დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს მისასვლელი გზის პრობლემა აქვს
2010/12/13 14:18:32

წყალტუბოს რაიონის სოფელი ჩუნეში იმითაა ცნობილი, რომ იგი ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, ნიკო ლორთქიფანიძის მშობლიური კერაა. 1984 წლიდან აქ მწერლის სახლ-მუზეუმი გაიხსნა, რომელიც 1991 წელს განახლდა.

მუზეუმში დაცულია ნიკო ლორთქიფანიძის ოჯახის ალბომი, მეგობრებისა და ქართველი პოეტების ფოტოსურათები, ასევე აქ ინახება მწერლის ნაწარმოებების ყველა გამოცემა. მემორიალური   ნივთები კი წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

რამდენადაა ჩართული მუზეუმი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თავად საზოგადოება რამდენადაა დაინტერესებული მუზეუმის არსებობით? ამაზე მუზეუმის გამგე ოთარ კაციტაძე გვესაუბრება.

- ბატონო ოთარ, რამდენადაა დაინტერესებული ახალგაზრდა თაობა მუზეუმით?

- სხვა წლებთან შედარებით გაცილებით ხშირად მოდიან. მომსვლელების ვიზიტი მარტო ექსკურსიით არ შემოიფარგლება, ტარდება ღია და საქალაქო გაკვეთილები, რომლებშიც ერთვებიან არა მარტო წყალტუბოს სკოლები, არამედ ქუთაისის საჯარო სკოლებიც. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ წინ გაკვეთილი ჩაატარა ქუთაისის მეოთხე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელისო ბაქრაძემ. წელს როგორც არასდროს, მასშტაბურად აღინიშნა მწერლის საიუბილეო თარიღი - დაბადებიდან 130 წელი. მთელი წყალტუბო 12 დღის განმავლობაში ცხოვრობდა ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებით

- საჭიროებს თუ არა მუზეუმი რეაბილიტაციას და რა არის საჭირო იმისათვის, რომ მუზეუმმა სრულყოფილად შეასრულოს თავისი ფუნქცია?

- სასურველია, მეტი სახსრები არსებობდეს მუზეუმის კეთილმოწყობისთვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალაქ წყალტუბოს საკრებულოს და გამგეობის ხელმძღვანელებმა მუზეუმის რეაბილიტაციისათვის გამოყვეს 1000 ლარი, რომლითაც შეკეთდა შენობის სახურავი, შეიცვალა და გამაგრდა აივნის საყრდენი ბოძები, უკანა აივნის იატაკი, შეიცვალა შემოსასვლელი ჭიშკარი, ასევე ელექტროენერგიის გაყვანილობა... მუზეუმის დათვალიერება ნებაყოფლობითია, თუმცა კარგი იქნებოდა. რესურსცენტრებმა ჩადონ ხელშეკრულებაში, შესაბამისი პროფილის მასწავლებლებთან, რომ მწერლის შემოქმედების გაცნობა-შესწავლა მოხდეს არა ზეპირად, არამედ იმ კედლებში, სადაც იქმნებოდა ეს ნაწარმოებები და სადაც ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა.

ასევე მისასალმებელი იქნებოდა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად ნიკო ლორთქიფანიძის  სახლ-მუზეუმის ჩართვაც იმ საექსკურსიო მარშრუტის ნუსხაში, რომელიც ყუმისთავის „პრომეთეს“ მღვიმის გახსნისას შედგება.

- მუზეუმს, წლებია, დიდ პრობლემას უქმნის მისასვლელი გზა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გზის შეკეთების პროექტი ჩაიდო „სოფლის დახმარების“ პროგრამაში...

- დიახ. წელს საგზაო სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდა: სოფლის გადასახვევიდან სკოლამდე მოხდა გზის ასფალტირება, სკოლიდან სოფლის ზედა უბნის მაღაზიამდე - გზის ე.წ.       „მოხრეშვა“, მაღაზიიდან მუზეუმამდე ორმოების შევსება ქვა-ღორღით. მომავალ წელს ასევე იგეგმება მთლიანად სოფლის გადასახვევიდან მუზეუმამდე გზის ასფალტირება...

პრობლემური გზის მიუხედავად, მუზეუმს მნახველები არ აკლია. ეს იმის მანიშნებელია, რომ სოფელს არამარტო სჭირდება გზა, არამედ აუცილებელიცაა. ნორმალური გადაადგილების საშუალება ექნებათ, გარდა იმისა, რომ ადგილობრივები იგრძნობენ შვებას, ექსკურსანტები კი უფრო კომფორტულად შეძლებენ მუზეუმში სტუმრობას. გზის რემონტი ასევე ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას, რაც ძალიან სჭირდება ნიკო ლორთქიფანიძის მშობლიურ სოფელს.

 

მარიეტა ჩანქსელიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია