დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ევას ვარსკვლავი
2009/12/21 12:28:06

პირველი ვარსკვლავი ქუთაისში ლადო მესხიშვილის თეატრის წინ აინთო 12 დეკემბერს, საღამოს 9-ზე. ვარსკვლავს სახელად დაარქვეს ევა, ევა ხუტუნაშვილი...

 

„ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია, აჟიტირებული ვარ, დიდი მადლობა ყველას კულტურის სამინისტროს, ქართველ მაყურებელს. ღმერთმა გაახაროს და აბედნიეროს ყველა, ვინც მცირე წვლილი შეიტანა ჩემი ვარსკვალავის გახსნაში“, - ეს სიტყვები მაშინ თქვა, როცა ჯერ კიდევ ფეიერვერკის წვიმა იყო და კიდევ - დამსახურებული და დაუღალავი ტაში და ოვაცია...

ვარსკვლავის გახსნამდე კი ქალბატონი ევა ძალიან გულახდილად წარსდგა მაყურებლის წინაშე, ერთი პასუხგაუცემელი კითხვაც კი არ დატოვა... ალბათ, ამიტომაც არ გაჩენილა ოდნავი ეჭვიც კი, რომ მესხიშვილის თეატრის ზღურბლთან სწორედ მისი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო პირველი.

ფრაგმენტები მისი ცხოვრებიდან: ლაგოდეხში დაიბადა, ბაისუბანში. სკოლა დაამთავრა, ოჯახიდან ჩუმად აიღო 50 მანეთი და თბილისში ჩავიდა, თეატრალური ინსტიტუტის საძებრად, ოცნებების ასახდენად...

ეგონა, ყველაფერი იოლად იქნებოდა, დაამთავრებდა თეატრალურ ინსტიტუტს, მივიდოდა თეატრში და მისით დაიწყებოდა ახალი ეპოქა...

იოლად არც არაფერი მოსულა. ერთხელ რიცხავდნენ კიდეც, ეტიუდებს ვერ აკეთებო... მისი დებიუტი ქუთაისის სცენაზე შედგა, სადიპლომო ნაშრომს აკეთებდნენ ის და მისი თანაკურსელები.

მერე აღმოჩნდა, რომ ქუთაისი იყო მისი ბედისწერა... ქალაქი, რომელთანაც მანამ არაფერი აკავშირებდა. რას იფიქრებდა, თუ წლები გავიდოდა და ქუთაისის მკვიდრი გახდებოდა სამუდამოდ...

ეს ის ქალაქია, სადაც ყველა ყველას იცნობს, ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცის. ევა ხუტუნაშვილი თავისი შემოქმედებით, თავის ცხოვრებით გახდა ქუთაისელი და ქუთაისსაც აღარ დაუტოვა მეტი გზა.

სულ ხანშიშესულებს თამაშობს: თავიდანვე, 26 წლის ასაკში, ბებიის როლი განასახიერა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“, ზურიკელა მასზე ოთხი წლით უფროსი იყო...

რატომ თამაშობდა სულ ხანშიშესულებს? პასუხი ამ კითხვაზეც აქვს: „რა ვქნა, ასეთი გარეგნობა მაქვს... ცოდვა გამხელილი სჯობს და, ადრე გამხადეს ბებია, ამიტომაც, ინტუიციით ვაკეთებდი ყველაფერს.“ თუმცა, დედოფლების როლებიც ჰქონია და ლამაზი ქალებიც უთამაშია...

მისი როლები კი მის ცხოვრებას წინასწარმეტყველებდნენ.

პარტნიორებში სულ უმართლებდა, ამიტომაც მადლობა არ დაუშურებია მათთვის. განსაკუთრებული მადლიერება ანზორ ხერხაძისა და ერემო სვანაძის მიმართ გამოხატა და თავი დახარა მათ წინაშე.

რეჟისორებშიც უმართლებდა... ავთო ვარსიმაშვილი კი, მაინც, ერთად-ერთი რეჟისორია, ოცნება რომ აუხდინა და თბილისში ათამაშა...

ქალბატონი ევა ყოველ შაბათს ჩადის თბილისში, თავისუფალ თეატრში,  სპექტაკლში „ნაციონალური შოკი - ძმები“ რომ  ითამაშოს.

„ეს გმირობაა,“ - ასე აფასებს თავად სპექტაკლის რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი.

მესხიშვილის თეატრში 100-ზე მეტი როლი აქვს ნათამაშევი. თეატრში მოღვაწეობის პარალელურად გადაღებულია ფილმებში: „რეკორდი“- (ცუცა), „ბათა ქექია“ (სალომე),             „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (ასმათ იაშვილი), „სოფლის აშიკი“, „აქედანა და შენამდე“, „მეცამეტე გოჭი“, სატელევიზიო სპექტაკლებში: „სოფლის აშიკი“, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „ქამუშაძის გაჭირვება“.

ქალბატონი ევა საქართველოს დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერია.

იყო დრო - თეატრი მიატოვა...

„მიმატოვებინეს. თქვენ არ იცით, რა იყო ის ხუთი წელი ჩემთვის! ყოველდღე ვდგებოდი და სახლიდან გავდიოდი, თითქოს თეატრში მეჩქარებოდა...“

გულახდილი საღამო იყო და ამიტომაც არ დაუმალავს, რომ ამბიციურია, რომ მძიმე ხასიათი აქვს, დასის შეკრებაზე ცალკე ზის... მაგრამ მსახიობისთვის ხომ მთავარი სხვაა...

თვისება, რომლის გამოც არასდროს მოჰკლებია მაყურებლის საყვარული... სცენაზე ან გადასაღებ მოედანზე არაფერს იტოვებს სათავისოდ, არაფერი არსებობს მისთვის არც პირადი, არც ყოფითი. იმიტომ კი არა, რომ განსხვავებულია, უბრალოდ, სხვანაირად არ შეუძლია...

ალბათ, ამიტომაც ერგო პირველი ვარსკვლავი მას ქუთაისში...

„ეს არის ისტორიული ფაქტი“, - თქვა თეატრის მმართველმა გიორგი სიხარულიძემ.

მარტო ქუთაისის თეატრი არ ზეიმობდა ამ დღეს, სტუმრებიც იყვნენ: თბილისიდან, თელავიდან, ახალციხიდან...

როგორ მოუვლიან ვარსკვლავს ხვალ, ამას ხვალინდელი დღე იტყვის, 12 დეკემბერი კი ისტორიული იყო, თუნდაც იმიტომ, რომ კულტურის სამინისტრომ, დედაქალაქის გარდა, სხვა ქალაქებშიც დაიწყო ვარსკვლავების     „აღმოჩენა“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2789
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია