დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღია ბარათი 75 წლის ოთარ ქანდარიას
2012/12/12 14:44:46

ჭეშმარიტი მხატვრის მუზა არასოდეს უბერდება მშობლიურ ქალაქს. აბა, როგორი წარმოსადგენია, ფანქარი და ფუნჯი გაუცვდეს, ხაზები და ფერები შემოეცრიცოს თეთრ ხიდთან თუ თეთრ ქვებთან, ბაგრატის შემოგარენთან თუ ოქროს ჩარდახთან ბავშვობიდან თანშეზრდილ ხელოვანს!

მრავალი წელია, რაც მხატვარ-გრაფიკოსი ოთარ ქანდარია თავის საქართველოს და თავის ქუთაისს ხატავს. ხატავს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით, საკუთარი შეგრძნებითა და ფილოსოფიით. მის თითოეულ ნახატს უმალ გამოარჩევ სხვათა შემოქმედებისაგან, რადგან უაღრესად პოეტურია, თვითმყოფადი და ღრმად ეროვნული.

გამოფენებზე ძუნწად გამოტანილი, ძველი სახელოსნოს კედლებსა და კუთხეებში მიყუჩებული ეს დიდი საგანძური კი მომავლის კარის გაჭრიალებას ელოდება, რათა ახალმა თაობებმაც შეიგრძნონ არაორდინარული გრაფიკით გადმოცემული საოცარი სიყვარული და თაყვანისცემა მამულის, ადამიანების, მშობლიური ბუნების, ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობებისადმი.

თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მეტისმეტად უშურველია! რა არ უძღვნა მან თავისი შემოქმედების დამფასებელს: პოეტურ კომპოზიციებში ჩატეული მშობლიური ტკივილი და სიხარული, ვაზის პწკალებად მოხვეული გა-
საოცარი ორნამენტები, ქარში გაფრენილი მერნები, მზებორჯღალში მოციაგე ქართული სული...

სამაგიეროდ, რიონის ორსავ ნაპირზე გაშლილ უხნეს ქალაქში ვინ არ იცნობს და ვის არ უყვარს იგი: ქუთაისის საპატიო მოქალაქე, რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი, უკეთილშობილესი და უთავმდაბლესი ადამიანი - უბრალოდ, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქუთაისელი ოთარ ქან-
დარია!

8 დეკემბერს 75-ე ქრისტეშობისთვე მოუბრძანდა კართან.

ეს ასაკი არაფერს ნიშნავს, ჩვენო „სიმონიჩ“, ჩვენო საყვარელო ადამიანო, ჩვენი ქალაქის უბერებელო მხატვარო! „ჭირხლის“ ვერცხლისფერიც ხომ ფერია და მერე - როგორი სათუთი, საინტერესო... ახლა ეს ფერიც უნდა დაამატოთ თქვენს მშვენიერ პალიტრას, კიდევ ბევრი, ბევრი საქუთაისო ნამუშევარი უნდა მოგვიქარგოთ ჩვეული ოსტატობით. კიდევ ბევრი სითბო და სიხარული გვჭირდება თქვენი შემოქმედებისაგან.

ჩვეული სიყვარულით უნდა დაუყ-ვეთ ქუთაისის ქუჩებს. აჰა, თქვენ - მშობლიური  ქალაქის  მწვანე  უბნები  და, აჰა, მშობლიური ცაც -  თქვენი
„უმთავრესი შედევრის“, ლიზიკოს თვალების ფერი! თქვენი მუზა - ქუთაისი გელოდებათ კიდევ მრავალი წლის გადასახედიდან!

გილოცავთ გვიანი შემოდგომის ფერებს, ჩვენო მხატვარო!

 

სიყვარულით და პატივისცემით - გაზეთ „P.S.“-ის რედაქცია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია