დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანა ჩერქეზიშვილის თეატრალური ცხოვრება ამერიკასა და ევროპაში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/16 01:34:34

 

 

31 წლის ქართველი გოგონა, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ანა ჩერქეზიშვილია.  ანა 1987 წელს საქართველოში დაიბადა. მან 2010 წელს  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დოკუმენტური კინოსა და აუდიო-ვიზუალური რეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა.


ანამ საქართველოში წარმატებით ითამაშა რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმში: „ისინი მოდიან“,  „ცოლის მოძღვარი “( Lead) ,  „დაიცავით თამარა“ ( მხატვრული),  „ბოლივუდის მოცეკვავე“ (მხატვრული).  2011 წელს კი, შემოქმედებითი მოღვაწეობის გასაგრძელებლად ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, გადავიდა და იმავე  წელს ნიუ-იორკის Dramatic  Advanture  Theatre-ს პროექტში მიიღო მონაწილეობა.


აღნიშნული თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი სკოლის მოსწავლეებთან  მუშაობს და მათ საქმიანობას საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს სამსახიობო, სარეჟისორო და სასცენარო ხელოვნების ნიუანსებს ასწავლის. 


დასი ხშირად მოგზაურობს ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და  აფრიკაში. ქართველმა შემოქმედმა, ანა ჩერქეზიშვილმა, Dramatic  Advanture  Theatre-ის დასთან ერთად, 2013 წლის ზაფხულში  სლოვაკეთის 5 სოფელში, ხოლო  2014-ის ზაფხულში  -  ეკვადორში იმოგზაურა.  6 მსახიობისა და ერთი რეჟისორისგან  შემდგარი შემოქმედებითი ჯგუფი სლოვაკეთსა და ეკვადორში სკოლის მოსწავლეებთან  მუშაობდა, მათ შორის, სლოვაკეთში - ძირითადად ბოშურ სკოლებთან მუშაობდნენ. ამ საქმიანობაში დასის წევრებს მათ აქტიურად ეხმარებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.


 

ანა ჩერქეზიშვილი, Dramatic  Advanture  Theatre-ის  დასთან ერთად, მოსწავლეებს ინტერაქტიურ სწავლებებს უტარებდა დილის 9 საათიდან დღის 3 საათამდე, მაგალითად: როგორ უნდა დაიწეროს პიესა, როლის თამაშის ტექნიკა, მაყურებელთან კონტაქტი და ა.შ .  მოსწავლეები აწყობდნენ თეატრალურ თამაშებს.  ამ სწავლების მიზანი იყო ის, რომ მოსწავლეებს  თავიანთი შესაძლებლობები მოესინჯათ და თავად დაედგათ სპექტაკლი. 

 

ბავშვები ძალიან აქტიურად  ჩაერთნენ ამ პროცესში და საკუთარი იდეებს დასის წევრებს აცნობდნენ. პროექტის დასასრულს, სლოვაკეთისა და ეკვადორის მოსწავლეებმა თავად დადგეს სპექტაკლები. წარმოდგენებს სკოლის  ხელმძღვანელები, მასწავლებლები, სხვადასხვა კლასების მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.  წარმოდგენაში მონაწილეობამ თითოეულ მოსწავლეს საკუთარი თავის თვითშეფასება  და მოტივაცია შემატა.  ისინი უფრო მეტად თავდაჯერებულები გახდნენ, რამაც შესაძლებლობა მისცათ, აუდიტორიის წინაშე თავისუფლად გამოსულიყვნენ. 


როგორც ანა ჩერქეზიშვილი ამბობს, წარმოდგენების მომზადების დროს მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოსწავლეებს  სკოლაში მიღებული ცოდნა და განათლება ხელოვნებაში, სპექტაკლების დადგმის დროს გამოეყენებინათ. 


ანას  თქმით, მან და მისმა დასმა ამ მოგზაურობის დროს ბევრი რამ თავადაც ისწავლეს: „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება დასის ყველა წევრისთვის, რადგან ვეცნობოდით  ადგილობრივ კულტურას, სოფლების და ქალაქების ცხოვრების წეს- ჩვეულებებს, ბავშვების ინტერესებს, განათლების სისტემას და ა.შ. ჩვენ ერთ-ერთ სოფელში მათ სახლის მშენებლობაშიც კი დავეხმარეთ“.

 

 

ანას ამერიკული მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფრაგმენტია ასევე ნიუ-იორკში დაფუძნებული თეატრი “Identity Theatre“. ეს არის თეატრი, სადაც შემოქმედებით პროცესში აქტიურად არიან ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანები. თეატრი მაყურებლის წინაშე წარადგენს სხვადასხვა პრობლემატურ, სოციალურ საკითხს და ხელს უწყობს საზოგადოებაში ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას. ასევე მნიშვნელოვანია თეატრის მისია, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ფართოდ ინტეგრაციას, რის გამოც “Identity Theatre“ -ს სპექტაკლები განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია სკოლებისთვის. თეატრი აქტიურად დგამს სპექტაკლებს სწორედ სკოლის მოსწავლეებისთვის.


The True Colours of Weedle (ვიდელის ნამდვილი ფერები ) –ასე ერქვა მუსიკალურ სპექტაკლს, რომელიც Identity Theatre–მა ნიუ-იორკში დადგა და მასში მონაწილეობა ქართველმა   მსახიობმა, ანა ჩერქეზიშვილმა მიიღო, რომელიც მთხრობელის როლს ასრულებდა.


„ეს იყო მიუზიკლი ბიჭზე Widdle Watkins ( ვიდელ ვატკინსი), რომელიც დაიბადა ფერების ისეთ ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ყველა მაცხოვრებელს თავისი გარკვეული ფერი ჰქონდა. ვიდელ ვატკინსი კი ფერის გარეშე დაიბადა, რის გამოც ის თანატოლებში არარაობად ითვლებოდა. ვიდელი მუდმივად საზოგადოებისაგან გარიყულად გრძნობდა თავს. ის ხშირად უსვამდა საკუთარ თავს კითხვებს, თუ რატომ დაიბადა ასეთი? და თუ რატომ  არის ის ასეთი განსხვავებული?


 ვიდელი გადაწყვეტს, რომ მიატოვოს ქალაქი და შური იძიოს მის მაცხოვრებლებზე. ის დაიწყებს მოგზაურობას და გადახდება უამრავი თავგადასავალი. მოგზაურობის დროს შეხვდება მის ტერემს, სამთავა არსებას, რომელიც ასევე გარიყულია საზოგადოებისგან. ვიდელი და მის ტერემი დამეგობრდებიან და ერთად დასახავენ შურისძიების გეგმას ფერების ქალაქზე. ისინი გააქრობენ ყველას ფერებს. შემდგომ  ვიდელი  ინანებს ამ საქციელს და დაიწყებს ტირილს. მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მის ცრემლებს ფერები აქვს, რაც მისთვის და გარშემო მყოფებისათვის გასაოცარი იქნება. საბოლოოდ, ყველას თავის ცხოვრება და ფერები უბრუნდება“ - გვიამბობს ანა.


არავისთვის უცხო არ არის, რომ სკოლებში ხშირია დამცირებისა და ჩაგვრის შემთხვევები იმ  ბავშვების მიმართ, რომლებიც განსხვავებულად მიიჩნევიან. ამ სპექტაკლის მიზანიც ის იყო, რომ ეს პრობლემა ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო, რათა საზოგადოებამ და სკოლამ ასეთ შემთხვევებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს და სათანადო ზომები მიიღოს ასეთი პრობლემების გადასაწყვეტად.


ანა ჩერქეზიშვილი, ნიჭიერი ქართველი გოგონა, კვლავ აგრძელებს თეატრალურ მოღვაწეობას ამერიკის შეერთებულ შტატებში. წარმატებები მას!


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2280
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია