012/07/02 12:43:00

ამ დღეებში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეარტისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩამოვიდნენ. ბაქარ ჩერქეზიშვილი, ეკა კუხიანიძე, ელენე ხუნწარია, ნინო მესხიშვილი, გიორგი გოგინაშვილი და ანი ლობჟანიძე - ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც ქუთაისისადმი თავიანთი ხედვა და დამოკიდებულება ერთ ფილმად უნდა შეკრან. ჩვენ ბაქარსა და ეკას ვესაუბრეთ, რათა დეტალურად მოეყოლათ ამ გადაღებების შესახებ:

 

- პირველ რიგში მოგვიყევით, როგორ გაჩნდა იდეა, გადაგეღოთ ფილმი ქუთაისზე?

ეკა: თეატრალურში ტელე-სარეჟისოროზე ვსწავლობთ. დაგვავალეს ქუთაისის პორტრეტის გადაღება, ჩვენ ავირჩიეთ სხვადასხვა თემა, მაგალითად, ბაქარმა - ბულვარი, მე - ქალაქში არსებული ისტორიული ხიდები და ასე შემდეგ.

ბაქარი: ყველას ცალ-ცალკე, დამოუკიდებელი ნამუშევარი გვექნება, მაგრამ მთლიანობაში შეიკრება და იქნება ექვსი რეჟისორის ერთი ფილმი, ექვსი პატარ-პატარა ჩანახატის ერთობლიობა. საერთო ჯამში, გაყოფილები ვართ: ნაწილი იღებს ქალაქის ძველ უბნებს, ნაწილი - გელათს, მოწამეთას, თოჯინების თეატრს და ასე შემდეგ, ანუ ჩვეულებრივ ქალაქურ ყოფით ცხოვრებას. თქვენს რედაქტორთან, ქალბატონ ნანულისთან გავიარეთ კონსულტაცია და ძალიან ბევრი საინტერესო რამ გვითხრა ბულვართან დაკავშირებით. ზოგმა ქუთაისელმაც არ იცის ეს ყველაფერი, ჩემს მეგობრებსაც ერთი ჩვეულებრივი სკვერი ეგონათ, როგორც თბილისში ყველა უბანშია.

- ფილმში, როგორც ვიცი, მსახიობები არ მონაწილეობენ...

ეკა: დიახ, ეს იქნება დოკუმენტური ფილმი. აქ მსახიობები არ იქნებიან, თუმცა დასაშვებია, იყოს ინტერვიუები.

ბაქარი: ინტერვიუებში სურვილი გვაქვს იყვნენ ცნობილი ქუთაისელები, როგორიცაა, მაგალითად, ბატონი რეზო ჭეიშვილი და ასე შემდეგ.

- როგორია თქვენი თვალით დანახული ქუთაისი?

ეკა: პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, არის სისუფთავე ქალაქში. მართლა არ ველოდი ამას. თბილისში თითქმის ყველგან ნაგავი ყრია, რაც მე, პირადად, ძალიან დიდ პრობლემად მიმაჩნია და ამიტომაც იყო, ალბათ ჩემთვის ყველაზე თვალშისაცემი. ძალიან ლამაზი ქალაქია და, მგონია, რომ უფრო ევროპულია, ვიდრე თბილისი, თუმცა თბილისი უფრო მრავალფეროვანია.

ბაქარი: ქუთაისი ჩემი დედულეთია. მახსოვს, ყოველთვის ჩამოვდიოდი, მაგრამ ახლა სულ სხვა თვალით ვხედავ ამ ქალაქს.

- როდის უნდა იყოს მზად ფილმი?

ეკა: ჯერ რეალურად ბევრი კადრი არ გვაქვს გადაღებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსამზადებელ პერიოდს, ასევე მნიშვნელოვანია მონტაჟი, რომელიც სექტემბერში უნდა დავიწყოთ.

ბაქარი: როგორც წესი, მონტაჟის დროს ოთხმოცი პროცენტი ყველაფერი იცვლება. ვნახოთ, გამოჩნდება, რა როგორ იქნება, ფილმის საბოლოო სახის მიღება მონტაჟზეა დამოკიდებული.

მომავალ რეჟისორებთან საუბრის შემდეგ, მათ ხელმძღვანელს, რეჟისორს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ბატონ სანდრო ვახტანგოვს ტელეფონით გავესაუბრეთ.

სანდრო ვახტანგოვი: ქუთაისი ჩვენი უსაყვარლესი ქალაქია. ამას წინათ გადაღებიდან გამოვიარეთ ქუთაისში, ბაქარის არაჩვეულებრივ ბებიასთან, რომელსაც ასევე არაჩვეულებრივი ბაღი აქვს, ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, სტუდენტებს გაეკეთებინათ ფილმი ქუთაისზე. ვნახოთ რას გააკეთებენ, შეზღუდვა არა აქვთ, მათ შეუძლიათ გადაიღონ როგორც ძველი, ასევე - ახალი ქუთაისი, მოკლედ ძალიან კარგ ნამუშევარს ველოდები მათგან.

გადაღებები რამდენიმე დღე გასტანს. შემოდგომაზე ექვსი დამწყები რეჟისორი ქუთაისზე გადაღებულ ფილმს წარადგენს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2223
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია